გია გეგუჩაძემ ქუთაისში "ტორპედოს" აჯობა

AutoSharing Option
24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიოანტის უმაღლესი ლიგის XIII ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება ქუთაისში გაიმართა, სადაც "ტორპედომ" "ზესტაფონი" მიიღო. სხვასთან ერთად, "იმერული დერბის" ინტრიგა ქუთაისში მეტოქე გუნდის თავკაცის რანგში გია გეგუჩაძის ჩასვლაც იყო, რომელიც მანამდე სწორედ "ტორპედოს" წვრთნიდა.

შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ავთო ენდელაძემ გაიტანა.

* * *
მარტვილის "მერანმა", რომელიც საშინაო მატჩებს სამტრედიაში მართავს, ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ალექსანდრე კოშკაძემ ანაგარიში 37-ე წუთზე გახსნა, 50-ეზე კი დუბლი მიითვალა.
მარტვილელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს - 65-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა.

* * *
რუსთავის "მეტალურგმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ფრეს გამორჩა - 1:1.

სტუმრებმა დაწინაურებმა უკვე მეხუთე წუთზე, ბესიკ დეკანოიძის გოლით შეძლეს. რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება და ქულის გადარჩენა დენის დობროვილსკის (57) გოლით მოახერხეს.

* * *
გორის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის "სიონმა" ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 სძლია.

ანგარიში ალექსანდრე გოგობერიშვილმა გახსნა (18). ათიოდე წუთში გიორგი თექთურმანიძემ გაათანაბრა, ლაშა ჩაფიძემ (68) კი ცხინვალელები წინ გაიყვანა, თუმცა დროებით. 83-ე წუთზე ჯერ გიორგი კახელიშვილმა გაათანაბრა, შემდეგ კი ზვიად ლობჟანიძემ (85) ბოლნისელებს გამარჯვება მოუტანა.

* * *
ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო "ზუგდიდი", რომელმაც ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელიას თავკაცობით პირველი მატჩი "ვიტ ჯორჯიასთან" გამართა. "მცხეთა პარკზე" გოლი ბოლო წუთამდე არ გასულა, 90-ეზე კი მასპინძლებს გამარჯვება ლევან კუხალეიშვილმა მოუტანა.

* * *
ტურის კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამო" გორის "დილას" უმასპინძლებს, მოგვიანებით გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული