ტორპედო-ზესტაფონი 0:1 - გია გეგუჩაძე ქუთაისში მოგებით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
გია გეგუჩაძე, რომელიც წინა ორი სეზონის განმავლობაში "ტორპედოს" თავკაცობდა, ქუთაისში მოგებით დაბრუნდა. მისმა გაწვრთნილმა "ზესტაფონმა" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე, მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა და ზედა ექვსეულს მიუახლოვდა.

ჟერარდ სარაგოსას გუნდმა კი კარგი სტარტის შემდეგ პოზიციები დათმო, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და ახლა ლიდერობისთვის კი არა, პირველ ექვსეულში ადგილის დასამკვიდრებლად აქვს საბრძოლველი.

იმერულ დერბის გუნდები დანაკლისით შეხვდნენ. მასპინძლებს არ ჰყავდათ დისკვალიფიცირებული გიორგი კუხიანიძე, ხოლო სტუმრებს ტრავმების გამო ირაკლი ქობალია და ლევან კუტალია გამოაკლდნენ.

მატჩის დაწყებისთანავე, ზესტაფონელმა გულშემატკივრებმა ათიოდე დღის წინ კლუბიდან წასული
პრეზიდენტის, ილია კოკაიას მხარდამჭერი ბანერი გამოკიდეს წარწერით - "ბატონო ილია, დაბრუნდით"!

Sportall.Geშეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. გუნდები ბურთზე კონტროლის მოპოვებას შეეცადნენ და ხისტ ორთაბრძოლებსაც არ ერიდებოდნენ. მცირეოდენ უპირატესობას ზესტაფონელები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო შეტევებამდე საქმე არ მიდიოდა.

სამაგიეროდ, ძალზე მწვავე იერიში განახორციელეს ქუთაისელებმა - ჯიქიას გადაცემის შემდეგ საბანაძემ მცველებს აჯობა და ახლო მანძილიდან შემობრუნებით დაარტყა, თუმცა საიმედოდ გაისარჯა მეკარე როინ კვასხვაძე, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ცოტა ხანში საბანაძეს კვლავ მიეცა ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ კარგ პოზიციაში მყოფმა ფირცხალავას ჩაწოდებულ ბურთს თავი ვერ შეაგება.

მომდევნო 20 წუთის განმავლობაში ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა, გუნდები თამაშის გამწვავებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ...

პირველი ნახევრის ბოლო ხუთმა წუთმა ორმხრივ შეტევებში ჩაიარა. ჯერ ქუთათურებმა შექმნეს რეალური საგოლე მომენტი - გაბაძის ფლანგურ გადაცემას მცველების გარემოცვაში მყოფი საბანაძე ვარდნაში თავურით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა.

მალე ფირცხალავას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა - მან თითქმის პენალტის ნიშნულთან მიიღო ბურთი. სივრცე საკმარისი ჰქონდა და კარში რომ დაერტყა, დიდი ალბათობით, გოლიც იქნებოდა, მაგრამ... დააყოვნა და მცველებს მდგომარეობის განმუხტვის საშუალება მისცა.

გამოუყენებელი მომენტების გამო სარაგოსას გუნდი კინაღამ პირველივე ტაიმში დაისაჯა - ბოლო წუთზე "ზესტაფონმა" ორი ერთმანეთზე უკეთესი მომენტი შექმნა და რომ არა მეკარე ქვილითაიას ბრწყინვალე თამაში, სტუმარი შესვენებაზე დაწინაურებული გავიდოდა.

ქვილითაიამ ჯერ ჭანკოტაძის ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია, ხოლო შემდეგ მასთან პირისპირ გასულ ლომიას არ გაატანინა.

მეორე ტაიმი გუნდებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და ქუთაისელთა პირველივე შეტევა კინაღამ გოლით დაგვირგვინდა - გიგაურის ჩაწოდების შემდეგ ხიდეშელმა თავით გადააწოდა ჭელიძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში თავური დაარტყა, მაგრამ კვასხვაძე კვლავ საიმედოდ გაისარჯა.

მომდევნო ათმა წუთმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, შემდეგ კი უპირატესობა ზესტაფონელთა მხარეს გადავიდა. ზემოიმერლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ძალიან კარგად თამაშობდნენ ჭანკოტაძე, ლომია და ავთო ენდელაძე.

სწორედ მათ აქტიურობას მოჰყვა გოლი "ტორპედოს" კარში, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი - ლომიას დარტყმის შემდეგ ქუთაისელმა მცველებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს, რითიც კარგად ისარგებლა ენდელაძემ და "ტორპედო" ახლო მანძილიდან დაამწუხრა.

გოლმა მასპინძლები კიდევ უფრო დააბნია. ტორპედოელებმა შეცდომებს მოუხშირეს და გეგუჩაძის შეგირდებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა - ლომიამ მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან კარში თავით დაარტყა, მაგრამ ქვილითაიამ სასწაული ბურთი მოიგერია.

ცოტა ხანში თორნიკე გრიგალაშვილი ურტყამდა შორიდან სახიფათოდ და ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. თანდათან ქუთათურებიც გამოერკვნენ შოკიდან და ანგარიშის გასათანაბრებლად დაირაზმნენ, მაგრამ, თუ კუთხურის შემდეგ ჭელიძის არაზუსტ თავურს არ ჩავთვლით, მეტი რეალური მომენტი ვერ შექმნეს.

ზესტაფონელებს საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ ჰქონდათ გადაკეტილი, თავად კი სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ უპირატესობის გაზრდას. საიმედოდ თამაშობდნენ თედორე და თორნიკე გრიგალაშვილები, რენე ფერეირა და აჯურუ, რომლებიც ქუთაისელ შემტევებს გასაქანს არ აძლევდნენ.

სარაგოსამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით შეცვლებს მიმართა და შეტევა კაპანაძითა და ფანცულაიათი გააძლიერა. ქუთათურებმა ბოლო წუთები შეტევებში გაატარეს, მაგრამ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ ზესტაფონელებმა გეგუჩაძეს ოვაციები მოუწყვეს, ქუთაისელი ქომაგი კი გუნდის თამაშით უკმაყოფილებას ვერ ფარავდა. სხვათა შორის, ისინიც "გეგუჩაძეს" სკანდირებდნენ, ოღონდ ასე - "დაგვიბრუნდი, გეგუჩაძე"!

მატჩის შემდეგ
ჟერარდ სარაგოსა ("ტორპედოს" მწვრთნელი):
"ტორპედოს" ცუდად არ უთამაშია, ბიჭებმა ბოლო წუთებამდე იბრძოლეს...

წაგებას ცუდ ფიზიკურ მომზადებას ვერ დავაბრალებ, ჩვენს ფეხბურთელებს უფრო მენტალური პრობლემა აქვთ - ზედიზედ რამდენიმე მარცხმა ისინი ფსიქოლოგიურად დათრგუნა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში, გოლამდე, ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმა უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარად გადაწყვიტა და ზესტაფონელთა შეტევას ჩვენს კარში გოლი მოჰყვა...

ვეცდებით, მდგომარეობა მომდევნო ტურებში გამოვასწოროთ".


გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მწვრთნელი):
"ფეხბურთელებმა გაითავისეს, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, ზედა ექვსეულში მოსახვედრად ქულების დაგროვებაა საჭირო და ყველა მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

ამ ეტაპზე თამაშის ხარისხი მისაღებია. მთავარია, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ ზესტაფონს, ავთო ენდელაძეს ვუსურვებ ბევრი გოლის გატანას
dato
16:26 25-11-2013
0
სიმართლე არ დაიმალება.საწყალო ვითომ ფეხბურთის მცოდნე ქართული გუნდების პრეზიდენტებო.ტორპედოსა და საერთოდ ქართულ ფეხბურთს კიდევ უარესი უნდა დაემართოს თვალები რომ გავახილოთ.
vep1963
14:35 25-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული