ოღონდ ამ შაბათს ისეთი კლიმატური პირობები იყო საქართველოში, ჰაერის დაბალ ტემპერატურაზე სასაყვედურო არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ზამთრის პაუზამდე კიდევ... ხუთი ტურია დარჩენილი და იმედი დავიტოვოთ, რომ ამინდიც "დაინდობს" ჩვენს მწვრთნელ-ფეხბურთელებსა თუ მცირერიცხოვან გულშემატკივრებს.
ახლა კი გასული ტურის მეტ-ნაკლებად გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გავიხსენოთ.
უკვე არასასურველია...
ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში თბილისის "დინამოსათვის" ყველაზე სასურველი მეტოქე გორის "დილა"
თუმცა უკვე მესამე სეზონია, გორელთა გუნდი შინ თუ გარეთ ახერხებს "დინამოსათვის" ქულების წართმევას და ასე მოხდა ახლაც!
თანაც, ამ საყაიმო შედეგით შეწყდა კიდეც "დინამოს" უდანაკარგო საშინაო სერია: "დილასთან" მატჩამდე "დინამოს" ხომ ექვსიდან ექვსი მატჩი ჰქონდა მოგებული "დინამო-არენაზე".
სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატში "დინამომ" საშინაო მატჩი რომ ვერ მოიგო, ეს ამბავი ბოლოს რვა თვის წინათ მოხდა და დუშან უჰრინის გუნდის მეტოქე მაშინაც... "დილა" იყო! ისე, ამ ქულას გორელთათვის სხვა დატვირთვაც ჰქონდა: რამაზ სოღოლაშვილის დამოძღვრილ "დილას" ხომ ჯერ კიდევ არ აქვს განაღდებული ზედა ექვსეულში მოხვედრა.
მცველების ბენეფისი
ისევ ტურის ცენტრალურ მატჩს დავუბრუნდეთ, სადაც ორი გოლი ვიხილეთ და ორივე მცველებმა გაიტანეს.
დინამოელთა 22 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი თავის კარიერაში მართლაც გამორჩეულ სეზონს რომ ატარებს, უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ. გველესიანმა ამჯერადაც გაახარა "დინამოს" ქომაგები და ეფექტური თავური დარტყმით ამ სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა.
არანაკლებ ეფექტური იყო გველესიანის თანაამპლუელისა და ყოფილი თანაგუნდელის, ოთარ ხიზანეიშვილის გოლიც: 32 წლის მცველმა ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილ ხიზანეიშვილს საქართველოს ჩემპიონატში აქამდე არც ერთი გოლი არ ჰქონდა გატანილი...
დაბრუნება და ვარდნა
წინა სეზონის ბოლოსწინა ტურში, 2013 წლის 17 მაისს რომ ჩატარდა, ქუთაისის "ტორპედომ" ერთობ თვალსასეირო შეხვედრაში "დილას" 5:4 მოუგო.
"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი იმ დროს გია გეგუჩაძე გახლდათ, რომელიც ქუთაისში ექვსთვიანი პაუზის მერე დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად უკვე სხვა, თავის ძველ-ახალი გუნდის ("ზესტაფონი") თავკაცის რანგში.
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მშვენიერი დაბრუნება გამოვიდა: "ზესტაფონმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, ხოლო გეგუჩაძეს ქუთაისელი ქომაგები ტაშით შეეგებნენ.
ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი კი "ზესტაფონის" 19 წლის ნახევარმცველმა ავთო ენდელაძემ გაიტანა, რომელმაც ძირითადში დაბრუნება თავისი გუნდისათვის ესოდენ საჭირო და შედეგიანი დარტყმით აღნიშნა.
აი, "ტორპედოს" ვარდნა კი გრძელდება: ჟერარდ სარაგოსას ახალგაზრდულმა კრებულმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო; თანაც, მომდევნო ტურში ქუთაისელთა გუნდს სტუმრად უწევს თამაში უშუალო კონკურენტ "დილასთან".
მწვრთნელიც, დირექტორიც...
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლადო ბურდულმა აქტიური საფეხბურთო კარიერა ორიოდე წლის წინათ დაასრულა. გასული სეზონიდან კი "სიონის" დირექტორად მუშაობს, თუმცა არა მხოლოდ დირექტორად: უკვე სამი ტურია, ბოლნისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახლავთ და შედეგიც სახეზეა!
ჰო, ერთი თვის წინ "სიონს" ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ლადო ბურდულის თავკაცობით, ბოლნისელებმა სტუმრად "ზესტაფონთან" ფრედ ითამაშეს, ასევე, გასვლაზე "დილას" მოუგეს და ახლა კი, კვლავაც გორში რომ უმასპინძლეს (!) "სპარტაკს", უმძიმეს ბრძოლაში მორიგი სამი ქულაც მოიპოვეს!
ჰოდა, ამ წარმატებული სერიის "გამოძახილია" კიდეც ის ფაქტი, რომ "სიონს" მხოლოდ 3 ქულაღა აშორებს პირველ ექვსეულთან.
ეს უკვე კანონზომიერებაა!
ერთი ტური, ორიც, სამიც, ჰა, ოთხიც შეიძლება, რომ გუნდმა წარმატებით ჩაატაროს და მერე ვთქვათ ხოლმე, ყოველივე ეს სასიამოვნო მოულოდნელობააო; მაგრამ, როცა იგივე გუნდი 13 ტურის განმავლობაში აგრძელებს გაოცებას, ეს უკვე კანონზომიერებად უნდა მივიჩნიოთ!
ჰო, "გურიაზე" მოგახსენებთ: ზედიზედ მესამე გამარჯვება და ლანჩხუთელთა გუნდი მესამე ადგილამდე აღზევდა - აი, ამას კი, სეზონის დაწყების წინ, ალბათ, მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა.
შეჯიბრება გოლებში
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ტურის ცენტრალურ მატჩში გიორგი გველესიანმა და ოთარ ხიზანეიშვილმა ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს.
თუმცა, არანაკლებ კი არა, ბევრად უფრო შთამბეჭდავი გოლები იხილეს რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა: მშვენიერ ფორმაში მყოფმა 21 წლის ბესიკ დეკანოიძემ მატჩის დასაწყისში ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა; აი, მეორე ტაიმში კი "მეტალურგის" ყველაზე "სტაჟიანმა" ფეხბურთელმა, 28 წლის დენის დობროვოლსკიმ თითქმის მოედნის ცენტრიდან ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" ზუსტად გაგზავნა!
სხვადასხვა ფაქტი
გია გეგუჩაძისგან განსხვავებით, უიღბლო გამოდგა საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთი მწვრთნელის დაბრუნება: აწ უკვე გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზუგდიდმა" ბოლო წუთებზე გაუშვა გოლი და კვლავაც ბოლო საფეხურზე დარჩა.
"ვეტერინართაგან" ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი კი შეცვლაზე შემოსულმა 21 წლის ცენტრფორვარდმა ლევან კუხალეიშვილმა გაიტანა.
...მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა უმაღლეს ლიგაში გოლი თითქმის ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე გაიტანა.
გოგობერიშვილის მსგავსად, გამოცდილება არ დაეწუნება "გურიას" ნახევარმცველს, ალექსანდრე კოშკაძესაც: 31 წლის ფეხბურთელი ერთადერთი გახლდათ, გასულ ტურში "დუბლი" ვინც შეასრულა.
არადა, ახლო წარსულში კოშკაძეს ხშირად გაუტანია ერთ მატჩში "წყვილი გოლები", ოღონდ მაშინ თბილისის "დინამოში" თამაშობდა...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
დინამო-დილა 1:1 - მიღწევა და იმედგაცრუება [VIDEO]
ტორპედო-ზესტაფონი 0:1 - გია გეგუჩაძე ქუთაისში მოგებით დაბრუნდა [VIDEO]
მეტალურგი-ჩიხურა 1:1 - სუპერგოლი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში [VIDEO]
მერანი-გურია 1:2 - ღრმა კრისიზი და დიდი აღმასვლა [VIDEO]
სიონი-სპარტაკი 3:2 - კარგად დაცდილი გორი
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0 - გამარჯვება ბოლო წუთზე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"