გურია-ტორპედო 2:0 - ნახეთ, კოშკაძის კუთხურიც გოლია! [VIDEO]

AutoSharing Option
ეს მატჩი წინა დღეს ქობულეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ "ჩელე არენაზე" თოვლის გაწმენდა ვერ მოხერხდა. ანალოგიური პრობლემა სამტრედიაშიც შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ ქუთათურები "მასპინძლებს" თოვლის გამწმენდი მანქანებით შეეშველნენ და გადათეთრებული "ეროსი მანჯგალაძე" თამაშისთვის მთლიანად "გაამწვანეს"...

ლანჩხუთელებს რომ არც უფულობა აბრკოლებთ და არც უვარჯიშებლობა, ადრეც არაერთხელ დამტკიცებულა; ახლა კი გაირკვა, რომ მათთვის არც ამინდს ჰქონია მნიშვნელობა. როგორი საქმეა? - სხვადასხვა მიზეზის გამო რომან პოკორას შეგირდებს ლამის ერთი თვეა, წესიერად არ უვარჯიშიათ, თუმცა მოყინულ მოედანზეც კი ბოლო წუთამდე ბრძოლას მაინც ახერხებენ.

არადა, მატჩის დასაწყისი
"ტორპედოს", თითქოს, ცუდს არაფერს უქადდა - ქუთათურები უფრო ლაღადაც აგორებდნენ ბურთს და პირველი ხიფათიც შექმნეს: მინდია ბობღიაშვილს კარი დროზე რომ არ დაეტოვებინა, სტუმრები ანგარიშს უკვე მე-5 წუთზე გახსნიდნენ.

Sportall.Geსაერთოდ, გურულები უფრო გამოცდილებისა და მაქსიმალური მონდომების ხარჯზე ცდილობენ ხოლმე უპირატესობის მოპოვებას, რაც ბევრჯერ გამოუვიდათ და ასე იყო ამჯერადაც: მე-8 წუთზე ალეკო შენგელიას ფლანგურ გარღვევას კუთხური მოჰყვა, რომელიც მისმა სეხნია კოშკაძემ პირდაპირ კარში "ჩაახვია" - ქუთათურთა გოლკიპერი მის ზურგს უკან ჩაშვებულ ბურთს თითებს თუ წაჰკრავდა - 1:0.

მალევე შენგელიას აქტიურობას (ასევე აღნიშვნის ღირსია იმავე ფლანგის მცველ არნო ჩუენსუს კარგი თამაში) კინაღამ მეორე გოლი მოჰყვა, როცა მასპინძელთა მარჯვენაფლანგელის დარტყმული მცველს მოხვდა და კარს ცოტათი ასცდა.

ამის მერე ერთხელ ბობღიაშვილმა ითამაშა საიმედოდ, მეორედ კი ჩიკვილაძის მიერ მეტად სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო ქვილითაიამ უხერხულად და არადამაჯერებლად მოიგერია, თუმცა ქუთათურები გადარჩნენ.

მალევე შანსი ჯერ შენგელიას, შემდეგ კი უკეთეს პოზიციაში მყოფ ისიანსაც მიეცა, მაგრამ ამით ვერც ერთმა ვერ იხეირა.
გაცილებით სახიფათო იყო 31-ე წუთზე ტორპედოელთა სწრაფი კონტრშეტევა - ჯიქიას უძლიერესი დარტყმა მცველმა თავის თავზე აიღო, მაგრამ სტუმრები მიიჩნევდნენ, რომ იობაშვილმა ხელით ითამაშა.

ჟერარდ სარაგოსა ამ ეპიზოდს ტაიმის ბოლომდე აპროტესტებდა, შესვენებისას კი მოედანზე შევიდა და იქ ითხოვდა არბიტრ ლევან კვარაცხელიასგან განმარტებებს, რომელმაც საერთო ჯამში, მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კაპიტან კოშკაძის ჩინებული თამაში - გამოცდილ მობურთალს ბოლო ტურებში აშკარად "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. ამჯერადაც ის იყო გურულთა ლამის ყველა შეტევის წამომწყები.

განსაკუთრებით სახიფათო ის "სტანდარტულების" შესრულებისას იყო. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და როცა იობაშვილი ამატებდა, თავისიანები გიგაურმა გადაარჩინა.

73-ე წუთზეც გურულთა კაპიტანმა საჯარიმო დარტყმა ისევ კარისკენ გაგზავნა. ბურთს თავი შენგელიამ გაჰკრა და... 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
თუმცა ამ ეპიზოდამდე ქუთათურებს მატჩის გადარჩენა შეეძლოთ - შეცვლაზე შესულმა მზევაშვილმა ათიოდ მეტრიდან თავურით ბურთი წინ გამოსულ ბობღიაშვილს "გადაუკიდა", მაგრამ "გურიას" მეკარემ შესაშური რეაქცია გამოავლინა და ბურთი სასწაულებრივად გადააგდო კუთხურზე.

იმავე მზევაშვილს ბოლო წამებზეც შეეძლო ამჯერად პრესტიჟის გოლის გატანა, მაგრამ მცველს გაცდენილი და მეკარესთან პირისპირ შეყრილი - კუთხისკენ წავიდა და მცველებმა ეპიზოდი განმუხტეს.

* * *
უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის გადადებული მატჩი "ჩიხურა"-"მერანი" "მცხეთა პარკზე" 11 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული