დინამო-ვიტ ჯორჯია 0:1 - პირველი საშინაო მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
ახალი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით, "დინამომ" თბილისში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ცხადია, მას გულშემატკივრის წინაშე ღირსეული გამოსვლა სურდა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიამ" ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ეს არ მომხდარიყო.

სტუმრები მობილიზებულები იყვნენ. ან რა გასაკვირია - "ვიტ ჯორჯიას" აღმასვლაც გვახსოვს და დაღმასვლაც, მაგრამ "დინამოსთან" მატჩი მისთვის მუდამ განსაკუთრებული მოტივაცია იყო...

შეხვედრის პირველ ნახევარში მასპინძელს უპირატესობის მოპოვება და მეტოქის კართან მიახლოება უჭირდა. "ვეტერინარები" თავს კარგად იცავდნენ, მეტოქეს სივრცეებს უზღუდავდნენ და კონტრშეტევების ორგანიზებასაც ახერხებდნენ, მაგრამ მწვავე მომენტები იშვიათად იქმნებოდა.

Sportall.Geდინამოელებიც მეტისმეტად ინერტულად გამოიყურებოდნენ,
თითქოს გამარჯვება გარანტირებული ჰქონდათ და თავის დროს ელოდნენ.

არაერთ დინამოელს უთქვამს, რომ შეხვედრების დიდ ნაწილს მეორე ტაიმში ფიზიკური უპირატესობის ხარჯზე იგებდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ამჯერადაც ამის იმედად იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - "ვიტ ჯორჯიამ" ამ კომპონენტში არაფერი დათმო.

ხეირიანი და სწრაფი შეტევების ორგანიზება "ვიტ ჯორჯიასაც" უჭირდა. ამიტომ სტუმრები მიზნის მიღწევას შორეული დარტყმებით ცდილობდნენ.

ორჯერ ბედი ნიკა სიჭინავამ სცადა (მე-15 და მე-20 წუთებზე), ყველაზე რეალური საგოლე მომენტი კი გიორგი ჯანელიძემ შექმნა. ის 26-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დაიძრა, დინამოელთა მცველებს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა, ძლიერადაც დაარტყა და რომ არა გიორგი ლორიას მშვენიერი თამაში, გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

ანგარიშის გახსნა შეეძლო გია კვარაცხელიასაც, რომელიც მე-40 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილის გადაცემისას გაიხსნა და ბურთი კარში გაგზავნა, მაგრამ ვიტელთა მეკარე ნიკა დაუშვილმა იმარჯვა.

...მეორე ტაიმში "დინამო" ოდნავ გააქტიურდა, მაგრამ მომენტების შექმნა კვლავ უჭირდა.

ერთ-ერთი საგოლე მომენტი გიორგი მერებაშვილის მონდომებას მოჰყვა: 81-ე წუთზე მან მეკარესთან პირისპირ დატოვა ჯაბა დვალი, მაგრამ დინამოელთა თავდამსხმელმა დაუშვილს ვერ აჯობა.

მატჩის მიწურულს "დინამო" ბოლო ძალებით უტევდა და სწორედ ამ დროს იქით მიიღო მძიმე დარტყმა: მარცხენა ფლანგიდან ირაკლი ღიბრაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა. მასპინძელ მცველებს თავდასხმის დასახმარებლად ჩასული ვიტელთა ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე გამოეპარათ და მანაც ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 0:1.

"დინამოს" მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა - ჩემპიონი მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯია):
"რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველოდით და ასეც მოხდა. "დინამო" ძლიერი გუნდია, ახალი მწვრთნელი ჰყავს და ეს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის სტიმული იყო, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა თითქმის ყველა ის დავალება შეასრულეს, რაც მატჩამდე მივეცით. კმაყოფილი ვარ შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც - ჩვენ არა მხოლოდ მეტოქეს, მსაჯებსაც ვაჯობეთ"
.

მალხაზ ჟვანია (დინამო):
"პირველ ყოვლისა, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. სამწუხაროდ, დღეს დინამოელებს ბრძოლის ჟინი და მონდომება არ ეტყობოდათ. მეტოქის შეუფასებლობა დაუშვებელია. ბოლომდე თუ არ იბრძოლე, გამარჯვებას ვერ მიაღწევ"
.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8

უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
18 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზუგდიდი-მეტალურგი
გურია-ზესტაფონი

19 დეკემბერი, ხუთშაბათი
სპარტაკი-დილა
ჩიხურა-სიონი
მერანი-დინამო
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული