მარინა თორთლაძე: "გურიას" თამაშმა ისე მომხიბლა, ბიჭებს 10 000 ლარი ვაჩუქე

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიასთან" დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. აშკარაა, რომ კლუბის დღევანდელ ადმინისტრაციასა და რაიონის ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ღრმავდება.

მხარეები უკვე ღიად უყენებენ ერთმანეთს ბრალდებებს...

ათიოდე დღის წინათ კლუბმა დამფუძნებელს, ლანჩხუთის საკრებულოს "პენალტი დაურტყა" - "გურიას" დამფუძნებლები თქვენ ხართ და ან დააფინანსეთ კლუბი, ანდაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეთო. ამას ოფიციალური ლანჩხუთის პროტესტი მოჰყვა - კლუბის დირექტორ კობა მირზაშვილს სპონსორი უნდა მოეყვანა და ჩვენკენ ხელს ნუ იშვერთო.

"ბოლოს ნოემბრის თვეში მოითხოვეს 85 ათასი. დირექტორმა კი თქვა, 15 ნოემბერს სპონსორი ჩამოვა და თქვენი დახმარება აღარ დაგვჭირდებაო.
სად არის სპონსორი?" - კითხულობს საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი.

ამის საპასუხოდ, კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სპონსორთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა "ლელოსთან" საუბარში ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ კლუბის სპონსორობასთან დაკავშირებით მასთან არავინ მისულა.

რატომ არ იყო ჩართული ამ მოლაპარაკებაში დამფუძნებელი, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ხუთი თვეა, კლუბის დირექტორატი სპონსორზე საუბრობს.

"კლუბის ხელმძღვანელობამ ამ დრომდე არსებული ყველა საპრემიო დავალიანება გაუსტუმრა ფეხბურთელებს.

აქამდე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი არ იყო, თუ რა საშუალებებით და ვისი ფინანსური დახმარებით მოხერხდა პრემიალურების გასტუმრება. ამ ყველაფრის უკან დგას კლუბის დირექტორის, კობა მირზაშვილის და, ქალბატონი მარინა თორთლაძე, რომლის უშუალო თანადგომითა და ფინანსური დახმარების შედეგად დღეს გუნდი ლიდერთა შორისაა.

უნდა ითქვას ისიც, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, "გურიის" გულშემატკივართა ტრანსპორტირების ხარჯებსაც ქალბატონი მარინა უზრუნველყოფდა. ეს მისი მხრიდან იყო საჩუქარი ქომაგებისთვის. ამას დავუმატოთ, დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდებისთვის (სულ სამი გუნდი) გაწეული ქველმოქმედება.

დაბოლოს, "დინამოსთან" თამაშის წინ (დეკემბრის დასაწყისში), კლუბში შექმნილი არასასიამოვნო სიტუაციის დასარეგულირებლად, პრემიალური დავალიანება სწორედ ქალბატონმა მარინამ დაფარა", - აღნიშნულია კლუბის პრესსამსახურის მიერ "ლელოსადმი" გამოგზავნილ წერილში.

აქვეა მარინა თორთლაძის კომენტარიც:

"ყოველივე იმის ფონზე, რაც დღეს ლანჩხუთის "გურიის" ირგვლივ ხდება, დასანანია, რომ მავანთა მხრიდან ერთხელაც არ გაჟღერებულა ჩემი სახელი. დასანანია ისიც, რომ როცა კლუბი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ყველამ დირექტორისკენ გაიშვირა თითი.

იმ დღიდან, რაც ჩემი ძმა, კობა მირზაშვილი, დაინიშნა დირექტორად, არ შემიწყვეტია კლუბთან ურთიერთობა და არაერთხელ გამიწევია ფინანსური დახმარება. დღემდე ეს თემა დახურული იყო. დროა, ყველამ გაიგოს სიმართლე და ყველაფერი გაცხადდეს.

ვიტყვი, რომ არ ყოფილა არც ერთი საკითხი (ფინანსური), რომლის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიმეღოს და დახმარება არ გამეწიოს. აქამდე ყველა პრემიალური თანხა გასტუმრებულია. სეზონის პირველ თამაშამდე ("ვიტ ჯორჯიასთან", მცხეთაში) გასასტუმრებელი სახელფასო დავალიანება (4 000 ლარი) გადავიხადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი 10 აგვისტოს არ გავიდოდა სათამაშოდ, რასაც კლუბის დისკვალიფიკაცია და ფედერაციიდან სხვა სანქციებიც მოჰყვებოდა.

მაშინ ჩემი ძმა მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული და ეს, ბუნებრივია, მისთვისაც სერიოზული დარტყმა იქნებოდა.

თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში (პირველი წრის თამაში ქობულეთის "ჩელე არენაზე"), მიუხედავად იმ პირობებისა, რომელშიც ფეხბურთელებს უწევდათ ყოფნა, თავი არ დაზოგეს და გულშემატკივრებთან ერთად მეც ძალიან გამახარეს. იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი და ისე მოვიხიბლე მათი თამაშით (არადა, აქამდე ნაკლებად ვერკვეოდი საფეხბურთო ცხოვრებაში), რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიჭებს საჩუქრად გადავეცი 10 000 ლარი.

ამასთან, ყველა გატანილ გოლზე (პირველივე ტურიდან) ბიჭებს დავპირდი, რომ დამატებით ვაჩუქებდი 200 დოლარს, რომელსაც ვასრულებ დღემდე.

ამით მინდოდა, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა მათ წარმატებულ თამაშში", - აცხადებს ქალბატონი მარინა, რომელიც უახლოეს დღეებში გეგმავს ლანჩხუთში ჩამოსვლას და ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენციის გამართვას.

მის განცხადებას კი ჯერჯერობით კულუარებიდან ეხმაურებიან და გაოგნებულები არიან - 30 ათას ლარზე ლაპარაკობენ? ისე გამოდის, რომ დღეს "გურია" ამ 30 ათასით არის მესამე ადგილზე, ხელისუფლებას კი არაფერი გაუკეთებიაო!

ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს თავად ზაზა ურუშაძე, თუმცა არ მალავს, რომ "გურიას" ყველანაირად გვერდით უდგას და ამ მხრივ პრეტენზიებს არ მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
МИНДА МОГМАРТО "Хо да Ара-ши" коментар ис ааторс, Имденад УСУСУРИ хар, ром сахелсац ки малав?!
НУ Б Л А Т А О Б ШЕ Ч М О Р О!!!
МАРИНА ТОТЛАДЗЕ
16:39 11-12-2013
0
რა გახდა ეს ერთი სპონსორი
kavkasiuri carcis wre
17:58 11-12-2013
0

სიახლეები პოპულარული