სიონი-სპარტაკი 3:2 - კარგად დაცდილი გორი

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" ზედიზედ მეორედ მოიგო საქართველოს ჩემპიონატში და ორჯერვე - გორში. წინა ტურში მათ აქ ადგილობრივი "დილა" დაამარცხეს (2:0), ახლა კი, უკვე როგორც ნომინალურმა მასპინძლებმა, "სპარტაკსაც" მოუგეს.

პირველივე წუთებიდან საინტერესო თამაში გაჩაღდა, თუმცა შეხვედრის დებიუტმა ისე ჩაიარა, არც ერთ კართან რაიმე აღსანიშნავი არაფერი მომხდარა.

პირველი საგოლე შანსი ცხინვალელებს შეექმნათ - მეკარესთან პირისპირ გასულმა თექთურმანიძემ დარტყმა დააგვიანა და მცველებმა ბურთი ფეხიდან ააცალეს.

Sportall.Geსაპასუხო იერიშს ბოლნისელთა გოლი მოჰყვა - ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა ფოფხაძემ, ხაზიდან შემოატრიალა (ტრიბუნიდან ისე ჩანდა, თითქოს ბურთმა დატოვა მოედანი,
თუმცა "სპარტაკის" ფეხბურთელების პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია) და საჯარიმოს მისადგომებთან ჩააწოდა, სადაც ყველაზე ადრე გოგობერიშვილი გაჩნდა - ძლიერი დარტყმა და 1:0.

"სპარტაკი" არ გატყდა. კახა კაჭარავას შეგირდებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. ტრავმის გამო მოედნიდან გასული ფოფხაძე ცხადაიამ ჩაანაცვლა და ვიდრე მის ადგილს ცენტრიდან ფლანგზე შეწეული ქემოკლიძე დაიკავებდა, თექთურმანიძეს (ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორივე გუნდში) ვეღარავინ შეუშალა ხელი და ზუსტადაც დაარტყა - 1:1.

ორიოდ წუთში მან კარგად მოძებნა ფლანგზე ჭაფოძე, თუმცა "სპარტაკის" ფეხბურთელმა უზუსტოდ დაარტყა.

ცოტა ხანში ქემოკლიძემ მეტოქის კარიც აიღო, მაგრამ ამაში ხელიც დაიხმარა, რაც არბიტრს არ გამორჩენია და გოლი გააუქმა.

"სიონის" მწვრთნელმა ლადო ბურდულმა შეტევის გაძლიერება იქამდე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოთამაშე კახელიშვილის ფლანგზე გადაწევით, ხოლო მის ადგილას ლობჟანიძის გამწესებით სცადა.

ამ უკანასკნელს ტაიმის ბოლო წუთზე შესანიშნავი საგოლე მომენტი შეექმნა, თუმცა ვერ გაიტანა.

შესვენების შემდეგ სტუმართა გამოკვეთილ თავდამსხმელად შეცვლაზე შესული კოკა მიკუჩაძე ვიხილეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში სწორედ მიკუჩაძეს, მერე ისევ ლობჟანიძეს, ხოლო შემდეგ კახელიშვილს მართებდათ გატანა.

საერთოდ, მეორე ტაიმის დასაწყისიდან მოედანზე "სიონი" დომინირებდა, ხოლო "სპარტაკი" ძირითადად ზეწოლის განეიტრალებით იყო დაკავებული. ერთხანს ცხინვალელებს ძალიან გაუჭირდათ საკუთარი კარის დაცვა, მაგრამ როცა ყველა მათ კარში ელოდა გოლს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შეტევისას ლაშა ჩაფიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და "სპარტაკი" დააწინაურა.

ბოლნისელები თითქოს დაიბნენ. მართალია, ისინი უტევდნენ, სისწრაფეც ჰქონდათ, ოღონდ ეს იერიშები, გარკვეულწილად, ქაოტურ ხასიათს ატარებდა და შედეგიც არ ჩანდა.

"სიონის" მონდომებამ ნაყოფი მაინც გამოიღო. 83-ე წუთზე ნადირაძის კართან შექმნილი არეულობით კახელიშვილმა ისარგებლა და სტატუს-კვო აღადგინა - 2:2.

გავიდა სულ რაღაც ორი წუთი და წინ ისევ "სიონი" გაიჭრა - სამხარაძის ძლიერად დარტყმული ფეხზე მოხვდა ლობჟანიძეს და კარში შევარდა - 3:2.

დარჩენილმა დრომ ორივე მხრიდან თავქუდმოგლეჯილ იერიშებში ჩაიარა, მაგრამ გოლი აღარ გასულა. ამ გამარჯვებით "სიონს" კიდევ უფრო გაუძლიერდა პირველ ექვსეულში მოხვედრის იმედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული