ლანჩხუთის "გურიას" ლიკვიდაცია ემუქრება!

AutoSharing Option
მიუხედავად საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული თამაშისა, ლანჩხუთის "გურია" უმძიმეს ფინანსურ კრიზისშია.

29 ნოემბერს გვიან საღამოს "გურიას" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელები "სიონთან" უმაღლესი ლიგის XIV ტურის მატჩის სათამაშოდ არ გავლენ.

ისინი მადლობას უხდიან გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და ერთგული ქომაგობისთვის, თუმცა ამდენი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, იძულებულები არიან, ასეთი ნაბიჯი გადადგან (იხილეთ ვრცლად).

უმაღლეს ლიგაში გადასვლისა და გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის დაბრუნების შემდეგ, როგორც კლუბის მესვეურები აცხადებდნენ, სპონსორთა რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე თვეების წინ ამბობდა, რომ კლუბს პატრონი აუცილებლად
ეყოლებოდა და "გურია" მაჩანჩალა არ იქნებოდა.

ამ მოლოდინში რამდენიმე თვე გავიდა. რამდენიმე დღის წინათ ურუშაძემ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მას სპონსორს ჰპირდებოდა, თუმც "დღეს-ხვალეს" ძახილში თვეები გავიდა...

უკვე საქმე იქამდეც მივიდა, რომ კლუბი დამფუძნებელს დაუპირისპირდა. ამონარიდი "გურიის" პრესსამსახურის განცხადებიდან:

"რაიონის ბიუჯეტიდან "ლანჩხუთის გურიას" მიმდინარე გათამაშების პერიოდში მხოლოდ ერთხელ (ისიც გამგებლის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე) გამოეყო 85 000 ლარი (?!).

2014 წლის ბიუჯეტში პროექტის სახით წარვადგინეთ მოთხოვნა 1 700 000 ლარზე, თანხის ნაწილი უნდა მოხმარდეს ფეხბურთელთა, კლუბის თანამშრომელთა მიმდინარე წლის სახელფასო დავალიანების დაფარვას.

ადგილობრივი პრესის ფურცლებზე საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან კეთდება განცხადება, თითქოსდა, ამ თანხის გამოყოფის შემთხვევაში ბიუჯეტი ვერ დააფინანსებს საბავშვო ბაღებს.

მიგვაჩნია, რომ ეს თემით სპეკულირებაა და მეტი არაფერი. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გასულ ჩემპიონატში, როცა "გურია" პირველ ლიგაში გამოდიოდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბის დასაფინანსებლად გამოიყო 900 000 ლარი, ამას გარდა, ბანკიდან აღებულ იქნა 400 000 ლარის კრედიტი.

საქმე გვაქვს პარადოქსთან: თუ პირველ ლიგაში ჯამში დაიხარჯა 1 300 000 ლარი, უმაღლეს ლიგაში წარმატებით მოასპარეზე გუნდისთვის 1 700 000 ლარით დაფინანსებაზე უარს ამბობენ (ამ თანხაში გათვალისწინებულია კრედიტის დაფარვაც).

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთის გურია" წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს და მისი დაფინანსება სწორედ მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, რომელმაც ან უნდა შეინახოს, ანდა გამოაცხადოს მისი ლიკვიდაცია",
- ნათქვამია "გურიას" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი ბრალდებას არ იღებს და აცხადებს, რომ სუბორდინაცია დარღვეულია:

"ბუნებრივია, ამხელა თანხით კლუბის დაფინანსება ვერ მოხდება. საერთოდ, საინტერესოა, ვისი დაწერილია ეს ტექსტი. ამაზე საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა მექნება. ეს თანხა რომ გამოვყოთ ბიუჯეტიდან, გამოდის, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 14 ა(ა)იპ-ი უნდა გაჩერდეს და ყველანაირი სერვის-მომსახურება შეწყდეს.

განცხადებაში საუბარია, რომ ადრე კლუბისთვის 900 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ზუსტად ვარ ინფორმირებული, რომ ამხელა თანხა კლუბისთვის არ გამოყოფილა. აცხადებენ, რომ კლუბის დავალიანება ბანკების მიმართ არის 500 ათასი ლარი და რომ ეს თანხა ჩვენ მოგვეცით და გადავიხდითო. უკაცრავად, მაგრამ ეს თანხა კლუბისთვის პირდაპირ არავის მიუცია. თანხა კრედიტის სახით აიღო მუნიციპალიტეტმა და ის გადაიხდის.

პრესსამსახური უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოსავალი სულ 1.2 მილიონს შეადგენს. აქედან გამომდინარე, 1.7 მილიონის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრების დაცინვაა!

საერთოდ, თუ განხილვის პროცესში მდგარი საკითხის ასე გამომზეურება და დამფუძნებელზე შეტევა "გურიას" ხელმძღვანელობის პოზიციაა, ეს უკვე ცალკე თემაა, რადგან შესაძლო სპონსორზე ისინი 5 თვეა ლაპარაკობენ.

მათ აუცილებლად ვკითხავ, სად არის დაპირებული სპონსორი"?!


დაგვიკავშირდნენ "გურიას" ყოფილი დირექტორატის წევრები და პოზიციის დაფიქსირება გვთხოვეს:

"შეშფოთებულები ვართ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემის გამო. ასევე, ვწუხვართ, რომ კლუბის დღევანდელი ხელმძღვანელობა უკვე მერამდენედ ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოს, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ბიუჯეტიდან 1.3 მილიონი მიგვიღია.

გვსურს, გითხრათ, რომ ჩვენზე მეტი დაფინანსების მქონე კლუბები უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ და პირველი ლიგიდან აღზევებაც ვერ მოახერხეს. "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლა კი ბიუჯეტს დაუჯდა არა 1.3 მილიონი, არამედ ამის ნახევარი - 750 ათასი ლარი!!!

რაიონის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ ექვსეულში მოხვედრა და ხარჯთაღრიცხვაც წარვუდგინეთ - 500 ათასი ლარი, ამასთან, ვალდებულება ავიღეთ, რომ სამი თვის განმავლობაში ფეხბურთელებს დაფინანსების გარეშე გავაჩერებდით.

იყო სეზონები, როცა 6 თვე არ გვქონდა დაფინანსება, გასულ სეზონშიც სამთვიანი დავალიანება გვქონდა. ზაზა ურუშაძემ გვითხრა, რომ ბიუჯეტიდან თანხას ვერ გასცემდა. კლუბის ამჟამინდელმა დირექტორმა კობა მირზაშვილმა კი განაცხადა, რომ მოიყვანდა სპონსორს და რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო.

რადგან საქმე კერძო ინვესტორთან გვქონდა, ახალ ხელმძღვანელობას ყველა შტატი გავუთავისუფლეთ. მაშინ გამგებელმა აღნიშნა კიდეც - თუ "გურია" ისევ ბიუჯეტს უნდა დაეფინანსებინა, ჩვენი გათავისუფლება უმადურობა იქნებოდა და ამას არ გააკეთებდა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ სპონსორის თემა ჩვენს ჩასანაცვლებლად გამოიყენა, ამით შეცდომაში შეიყვანა ადგილობრივი ხელისუფლება და საბოლოოდ, კლუბი უფსკრულის პირას მივიდა.

იმედია, პრობლემა მოგვარდება და "გურიას" მომავალი ვიღაცების პირად ინტერესებს არ შეეწირება".


"გურიას" სპორტული დირექტორი თემურ ალექსაია "ლელოსთან" საუბარში ამბობს, რომ კლუბის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაუგებარია:

- ლანჩხუთის "გურია" მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირია და მისი დაფინანსება მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა. ორი ვარიანტია, კლუბი შეინახოს ან მასზე უარი თქვას და "გურიას" ლიკვიდაცია გამოაცხადონ.

იმედია, რომ საბოლოოდ, ყველაფერი კლუბის სასარგებლოდ გადაწყდება, რადგან ლანჩხუთელებისთვის "გურია" მხოლოდ ფეხბურთი არ არის. მისი არსებობა, გაძლიერება და წარმატება მთელი რეგიონისა და ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი.

- საკრებულო რა თანხაზეა თანახმა?
- დაახლოებით, 600 ათას ლარზეა თანახმა, მაგრამ ხომ იცით, უმაღლესი ლიგის გუნდს რა სახსრები ესაჭიროება. ეს ბიუჯეტი კი, შესაძლოა, ნახევარი სეზონიც არ გვეყოს. აქედან გამომდინარეა, მილიონზე მეტს რომ ვითხოვთ.

- დაახლოებით რამდენი?
- სავარაუდოდ, 1 ან 1.2 მილიონი ლარი.

- იქნებ მართლა არ აქვს რაიონს კლუბის შენახვის საშუალება? საერთოდ, რაიონის ბიუჯეტი რამდენია?
- ეს ახლა დადგინდება. ბევრი არაა, დაახლოებით, 4 მილიონს აღწევს. ჩვენც კარგად გვესმის, რომ ლანჩხუთის რაიონის შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ "გურიას" რა ვუყოთ, რომელიც ხალხის სიხარული და იმედია?

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ გასასტუმრებელი გვაქვს ბანკის ვალი - 400 ათასი ლარი. 600 ათასი თუ ჩაგვირიცხეს, გამოდის, რომ ვალის გასტუმრების შემდეგ გუნდისთვის წელიწადზე მხოლოდ 200 ათასი დარჩება.

სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, ვითარება შეიცვალოს. გვქონდა მოლაპარაკება, რაშიც ლანჩხუთის გამგებელია ჩართული. გაჩნდა იმედი, რომ შესაძლოა, თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან დარიცხონ, ხოლო 400-ათასიანი დავალიანება მუნიციპალიტეტმა დაფაროს, ან მისი გადახდა გადაგვივადონ.

- თქვენ სპონსორის მოზიდვის იმედი გქონდათ. ეს აღარ გამოდის?
- შესაძლო ინვესტორს ჯერ საბოლოო პასუხი არ უთქვამს. მაგრამ მას დეკემბრის დასაწყისში ველოდებით და იმედია, საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოეშვით ერთმანეთზე პრობლემების გადაბრალებას!!! არცერთი მხარეა ანგელოზები, თქვე უნამუსოებო!!!... თუ საქმის კეთებისთვის... ი არა გაქვთ, ხალხს გადაეცით გუნდი(ადგილობრივ მოსახლეობას), მე თბილისში მცხოვრები (გურული ფესვების) ერთერთი გულშემატკივარი ვარ ლანჩხუთის გურიის და საერთოდ ქართული ფეხბურთის, მე აქედან დავეხმარები გურულებს შეძლებისდაგვარად!!!
torino
12:49 30-11-2013
0
აუ სულ პული როგორ არა აქვთ,მაჩანჩალა გუნდები და ჩემპიონატი გვაქვს,რა განვიტარებაზეა ლაპარაკი სირცხვილიააააა
zaza
13:13 30-11-2013
0

სიახლეები პოპულარული