დილა-ტორპედო 3:0 - გორელთა ამბიცია იზრდება [VIDEO]

AutoSharing Option
მატჩის დებიუტიდან გამომდინარე, გორელების ასეთი ანგარიშით გამარჯვება ნაკლებად სავარაუდო იყო.

"დილა" თავიდანვე კი ფლობდა გარკვეულ უპირატესობას, მაგრამ მეტოქის კართან ხიფათის შექმნა (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში) უჭირდა.

სტუმრები ხისტად თამაშობდნენ, რისთვისაც საწყის შვიდ წუთში ორი ყვითელი ბარათი დაიმსახურეს...

"ტორპედოს" კართან პირველი ხელსაყრელი ეპიზოდი დოლიძემ შექმნა, როცა მის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული გოლკიპერმა გაჭირვებით მოიგერია.

საერთოდ, ამ მატჩში დოლიძისა და მისივე ფლანგზე დაცვიდან მოთამაშე ღონღაძის საკმაოდ კარგი თამაშიცაა გამოსარჩევი. ისინი გვარიანად აწუხებდნენ მოწინააღმდეგის დაცვას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
შესვენებამდე "დილა" ფლანგური ჩაწოდებებით ეძებდა ხეირს. მასპინძელთა
იერიშების წარმართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მაისურაძე და ბოლქვაძე. ერთადერთი, უჩვეულოდ ინერტული იყო მოდებაძე, ოღონდ მას მიკროტრავმა ჰქონდა და მწვრთნელმა მეორე ტაიმში აღარც შეუშვა მინდორზე.

Sportall.Geყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, როცა გორელებს მართებდათ, გაეტანათ, 37-ე წუთზე იყო - მოდებაძემ კარგად მოძებნა გორელიშვილი, მაგრამ ამან, თავის მხრივ, ცარიელი კარის წინ მყოფ დოლიძეს არ გადააწოდა და ვერც თავად დაარტყა რიგიანად.

მეორე ტაიმში რამაზ სოღოლაშვილმა მოედანზე შეუშვა ქვილითაია, რამაც "დილას" დამატებითი მუხტი შესძინა - მასპინძელთა იერიშები კიდევ უფრო გამწვავდა. ქუთაისელ მცველებს ქვილითაია ყურადღების ქვეშ კი ჰყავდათ, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელი მაინც ახერხებდა მარწუხებიდან თავის დაღწევას, ოღონდ დამაგვირგვინებელ დარტყმებს რატომღაც თავს არიდებდა და პასის გაკეთებას არჩევდა.

"დილას" სათამაშო უპირატესობა შედეგში პირველად გორელიშვილმა გარდასახა - შორეული ძლიერი დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო - 1:0.

იქვე, სოღოლაშვილმა ის დაასვენა და აღმოჩნდა, რომ ეს შეცვლაც გამოიცნო - შეცვლაზე შესული სადაღაშვილი მშვენივრად ჩაერთო თამაშში. ცოტა ხანში ის კარგად გამოეხმაურა დოლიძის ფლანგურ ჩაწოდებას და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. აქ კიდევ უფრო ცხადი გახდა გამარჯვებულის ვინაობა.

ბოლოსკენ გორელებმა შეტევებს უკლეს, თუმცა არც მეტოქისთვის დაუთმიათ თამაშის სადავეები.

"ტორპედო" ისევ უნიათოდ გამოიყურებოდა და ღირებულს ვერაფერს ქმნიდა. ეგ იყო, რომ მატჩის მიწურულს გიგაურის მიერ შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი გაჭირვებით შეიმაგრა რევიშვილმა და იქვე დამატებაზეც მოასწრო რეაგირება.

იქამდე კი სტუმრების კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ბოლქვაძემ შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა ქვილითაიას, რომელმაც ეფექტურად ჩამოიცილა მეურვე და მოგვარე მეკარე მესამედაც დაამწუხრა - 3:0.

"ტორპედოსთვის" ეს ზედიზედ მეხუთე მარცხია საქართველოს ჩემპიონატში, გორელებმა კი უკანასკნელ ორ ტურში მნიშვნელოვანი ქულები დააგროვეს, რაც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში მათ ამბიციას ზრდის.

მატჩის შემდეგ
ჟერარდ სარაგოსა (ტორპედო):
"დილამ" რამდენიმე თავით გვაჯობა ყველა კომპონენტში. ეს გუნდი მაღლა იდგა "ტორპედოზე" ტექნიკურ-ტაქტიკური თვალსაზრისით და დამსახურებულადაც მოიგო. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, განვაგრძოთ მუშაობა სამომავლოდ სასურველი შედეგის მისაღწევად".

რამაზ სოღოლაშვილი (დილა):
"მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, რთული თამაში გამოდგა, განსაკუთრებით - პირველი ტაიმი, თუმცა ჩვენმა ფეხბურთელებმა მეორე ნახევარში ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. ახლაც გამოჩნდა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა იმ ამოცანის შესასრულებლად, რაც წინასწარ დავგეგმეთ - მოვხვდეთ ექვსეულში და ვიბრძოლოთ საპრიზო ადგილისათვის".

ბომბარდირები

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 8
ჩისკო (დინამო, თბ) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 5
ვ. ისიანი (გურია) 5

XV ტური
4 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზესტაფონი-ჩიხურა
მეტალურგი-დილა
დინამო-გურია
სიონი-ზუგდიდი
მერანი-ვიტ ჯორჯია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ დილას, კარგად ითამაშა გუნდმა, გუნდი ჩვეულლ თამაშს უახლოვდება და იმედია ასე გააგრძელებენ, ქვილითაია მშვენივრად ჩაერთო, ასევე ბოლქვაძე და მაისურზე იყვნენ ძალიან კარეგები, ღონღაძესაც გამოვარჩევ, მოკლედ მთელი გუნდი კაერგი იყო და წარმატებებიიი
begura
21:54 02-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული