უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"

AutoSharing Option
ბოლო ორი სეზონი "დილას" ისტორიაში, უდავოდ, საუკეთესო იყო: გუნდმა ჯერ საქართველოს თასი მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონატშიც იყოჩაღა და პირველად დაეუფლა ვერცხლის მედლებს.

ამას გარდა, წინა ორი წელიწადი "დილას" ისტორიაში სხვა რამითაც იყო განსაკუთრებული: გორელთა გუნდმა შარშანაც და შარშანწინაც, მართლაც რომ ღირსეულად იასპარეზა ევროტურნირებზე და ორივე შემთხვევაში ძალიან ახლოს იყო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

თუმცა შარშან ზაფხულს ევროტურნირებზე წარმატებულმა თამაშმა უკუეფექტიც გამოიწვია: "დილას" ფეხბურთელთა უმრავლესობის სპორტული ფორმის პიკი სწორედ ევროპალიგის მატჩებს დაემთხვა, აი, მერე კი, როცა XXV ეროვნული ჩემპიონატი "გახურდა",
გორელთა გუნდი, ცოტა არ იყოს, "დამძიმებული" გამოიყურებოდა. არადა, სეზონის დაწყებამდეც ვივარაუდეთ, რომ თუ რომელიმე გუნდს შეეძლო "დინამოსათვის" მეტ-ნაკლები კონკურენციის გაწევა, სწორედ "დილა" უნდა ყოფილიყო.

ახალი სეზონის სტარტიც ამას მოწმობდა, მაგრამ მერე და მერე სიტუაცია უარესობისაკენ შეიცვალა: ჯერ იყო და უცხოურ კლუბებში გადავიდნენ "დილას" წამყვანი ფეხბურთელები ლაშა გვალია და გიორგი ილურიძე; ამას ისიც დაემატა, რომ ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა გუნდის კიდევ ერთ ლიდერს, გრიგოლ დოლიძეს, რომელიც ზაფხულში მართლაც ჩინებულ ფორმაში იმყოფებოდა.

საერთოდაც, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო "დილას" ოპტიმალური შემადგენლობით, ფაქტობრივად, არ უასპარეზია.

ამასობაში, გუნდს კრიზისული პერიოდიც დაუდგა: 13 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში "დილამ" მხოლოდ 4 ქულის აღება მოახერხა და, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, საკადრო ცვლილებამაც არ დააყოვნა! ჰო, ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა გიორგი დევდარიანისა და "დილას" ურთიერთობა - IX ტურიდან გუნდს უკვე რამაზ სოღოლაშვილი მოძღვრავდა, წლების განმავლობაში გორელთა გუნდის მეკარე რომ იყო და თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და თბილისის "დინამოშიც" რომ უთამაშია.

სოღოლაშვილი ბოლო წლები "დილას" სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ და, აქედან გამომდინარე, უცხო გარემოში ნამდვილად არ მოხვედრილა.

სხვათა შორის, მისი ხელმძღვანელობით "დილამ" ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა...

Sportall.Ge

მეკარე
"დილას" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწინდარი, რაღა თქმა უნდა, მეკარის ფაქტორიც იყო: გორელთა გუნდის კარს ხომ ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მეკარე, ნუკრი რევიშვილი იცავდა!

სამწუხაროდ, ასეთი მაღალი დონის მეკარეს მეორე ეტაპზე ვეღარ ვიხილავთ: ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ 26 წლის რევიშვილი თავის კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. პირველი ეტაპის დასკვნით ორ ტურში "დილას" კარს ბექა შეყრილაძე იცავდა და წარმატებულადაც: 30 წლის მეკარემ ორივე მატჩი "მშრალად" ჩაატარა.

დაცვა
საქართველოს ჩემპიონატში ერთი-ორი გუნდი თუ ასპარეზობს სამი ცენტრალური მცველით და მათ შორის, უპირველესად, "დილა" უნდა ვახსენოთ. 32 წლის ოთარ ხიზანეიშვილს, 29 წლის ალექსანდრე კვახაძესა და 25 წლის გულვერდ თომაშვილს გამოცდილება ნამდვილად არ დაეწუნებათ, თუმცა ამ "ტრიოს" ერთად ხშირად არც უთამაშია.

ასევე ბევრი გაუცდა ერთობ პერსპექტიულ მცველს, 21 წლის მამუკა კობახიძეს; რაც შეეხებათ ფლანგის მცველებს, მარცხნივ, უმეტესწილად, 25 წლის გიორგი გურული ასპარეზობდა, მარჯვნივ - 28 წლის თემურ ღონღაძე; რაც შეეხება ამპლუით ასევე მარჯვენა მცველს კახა ალადაშვილს, იყო მატჩები, როცა 30 წლის ფეხბურთელი საყრდენ ნახევარმცველადაც გაუმწესებიათ და ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზია.

Sportall.Ge

ნახევარდაცვა
ლაშა გვალია "დილას" საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ და მისი წასვლით გორელთა გუნდის შუა ხაზი რომ საგრძნობლად დასუსტდა, ფაქტია.

თუმცა ამ რგოლში მაინც დარჩნენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა ასპარეზობაზეც ბევრად იყო დამოკიდებული გუნდის წარმატებული თამაში: 33 წლის დავით ბოლქვაძე ჩვეულად უძღვებოდა თანაგუნდელთა შეტევებს, 31 წლის გრიგოლ დოლიძეს სეზონის სტარტი მართლაც ზღაპრული გამოუვიდა, 25 წლის ირაკლი მაისურაძე კი ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე ასპარეზობდა.

სტაბილურობა აკლია, თორემ ერთობ პერსპექტიული გარემარბია 20 წლის მიხაილ გორელიშვილი; სასიამოვნოა, რომ ნელ-ნელა იმკვიდრებს ძირითადში ადგილს ასევე, უდავოდ, პერსპექტიული საყრდენი, 18 წლის გიორგი აბურჯანია.

მთავარ მწვრთნელად რამაზ სოღოლაშვილის დანიშვნის შემდეგ "დილას" შემადგენლობაში უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები: 26 წლის ტყუპი ძმები, პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები, აგრეთვე 29 წლის რომან გოგინაშვილი.

კიდევ ერთმა ადგილობრივმა ფეხბურთელმა, 25 წლის ნიკოლოზ სადაღაშვილმა კი პირველი ეტაპის დასკვნითი მატჩები ჩინებულად ჩაატარა და თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა რამდენიმე მატჩში.

თავდასხმა
წესითა და რიგით, ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეტევის ხაზი "დილას" უნდა ჰყოლოდა, მაგრამ 21 წლის გიორგი ილურიძემ გუნდი ზაფხულშივე დატოვა და ისე გამოვიდა, რომ თავდაპირველად, ფაქტობრივად, ერთადერთი ცენტრფორვარდი, ირაკლი მოდებაძე დარჩა.

29 წლის მოდებაძემ ჩვეულად, მაღალ დონეზე იასპარეზა და არც შედეგიანობა დაეწუნებოდა. პირველი ეტაპის ბოლოსკენ მშვენივრად ათამაშდა გუნდის ახალწვეული და ერთობ დიდი პოტენციალის მქონე ფორვარდი, 20 წლის გიორგი ქვილითაია, რომელმაც "ზესტაფონთან" მართლაც მშვენივრად ითამაშა.

Sportall.Ge

საუკეთესო მატჩი
პირველ ეტაპზე "დილამ" რამდენიმე გამორჩეული მატჩი ჩაატარა და უპირველესად, რაღა თქმა უნდა, 17 აგვისტოს "დინამოსთან" საშინაო შეხვედრა გვახსენდება.

ვისაც ის დაპირისპირება ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ "დილამ" ტიტულიან მეტოქეს თამაშით აჯობა და მხოლოდ მსაჯის შეცდომ(ებ)ის გამო ვერ შეძლო მოგება.

"დილას" არც მეორე წრის მატჩში უთამაშია ურიგოდ, როცა სტუმრად, "დინამოსთან" ფრეს მიაღწია. თუმცა, საუკეთესოდ მაინც "მეტალურგთან" და განსაკუთრებით, "ზესტაფონთან" მოგებული მატჩები მიგვაჩნია.

ყველაზე ცუდი მატჩი
"დილას" კრიზისული პერიოდის შესახებ ზემოთაც ვისაუბრეთ, როცა გუნდმა არასრულ ერთ თვეში სამი მატჩი წააგო. ამას გარდა, "დილას" ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა იყო 9 ნოემბერს "სიონთან" საშინაო მატჩიც.

მიზანი
პირველი ეტაპი "დილამ" მესამე ადგილზე კი დაამთავრა, მაგრამ იგივე "დინამოსა" თუ "ჩიხურასგან" განსხვავებით, გუნდს ზედა ექვსეულში მოხვედრა გარანტირებული ჯერ არა აქვს. ასე რომ, პირველი ეტაპის დასრულებამდე დარჩენილ ოთხ ტურს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

თუმცა დღესდღეობით მართლაც ძნელი სათქმელია, თუ როგორი შემადგენლობით მოუწევს გუნდს ზამთრის პაუზის მერე ასპარეზობა: ზემოთ ნახსენები ნუკრი რევიშვილის გარდა, გუნდი უკვე დატოვეს ირაკლი მოდებაძემ, გრიგოლ დოლიძემ და გიორგი გურულმა; არ არის გამორიცხული, რომ წამსვლელთა სია კიდევ გაიზარდოს და როგორ მოხვდება ამ ფეხბურთელების სრულფასოვნად ჩანაცვლება, დღესდღეობით ამის თქმა მართლაც ძნელია.

Sportall.Ge

დილას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ეტაპი: 18 მატჩი, 7 მოგება, 7 ფრე, 4 წაგება, ბურთები: 23-15, ადგილი-III

I ტური სიონი-დილა 1:2
II ტური დილა-დინამო 1:1
IV ტური დილა-მეტალურგი 3:0
V ტური ზესტაფონი-დილა 2:0
III ტური ტორპედო-დილა 0:0
IV ტური ჩიხურა-დილა 3:1
VII ტური დილა-სპარტაკი 3:1
VIII ტური გურია-დილა 2:0
IX ტური ვიტ ჯორჯია-დილა 0:2
XI ტური დილა-მერანი 3:0
XII ტური დილა-სიონი 0:2
XIII ტური დინამო-დილა 1:1
XIV ტური დილა-ტორპედო 3:0
XV ტური მეტალურგი-დილა 1:1
XVI ტური დილა-ზესტაფონი 3:1
XVII ტური დილა-ჩიხურა 0:0
XVIII ტური სპარტაკი-დილა 0:0

დილა 2013/14
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი - 16 (-15 გოლი), ბექა შეყრილაძე - 2 (0);
მცველები: გიორგი გურული - 15, თემურ ღონღაძე - 14 (1), ალექსანდრე კვახაძე - 14, კახა ალადაშვილი - 12, გულვერდ თომაშვილი - 11, მამუკა კობახიძე - 11, ოთარ ხიზანეიშვილი - 10 (1), გიორგი გაგნიძე - 2, ერიკ გაბარაევი  -2, გიორგი გაფრინდაშვილი - 1;
ნახევარმცველები: ირაკლი მაისურაძე - 18, დავით ბოლქვაძე - 16 (2), გრიგოლ დოლიძე - 15 (4), მიხაილ გორელიშვილი - 14 (2), გიორგი აბურჯანია - 12, გეგა დიასამიძე - 6, ნიკოლოზ სადაღაშვილი - 6(1), რომან გოგინაშვილი - 4, ვალტერ ხორგუაშვილი - 2, პავლე ხორგუაშვილი - 2, ლაშა გვალია - 1, თენგიზ წიქარიძე - 1;
თავდამსხმელები: ირაკლი მოდებაძე - 17 (9), გიორგი ქვილითაია - 12 (3), ნიკა ფილიევი - 7, რომან ახალკაცი - 3, გიორგი ილურიძე - 2, კონსტანტინე გაბაშვილი - 2;
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი (I-VIII ტური)
რამაზ სოღოლაშვილი (IX-XVIII ტური)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არვავის არ დაავიწყდეს დილას წარმატებები როგორი შთანბეჭდავი იყო, ეხლა კი ისევ ისე ახალი გუნდი ახალი სტილი და საერთოდ ფეხბურთს პატრონი არ ჰყავს!!! სიჭინავას როცა ამდენს უბედავენ(სფფ-ს პრეზიდენტი)სხვაზე რა უნდა ვთქვათ!!! ალბათ საფლავში ტრიალლებს ცხონებული ნოდარ ახალკაცი, აცხონოს ღმერთმა მისი სული
puma
17:45 09-01-2014
0

სიახლეები პოპულარული