უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"

AutoSharing Option
სეზონის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი თბილისის "დინამო" იქნებოდა და პირველი ეტაპის მსვლელობამ ყოველივე ეს დაადასტურა კიდეც.

ისე, როგორც წინა სეზონში, "დინამო" ამჯერადაც პირველ ადგილზე შეხვდა ზამთრის პაუზას და ვეჭვობთ, რომ უახლოეს მდევართან, "ჩიხურასთან" არსებული შვიდქულიანი სხვაობა მეორე ეტაპზე გაფლანგოს. თანაც, ამ ბოლო წლებში ხომ გარკვეულ კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე: სეზონის გამარჯვებული სწორედ "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტულის მფლობელი გუნდი ხდება!

კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველი ეტაპის დასრულებისთანავე ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა: კლუბის დატოვება ერთდროულად რამდენიმე წამყვან
ფეხბურთელს მოუხდა; არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტი, რომ პირველი ეტაპის დასკვნითი 4 ტური გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის (მალხაზ ჟვანია) ხელმძღვანელობით ჩაატარა; თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩემპიონობის უპირველეს კანდიდატად მაინც "დინამო" უნდა მივიჩნიოთ, - საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობითა თუ უამრავი ახალწვეულით.

ისე, რახან წინა სეზონთან გავავლეთ პარალელი, ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ ამჯერად შედეგიანობამაც მოიკლო და დიდი ანგარიშითაც უფრო ნაკლები მატჩი ჰქონდა გუნდს მოგებული; თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ წინა სეზონში (განსაკუთრებით - პირველ ეტაპზე) "დინამოს" ერთობ სერიოზული და მართლაც ღირსეული კონკურენტი ჰყავდა (გორის "დილა"), რასაც XXV ჩემპიონატში ნამდვილად ვერ ვიტყვით.

არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი და არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი: სეზონის სტარტი "დინამომ", ცოტა არ იყოს, "მძიმედ" დაიწყო, რაც, უპირველესად, ევროტურნირებზე ასპარეზობით იყო გამოწვეული.

მეკარე
"დინამომ" ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები ბურთი გაუშვა და ეს, რაღა თქმა უნდა, გუნდისა და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას დამსახურებაა; 27 წლის ლორიამ პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა (სტუმრად - "გურიასთან") და 17 შეხვედრაში გაშვებული 11 გოლი, ვფიქრობთ, ჩინებული მაჩვენებელია. იმ ერთ მატჩში "დინამოს" კარს 23 წლის თორნიკე ზარქუა იცავდა, აი, გუნდის ახალწვეულს, 29 წლის ომარ მიგინეიშვილს კი ჩემპიონატში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

დაცვა
ისე, როგორც წინა სეზონის პირველ ეტაპზე, "დინამოს" დაცვის ხაზში (და, საერთოდაც - მთელ გუნდში) ერთადერთი ფეხბურთელი გივი კვარაცხელია გახლდათ, ყველა მატჩი (თანაც - შეუცვლელად) რომ ჩაატარა. 34 წლის კვარაცხელიას დაცვის ცენტრში მეწყვილეობას 30 წლის ბასკი მცველი უსტარიცი ან კიდევ 22 წლის გიორგი გველესიანი უწევდნენ. ამ უკანასკნელის ასპარეზობა, საერთოდაც, სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ: გველესიანის სამი გოლიდან ორი გამარჯვების მომტანი ("ტორპედოსთან" და "ზესტაფონთან") აღმოჩნდა.

მარცხენა ფლანგზე ალტერნატივა არ ჰყავდა 33 წლის დავით კვირკველიას; რაც შეეხება მის პოტენციურ შემცვლელს დარკო გლიშიჩს, 22 წლის მაკედონიელი უფრო ხშირად შეცვლებზე შემოდიოდა ხოლმე და სხვათა შორის, სწორედ შეცვლაზე შემოსულმა შეძლო ორჯერვე გოლის გატანა.

აი, მარჯვენა მცველის პოზიციაზე აქ თავდაპირველად ძირითადში გუნდის ახალწვეული, 25 წლის დავით ხურცილავა ასპარეზობდა; მერე 28 წლის გიორგი სეთურიძემ დაიბრუნა ძირითადში ადგილი, თუმცა პირველი ეტაპის მიწურულს, უფრო ზუსტად, მთავარ მწვრთნელად მალხაზ ჟვანიას დანიშვნის მერე მარჯვენა მცველად კვლავაც ხურცილავა თამაშობდა.

ეპიზოდურად უხდებოდა მოედანზე გამოსვლა 34 წლის გიორგი შაშიაშვილს.

ნახევარდაცვა
ამ რგოლის უდავო ლიდერად გუნდის ახალწვეული, რუმინელი უნივერსალი დორინ გოგა უნდა მივიჩნიოთ. 29 წლის ფეხბურთელი თავდაპირველად შეცვლებზე შემოდიოდა, სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული კი, გუნდის ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირიც გახდა (9 გოლი).

გოგას ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზეც და თავდასხმაშიც. ასევე უნივერსალური თვისებებით არის დაჯილდოებული "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული ელგუჯა გრიგალაშვილი, თუმცა 24 წლის უდავოდ ნიჭიერ ნახევარმცველს უფრო მეტიც რომ შეეძლო, ფაქტია.

...ვიდრე დუშან უჰრინი იყო "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, "დინამო" თითქმის ყველა მატჩში 4-4-2 განლაგებით ასპარეზობდა და ცენტრალურ ნახევარმცველთა "დუეტს", ხშირ შემთხვევებში, 28 წლის ლევან ხმალაძე და 25 წლის ირაკლი ძარია შეადგენდნენ ხოლმე; თუმცა ძარიას ტრავმიანობის გამო ძირითადში ასევე ხშირად ვხედავდით უდავოდ პერსპექტიულ ცენტრალურ ნახევარმცველს, 20 წლის გიორგი პაპავას.

აი, რაც შეეხება "დინამოს" ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან წევრს, გიორგი მერებაშვილს, 27 წლის ფეხბურთელისათვის I ეტაპი არაერთგვაროვნად წარიმართა; ჰო, იყო მატჩები, როცა უჰრინი ნდობას არ უცხადებდა გამოცდილ შემტევს, თუმცა ისეთი შეხვედრებიც გვახსოვს, მერებაშვილმა ჩვეულად, მაღალ დონეზე რომ ჩაატარა.

პირველ ეტაპზე "დინამოს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, გიორგი პაპუნაშვილს - 18 წლის პერსპექტიული ჭაბუკი ჯერჯერობით მხოლოდ შეცვლებზე შემოდიოდა, მაგრამ მეორე ეტაპზე ძირითადშიც რომ ხშირად ვიხილოთ, არც ეს ფაქტი უნდა გაგვიკვირდეს.

თავდასხმა
გივი კვარაცხელიას მსგავსად, ჩემპიონატში ყველა, 18-ივე მატჩი ჩაატარა "დინამოს" ახალწვეულმა პატრიკ ვუომ, თუმცა 26 წლის ფორვარდი, უმეტესწილად, შეცვლებზე შემოდიოდა ხოლმე. საერთოდაც, ვუოსგან, ალბათ, უფრო მეტს მოელოდნენ - 18 მატჩში 2 გოლი ფორვარდისათვის დიდი ვერაფერი შედეგი რომ არის, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება.

...წინა სეზონის პირველ ეტაპზე "დინამოს" მართლაც "სუპერდუეტი" ჰყავდა შეტევის ხაზში. შეგახსენებთ, რომ იმ დროისათვის ჯაბა დვალს 18 მატჩში 16 გოლი ჰქონდა გატანილი, ჩისკოს კი 20 შეხვედრაში - 17!

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ორივე ფორვარდის შედეგიანობამ მოიკლო: ყოფილა შემთხვევები, როცა 28 წლის დვალს სხვა ფუნქციების შესრულება უწევდა, ხოლო 33 წლის ჩისკოს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია.

საუკეთესო მატჩი
პირველ ეტაპზე ორი ასეთი შეხვედრა უნდა გამოვარჩიოთ: VIII ტურში რუსთავში, "სიონთან" (4:1) მოგებული მატჩი და, რაღა თქმა უნდა, 20 ოქტომბერს ჩატარებული "დინამო"-"ჩიხურა", სადაც მასპინძლებმა თავიანთი ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი გამანადგურებელი ანგარიშით (6:1) დაამარცხეს.

იხილეთ: სიონი-დინამო 1:4 - პირველი ჰეთ თრიქი რუმინელისაა [VIDEO]
იხილეთ: დინამო-ჩიხურა 6:1 - შთამბეჭდავი გამარჯვება და შედეგი [VIDEO]

ყველაზე ცუდი მატჩი
პირველ ეტაპზე "დინამომ" ორი მატჩი წააგო და ორივე შემთხვევაში (სტუმრად - "გურიასთან", შინ - "ვიტ ჯორჯიასთან") ლიდერი ამ შედეგს იმსახურებდა.

იხილეთ: გურია-დინამო 2:1 - გურული ფირალები და გაძარცვული ჩემპიონი [VIDEO]
იხილეთ: დინამო-ვიტ ჯორჯია 0:1 - პირველი საშინაო მარცხი [VIDEO]

ამას გარდა, იყო სხვა შეხვედრებიც, სადაც "დინამოს" თამაშის ხარისხი აშკარად ტოვებდა უკეთესის სურვილს: აი, მაგალითად, "დილასთან" სტუმრად ჩატარებული ბოლო შეხვედრა ან თუნდაც რუსთავში "მეტალურგთან" დაპირისპირება...

მიზანი
ახალი რა უნდა ვთქვათ: ნებისმიერი სეზონის დაწყების წინ "დინამოს" მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს, რომლის დაკონკრეტებაც, ვფიქრობთ, უადგილოც არის.

იმის მიუხედავად, რომ პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ "დინამოში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა და მკვეთრად გადახალისებულ შემადგენლობასაც უნდა ველოდოთ, მაინც მიგვაჩნია, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდს ჩემპიონობის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

დინამოს ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ეტაპი: 18 მატჩი, 13 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ბურთები: 42-13, ადგილი - I
I ტური: დინამო-ზესტაფონი 2:1
II ტური: დილა-დინამო 1:1
IV ტური: გურია-დინამო 2:1
V ტური: დინამო-ზუგდიდი 3:0
III ტური: დინამო-სპარტაკი 2:0
IV ტური: ვიტ ჯორჯია-დინამო 0:2
VII ტური: დინამო-მერანი 4:2
VIII ტური: სიონი-დინამო 1:4
IX ტური: დინამო-ჩიხურა 6:1
X ტური: დინამო-ტორპედო 2:1
XI ტური: მეტალურგი-დინამო 0:0
XII ტური: ზესტაფონი-დინამო 1:2
XIII ტური: დინამო-დილა 1:1
XIV ტური: სპარტაკი-დინამო 0:4
XV ტური: დინამო-გურია 3:1
XVI ტური: ზუგდიდი-დინამო 0:3
XVII ტური: დინამო-ვიტ ჯორჯია 0:1
XVIII ტური: მერანი-დინამო 0:2

თბილისის დინამო 2013/14
მეკარეები: გიორგი ლორია - 17 მატჩი (-11 გოლი), თორნიკე ზარქუა - 1 (-2 გოლი);
მცველები: გივი კვარაცხელია - 18, დავით კვირკველია - 14 (2), დარკო გლიშიჩი - 13 (2), გიორგი სეთურიძე - 12, დავით ხურცილავა - 11, გიორგი გველესიანი - 10 (3), უსტარიცი - 8, გიორგი შაშიაშვილი - 3;
ნახევარმცველები: გიორგი მერებაშვილი - 17 (5), ლევან ხმალაძე - 17 (2), დორინ გოგა - 17 (9), ელგუჯა გრიგალაშვილი - 14 (2), გიორგი პაპავა - 10, ირაკლი ძარია - 9 (2), გიორგი პაპუნაშვილი - 3, გიორგი მიქაბერიძე - 2, ირაკლი ლექვთაძე - 2;
თავდამსხმელები: პატრიკ ვუო - 18 (2), ჯაბა დვალი - 17 (5), ჩისკო - 14(8), დავით ხოჭოლავა - 3, ლაშა შინდაგორიძე - 1.
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (I-XV ტური); მალხაზ ჟვანია (XVI-XVIII ტური)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული