უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რუსთავის "მეტალურგი"

AutoSharing Option
სეზონის დაწყებამდე ბევრს მიაჩნდა, რომ რუსთავის "მეტალურგს" "მთლად" ჩემპიონობისთვის თუ არა, საპრიზო ადგილებისათვის უნდა ებრძოლა.

ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს კი, კლუბის სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად, მაღალი (გნებავთ - ამბიციური) მიზნების "შესაფერისი" კონტინგენტიც იძლეოდა: ისედაც არცთუ ურიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "მეტალურგში" სეზონის დაწყების წინ ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე 7 მეტ-ნაკლებად ცნობილი ახალწვეული ჩაირიცხა, კიდევ სამი მოთამაშე კი გუნდს უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას დაემატა.

ახალი სეზონის დაწყებისას ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი სხვა საკადრო ცვლილებებითაც შეხვდა: კლუბში ახალი დირექტორი (ზაზა დოლიძე) და ახალი მთავარი მწვრთნელი (გელა სანაია) მივიდნენ.

...ამბიციურ გუნდს სტარტი ურიგო ნამდვილად არ ჰქონია: ქუთაისში ზედიზედ ორი სტუმრობიდან (ჯერ - "ტორპედოსთან", მერე - "ჩიხურასთან") "მეტალურგმა" ოთხი ქულა "წამოიღო".

თუმცა ამას მოჰყვა არასტაბილური პერიოდი: "მეტალურგი" ვერაფრით ახერხებდა ზედიზედ ორ მატჩში გამარჯვებას. განსაკუთრებით წარუმატებლად კი რუსთაველთა გუნდი სტუმრად ასპარეზობდა: "დილასთან", "გურიასთან" და "ვიტ ჯორჯიასთან" ჩატარებულ სამ საგარეო შეხვედრაში "მეტალურგმა" მარცხი ხომ განიცადა, ამასთან, საკუთარ კარში 11 ბურთიც მიიღო!

Sportall.Ge

თუმცა სეზონის შუაგულისკენ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: 20 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, "მეტალურგმა" ჩემპიონატში ხუთმატჩიანი სერია "გამოაცხო", პლუს უპრობლემოდ შეძლო თასის მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებაც.

და აი, მაშინ, როცა გუნდის სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, კიდევ ერთი კრიზისული პერიოდი დადგა: პირველი ეტაპის დასკვნით ხუთ შეხვედრაში "მეტალურგმა" მხოლოდ 4 ქულის მოპოვება შეძლო. ანუ გუნდმა საშუალედო ეტაპი ზედა ექვსეულში კი დაამთავრა, მაგრამ იქ დასამკვიდრებლად კონკურენციაც დიდია და დარჩენილი მატჩების კალენდარსაც ნამდვილად ვერ ვუწოდებთ იდეალურს.

მაინც რა იყო ასეთი ამბიციური გუნდის არასტაბილურად ასპარეზობის მიზეზი? უპირველეს ყოვლისა, ალბათ, საკადრო პრობლემები უნდა ვახსენოთ: წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო გელა სანაიას, ფაქტობრივად, არც ერთ მატჩში არ მისცემია ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანის შესაძლებლობა.

ჰო, დისკვალიფიკაციები შემთხვევით არ გვიხსენებია: არბიტრები ერთობ მკაცრად აფასებდნენ "მეტალურგის" ფეხბურთელთა ქმედებებს და წითელ-ყვითელ ბარათებსაც არ იშურებდნენ.

ამას გარდა, "მეტალურგის" ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებსა თუ რუსთაველ ქომაგებს, საერთოდაც, მთელი სეზონის განმავლობაში არაერთი პრეტენზია ჰქონდათ მსაჯების მიმართ.

და კიდევ ერთი, თანაც არცთუ უმნიშვნელო მიზეზიც: საჯაროდ არ ცხადდებოდა, თუმცა "დაფარულად" მაინც ლაპარაკობდნენ "მეტალურგის" გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობაზე; უფრო ზუსტად, კლუბის მთავარი სპონსორის, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში მიმდინარე არცთუ სასურველმა პროცესებმა აშკარად ნეგატიური გავლენა იქონია გუნდზეც...

Sportall.Ge

მეკარე
წინა სეზონში "მეტალურგს" სამი გამოცდილი და თანაბარი კლასის მეკარე (გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, მიხეილ ალავიძე) ჰყავდა. ამათგან "მეტალურგში" მხოლოდ 33 წლის ბედიაშვილი დარჩა, ვინც მშობლიური ქალაქის გუნდის ძირითადი მეკარის სტატუსს მეოთხე სეზონია ინარჩუნებს.

ორი მატჩი ჩაატარა ძირითადში გუნდის ახალწვეულმა, 27 წლის კოკა სეფიაშვილმა.

დაცვა
ზემოხსენებული ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, "მეტალურგის" დაცვის ხაზში მოასპარეზე ერთსა და იმავე ოთხეულს ზედიზედ ორ მატჩში ეთამაშა! ანუ გელა სანაიას იძულებითი როტაციის მოხდენა ყველაზე ხშირად სწორედ ამ რგოლში უწევდა.

ასე მაგალითად, გარკვეული პაუზის მერე გუნდში დაბრუნებულ 31 წლის სერგი ორბელაძეს ხან მარჯვენა მცველის ფუნქციების შესრულება უწევდა, ხან - ცენტრალური მცველის.

დაცვის ორივე ფლანგზე ვხედავდით 28 წლის ლაშა ჯაფარიძეს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა; ორჯერ გააძევეს მოედნიდან 24 წლის გიორგი გავაშელიშვილი და ამის გამოც ამპლუით ცენტრალურმა მცველმა, ფაქტობრივად, ნახევარი ეტაპი გამოტოვა.

წინა სეზონისგან განსხვავებით, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელის "სტატუსი" დაკარგა 25 წლის ანზორ სუხიაშვილმა; ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ქართველი ფეხბურთელი, 23 წლის ლევან კაკუბავა ტრავმებს ვერც თავის ახალ გუნდში გაექცა.

დაცვის რგოლში ყველაზე სტაბილურად, ზემოთ ნახსენებ სერგი ორბელაძესთან ერთად, გუნდის კაპიტანმა, 35 წლის მიხეილ მახვილაძემ იასპარეზა, რომელიც ასევე ვერ გადაურჩა დისკვალიფიკაციებს.

ნახევარდაცვა
ტრავმების გამო ბევრი გაუცდა ორ გამოცდილ შუახაზელს: 33 წლის შემტევ ნახევარმცველ ლევან კორღალიძეს და 28 წლის მარცხენა გარემარბ რევაზ გეწაძეს.

სამაგიეროდ, პირველ ეტაპზე თითქმის ყველა მატჩი ძირითადში ჩაატარეს ახალწვეულებმა, 24 წლის საყრდენმა გურამ გურეშიძემ და 21 წლის სწრაფმა მარჯვენა გარემარბმა დავით კირკიტაძემ.

როგორც ყოველთვის, შეუცვლელი ფეხბურთელის სტატუსი ჰქონდა გამოცდილ საყრდენს, 30 წლის ლუკა რაზმაძეს; აი, რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, 24 წლის გიორგი ქავთარაძემ ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა.

Sportall.Ge

ფაქტობრივად, არ უწევდათ თამაში ახალწვეულებს, 24 წლის გიორგი ვასაძესა და მის თანატოლ დავით მაისაშვილს, ისევე, როგორც "მეტალურგის" ყველაზე სტაჟიან წევრ დენის დობროვოლსკის.

თუმცა ამ 28 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა "ჩიხურასთან" საშინაო შეხვედრაში (24 ნოემბერს) 45 მეტრიდან (!) ისეთი გოლი გაიტანა, "სეზონის საუკეთესო გოლის" ნომინაციაში ჯერჯერობით რომ უკონკურენტოა!..
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თავდასხმა
წესითა და რიგით, გუნდის უძლიერესი რგოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში "მეტალურგის" ფორვარდები დისკვალიფიკაციებს თუ გადაურჩნენ, აი, ტრავმებს თავი ვერაფრით დააღწიეს.

თავად განსაჯეთ: გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და საკვანძო ფეხბურთელმა, 28 წლის გოგა ფიფიამ მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, კიდევ ერთმა წამყვანმა მოთამაშემ და "მეტალურგში" გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებულმა, 27 წლის ცენტრფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა კი - 10.

რუსთაველ ქომაგთა სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანეს "მეტალურგის" ფორვარდებმა, 23 წლის ირაკლი სიხარულიძემ და 24 წლის ბექა ტუღუშმა.

სამაგიეროდ, ჩინებული დებიუტი ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში ტანმაღალ ფორვარდს, 23 წლის გიორგი ჩირგაძეს, რომელიც "მეტალურგში"... ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოვიდა.

საუკეთესო მატჩი
პირველ ეტაპზე "მეტალურგს" რომ სტაბილურად ეასპარეზა, ალბათ, ბევრად უფრო მეტი ქულაც ექნებოდა, თუმცა გუნდმა რამდენიმე გამორჩეული მატჩი მაინც ჩაატარა: მეორე ტურში სტუმრად "ჩიხურასთან", შინ - "მერანთან" და "გურიასთან".

ეს სამივე შეხვედრა "მეტალურგის" გამარჯვებით დამთავრდა, განსხვავებით "დინამოსთან" საშინაო მატჩისგან.

თუმცა სწორედ მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება მიგვაჩნია პირველ ეტაპზე "მეტალურგის" უდავოდ საუკეთესო შეხვედრად! გეხსომებათ, ალბათ, 3 ნოემბერს რუსთავში ჩატარებული მატჩის მერე "დინამოს" იმდროინდელმა თავკაცმა დუშან უჰრინმა გულახდილად რომ თქვა: დღეს ჩემმა გუნდმა ქულა მოიპოვაო...

Sportall.Ge

ყველაზე ცუდი მატჩი
ამბიციური მიზნების მქონე გუნდისათვის 18 მატჩში 6 წაგება, ვფიქრობთ, ცოტა ნამდვილად არ არის; თანაც, ამ წაგებული შეხვედრებიდან რამდენიმე მართლაც მტკივნეული იყო, მაგალითად, "დილასთან" და "ვიტ ჯორჯიასთან" დიდი ანგარიშით მარცხი.

მიზანი
ისე, როგორც უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობაში, პირველი ეტაპის შემდეგ "მეტალურგშიც" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა. უპირველესად, იმას ვიტყვით, რომ გუნდის გაძღოლა ადგილობრივ კადრს, ვარლამ კილასონიას დაევალა, რომელიც ბოლო წლები ერთობ წარმატებულად მუშაობდა რუსთავის ბავშვთა ფეხბურთში და რომელიც "მეტალურგს" მთავარი მწვრთნელის რანგში ოთხწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

კილასონიას არცთუ სახარბიელო სიტუაციასთან მოუწევს გამკლავება: იმის გამო, რომ კლუბის ბიუჯეტი პირველ ეტაპთან შედარებით შესამჩნევად შემცირებულია, წამყვანი ფეხბურთელების დიდმა ჯგუფმა "მეტალურგი" უკვე დატოვა.

არადა, იმ დარჩენილი ოთხი მატჩიდან რუსთაველებს ორი უშუალო კონკურენტთან ("ვიტ ჯორჯია", "სიონი") აქვთ, ერთიც - "დინამოსთან", თანაც, შარშანდელი სათასო ნახევარფინალის მსგავსად, "მეტალურგს" არც ამჯერად გაუმართლა თასის წილისყრისას: მეოთხედფინალში მეტოქედ მაინცდამაინც "დინამო" ერგო...

Sportall.Ge

მეტალურგის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ეტაპი: 18 მატჩი, 7 მოგება, 5 ფრე, 6 წაგება, ბურთები: 23-23, ადგილი - V

I ტური. ტორპედო-მეტალურგი 1:1
II ტური. ჩიხურა-მეტალურგი 2:3
III ტური. მეტალურგი-ზესტაფონი 0:0
IV ტური. დილა-მეტალურგი 3:0
V ტური. მეტალურგი-სპარტაკი 1:0
VI ტური. გურია-მეტალურგი 3:1
VII ტური. მეტალურგი-ზუგდიდი 1:0
VIII ტური. ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 5:2
IX ტური. მეტალურგი-მერანი 6:1
X ტური. სიონი-მეტალურგი 0:1
XI ტური. მეტალურგი-დინამო 0:0
XII ტური. მეტალურგი-ტორპედო 2:1
XIII ტური. მეტალურგი-ჩიხურა 1:1
XIV ტური. ზესტაფონი-მეტალურგი 2:1
XV ტური. მეტალურგი-დილა 1:1
XVI ტური. სპარტაკი-მეტალურგი 2:0
XVII ტური. მეტალურგი-გურია 3:1
XVIII ტური. ზუგდიდი-მეტალურგი 1:0

მეტალურგი 2013/14
მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი - 16 (-21 გოლი), კოკა სეფიაშვილი - 2 (-2 გოლი);
მცველები: სერგი ორბელაძე - 16, მიხეილ მახვილაძე - 15, ლაშა ჯაფარიძე - 11, ლევან კაკუბავა - 11 (1), ანზორ სუხიაშვილი - 11, გიორგი გავაშელიშვილი - 9 (1), თედო კაკულია - 3;
ნახევარმცველები: გურამ გურეშიძე - 18, დავით კირკიტაძე - 17 (3), ლუკა რაზმაძე - 16 (3), რევაზ გეწაძე - 14 (2), გიორგი ქავთარაძე - 12, ლევან კორღალიძე - 12 (2), დენის დობროვოლსკი - 9 (1), დავით საჯაია - 5 (2), გიორგი ვასაძე - 3, დავით მაისაშვილი - 3, ირაკლი გოგინაშვილი - 2;
თავდამსხმელები: გოგა ფიფია - 11 (2), გიორგი ბერიაშვილი - 10 (2), ირაკლი სიხარულიძე - 10, გიორგი ჩირგაძე - 8 (3), ბექა ტუღუში - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ბოლნისის "სიონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული