"დილა" მუნიციპალური კლუბია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პროექტებზე ვერ ექნება საქმე გათვლილი. მის ყველა ფეხბურთელს 2013 წლის ბოლოს დაუსრულდა კლუბთან კონტრაქტი, რადგან დაფინანსება კლუბს სწორედ გასული წლის ბოლომდე ჰქონდა.
"დილა" შუა გზაში არ მიატოვეს და კიდევ ერთხელ გამოუყვეს დაფინანსება. როგორც კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზვიად შერმადინმა გვითხრა, "დილას" 610 000 ლარი ჩაერიცხება
610 ათასი ლარი ბევრი არ არის, თუმცა ის თანხაა, რითიც გუნდმა უპრობლემოდ უნდა ჩაამთავროს სეზონი. ბოლო წლებში "დილას" უფრო მეტი დაფინანსება ჰქონდა, თუმცა საერთო სიტუაცია შეიცვალა. კლუბში ისიც გვითხრეს, რომ არ არის გამორიცხული, ფეხბურთელებს ჯამაგირი შეუმცირდეთო.
როგორც "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა გვამცნო, კლუბს ჯერ არ გაუფორმებია კონტრაქტი ფეხბურთელებთან - ამ ეტაპზე ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, გუნდი უკვე შეიკრიბა და ვარჯიშობს.
საფეხბურთო კლუბის არსებობა ემყარება უეფას საკლუბო ლიცენზირებას, რისთვისაც სხვადასხვა კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. როგორც შევიტყვეთ, ლიცენზირების ერთ-ერთი პირობა ფინანსური გარანტიებია - უეფა თურმე 18-თვიან ფინანსურ გარანტიას ითხოვს.
მუნიციპალიტეტები საქართველოში საფეხბურთო კლუბს ხან ერთი წლით აფინანსებენ, ხან ექვსი თვით და ცხადია, ეს პრობლემებს ქმნის - როგორ უნდა დაიდოს ასეთ დროს ფინანსური გარანტიები?
ზოგადად, ბიზნესში ერთი ტიპის ფინანსური გარანტია არსებობს - მაღალი რეპუტაციის ბანკი. ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე ასეთმა ბანკმა გასცეს გარანტია ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბზე. მაშ, რა უნდა იყოს გამოსავალი?
ფედერაციამ რამდენიმე კლუბს უკვე გაუკეთა შეღავათი და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ლიცენზიის გარეშეც მისცა. გარკვეულ ეტაპზე ეს შესაძლოა გამართლებულიც იყო, მაგრამ სულ ასე ხომ ვერ იქნება?
"დილას" მენეჯერმა ისიანმა შარშან წარმოადგინა საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარების სამწლიანი პროგრამა, რაც მოიცავდა როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო კლუბის ინტერესებსაც, თუმცა ამ პროგრამის ამოქმედება ვერ მოხერხდა, ვერც მსგავსი პროექტების ამუშავება გახდა შესაძლებელი.
ექვსთვიანი თუ ერთწლიანი დაფინანსება სულ არაფერს ნამდვილად სჯობს, მაგრამ ეს ერთი ადგილის ტკეპნაა, რასაც განვითარება ვერ მოაქვს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"