ჩიხურა-მერანი 2:0 - საჩხერელები პოზიციას იმყარებენ

AutoSharing Option
ამ მატჩის ჩატარებამდე ორივე გუნდმა გვარიანად იწვალა. შეხვედრა ქუთაისში უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო სამტრედიაში გადაიტანეს და საჩხერის "ჩიხურა" სავარჯიშოდ ურეკში გაემგზავრა.

მერე სამტრედიაში თამაშიც გამოირიცხა და მცხეთაში დაინიშნა. თუმცა არც მცხეთაში იყო მაინცდამაინც საფეხბურთო ამინდი, საკმაოდ ციოდა და ეტყობა, ამან ფეხბურთელები შეაფუცხუნა.

ფაქტობრივად, უმაყურებლო მატჩში, ზოგადსტატისტიკური ქართული მაჩვენებლის ფონზე, მოთამაშეები ჩვეულებრივზე მეტს მოძრაობდნენ...

საჩხერელები უფრო აქტიურები იყვნენ, მეტოქეზე სწრაფად ახერხებდნენ დაცვიდან შეტევაში გადასვლას და "მერანის" დაცვაშიც თავისუფალ სივრცეს სწორედ მეტი მოძრაობის ხარჯზე პოულობდნენ.

Sportall.Geმათ შეხვედრა იღბლიანადაც დაიწყეს - "ჩიხურას"
პირველი სახიფათო შეტევა გოლით დასრულდა. საჯარიმოს სიახლოვესთან მარტვილელთა საყრდენ ქარქუზაშვილს ბურთი ნიკა კვასხვაძემ აართვა და საჯარიმოში მეურვისგან მიტოვებული ტატანაშვილი შენიშნა, რომელმაც შორეულ კუთხეში მეკარეს სუსტად, მაგრამ ზუსტად დაურტყა - 1:0.

28-ე წუთზე საჩხერელებს უპირატესობის გაზრდის საშუალება მიეცათ - ბეჭვაიამ მარჯვენა ფლანგზე ოდიკაძე შენიშნა, მან კი პენალტის ნიშნულთან კვასხვაძე მოძებნა, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმა მეკარე შეროზიამ კუთხურზე მოიგერია.

ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა გეგეჭკორის ფლანგური გადაცემის შემდეგ თავის გამოჩენის შანსი მელიავას მიეცა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

მეორე ტაიმში "მერანი" მოედანზე გაცილებით აქტიური და მობილიზებული გავიდა. სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. მაგალითად, 74-ე წუთზე საჯარიმოდან ბაბუნაშვილის ჩაკიდებული ბურთის კარში თავით გაგზავნას კუჭუხიძე შეეცადა, რაც უზუსტოდ გამოუვიდა.

მეორე ნახევარში "ჩიხურა" უფრო კონტრშეტევებით შემოიფარგლებოდა. ფრუიძის გაწვრთნილებმა მატჩის ბოლოს რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

79-ე წუთზე დეკანოიძემ საჯარიმოში გახსნილი ოდიკაძე მოძებნა, რომელმაც ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

საჩხერელებმა მეორე გოლი მაინც გაიტანეს. საჯარიმოსთან მყოფმა ტატანაშვილმა მარჯვენა ფლანგზე შეტევა ბეჭვაიას გაუგრძელა, რომელმაც საჯარიმოში გახსნილი ჯიღაური მოძებნა, მას კი ბურთის კარში გაგზავნა არ გასჭირვებია - 2:0 და "ჩიხურამ" სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული