უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ბოლნისის "სიონი"

AutoSharing Option
ზედიზედ რამდენიმე სეზონია, "სიონს" მხოლოდ და მხოლოდ მოკრძალებული მიზანი ჰქონდა - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ უკანასკნელ წლებში "სიონი" ამ მოკრძალებული მიზნის შესრულებას, ფაქტობრივად, ბოლო ტურში ახერხებდა.

არადა, ბოლნისურ გუნდს, ერთი შეხედვით, არც ბრძოლისუნარიანობა დაეწუნებოდა, არც გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდიდა, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, "სიონი" მუდამ ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფებოდა.

ამ სეზონის დაწყების წინ "სიონში" არაერთი გამოცდილი ახალწვეული ჩაირიცხა და ამის გამოც იყო, რომ ბევრის აზრით, უმაღლესი ლიგის ყველაზე ასაკოვან გუნდს არცთუ დალხენილი სატურნირო მდგომარეობა ელოდა. ამას
ისიც დაემატა, რომ გუნდს მოსამზადებელი პერიოდიც ჩაუვარდა და, რაც ყველაზე მთავარია, საშინაო მატჩების ბოლნისში ჩატარებაც აუკრძალეს!

ჰოდა, "სიონმაც" მთელი პირველი ეტაპი, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარა: მეტოქეებს ხან თბილისში ("მიხეილ მესხზე") მასპინძლობდა, ხან - რუსთავში, ხან კიდევ - გორში!

აქედან გამომდინარე, ბევრს არ გაჰკვირვებია ის ფაქტი, სეზონის სტარტზე გუნდი აშკარად არასტაბილურად რომ ასპარეზობდა, თანაც, ფეხბურთელთა ჯგუფი უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას შეუერთდა ამ ქვემოქართლურ გუნდს და შეთამაშების პრობლემაც ასევე აშკარა იყო.

არადა, სეზონის სტარტს ურიგო ნამდვილად არ ეთქმოდა: საწყის სამ ტურში ორი გამარჯვება; თუმცა ამას უკვე ხანგრძლივი მოუგებელი სერია მოჰყვა და საკადრო ცვლილებამაც არ დააყოვნა: X ტურის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი კიკნაძემ დატოვა. სულ მალე კი "სიონს" ახალი თავკაცი ჰყავდა: კლუბის გენერალური დირექტორი, ახლო წარსულში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ლადო ბურდული უკვე ახალ ამპლუაში მოგვევლინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ფუნქციებიც შეითავსა!

ბურდულის სამწვრთნელო დებიუტი სტუმრად "ზესტაფონთან" თასის საპასუხო მერვედფინალს დაემთხვა და წარმატებულიც გამოდგა: "სიონმა" თავისთვის სასურველ შედეგს მიაღწია და მეოთხედფინალშიც გავიდა.

ჰოდა, სწორედ აქედან დაიწყო ბოლნისელთა გუნდის წაუგებელი სერიაც: პირველი ეტაპის დასრულებამდე დარჩენილ რვა მატჩში "სიონს" მარცხი არ განუცდია! ეგ კი არა, სტუმრად "დილასა" და "გურიასთან" გამარჯვებებს ის მოჰყვა, რომ "სიონი" ჯერ სახიფათო ზონას დასცილდა, შემდეგ კი, როცა წაუგებელი სერია კვლავაც გაგრძელდა, ბოლნისურმა კლუბმა პირველი ეტაპი ერთობ კომფორტულ, მეოთხე პოზიციაზე დაასრულა!

Sportall.Ge

მეკარე
უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ორი გუნდის დასახელება შეგვიძლია, ორი თანაბარი დონის მეკარე სადაც ირიცხება. "ჩიხურაზე" უკვე ვისაუბრეთ და დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა "სიონშიც".

ბოლნისურ კლუბს ორი გამოცდილი და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც არცთუ ურიგო მეკარე ჰყავს: მირზა მერლანი და ზურაბ ბათიაშვილი (ორივე - 33 წლის); მოკლედ, ამ რგოლში სანერვიულო "სიონის" ქომაგებს არაფერი უნდა ჰქონდეთ.

დაცვა
ამ რგოლში "სიონს" არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს, სხვადასხვა პოზიციაზე რომ შეუძლია ასპარეზობა: 34 წლის რევაზ ქემოკლიძე, 33 წლის ვალერი აბრამიძე, 29 წლის დაჩი ფოფხაძე.

კვლავაც კაპიტნის სამკლავურით გამოჰყავს გუნდი "სიონის" ყველაზე სტაჟიან წევრს, 34 წლის დავით სვანიძეს; მცველის კვალობაზე, შესაშური შედეგიანობით გამოირჩა 25 წლის ლაშა თოთაძე. ვიდრე ტრავმას მიიღებდა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჩინებულად გამოიყურებოდა "დინამოდან" იჯარით გადმოყვანილი პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის არჩილ ტვილდიანი.

უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას "სიონში" კიდევ ერთი ცნობადი სახე ჩაირიცხა: თითქმის ორწლიანი უქმობის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა 29 წლის დავით იმედაშვილი, რომელსაც დაცვასა თუ ნახევარდაცვაში, სხვადასხვა პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში.

ნახევარდაცვა
გამოცდილი ფეხბურთელები "სიონს" ამ რგოლშიც მრავლად ჰყავს და ისიც უნდა ითქვას, რომ მათი დიდი დამსახურებაც არის ბოლნისელთა გუნდის წარმატებული ასპარეზობა. 34 წლის თორნიკე აფციაურს, 30 წლის ირაკლი სამხარაძესა და 26 წლის გიორგი კახელიშვილს საქართველოს ჩემპიონატში არაერთი სეზონი უთამაშიათ და "სიონის" ამ სამმა გამოცდილმა ახალწვეულმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლნისურ კლუბშიც გამოავლინა.

ამ რგოლში "სიონში" დიდი კონკურენციაა, თუმცა შედარებით ახალგაზრდებსაც ხშირად უწევდათ თამაში: 25 წლის საყრდენ ნახევარმცველ გიორგი განუგრავას და გარემარბებს, 24 წლის გიორგი ბიბილეიშვილსა და 23 წლის ზვიად ლობჯანიძეს.

არჩილ ტვილდიანის მსგავსად, სეზონის დაწყების წინ "სიონში" კიდევ ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი გადმოვიდა "დინამოდან" იჯარით და ამ შემთხვევაშიც გამართლებულ ტრანსფერად უნდა მივიჩნიოთ: 20 წლის ლაშა პარუნაშვილი ტრავმის მიღებამდე ბოლნისური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.

დაბოლოს, ამ რგოლის და, საერთოდ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერსა და მართლაც შეუცვლელ ფეხბურთელზე: ალექსანდრე გოგობერიშვილი "სიონს" ორწლინახევრიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და თავდაპირველად... მარცხენა მცველად (იმ პერიოდში "სიონი" ხუთი მცველით ასპარეზობდა) გამოდიოდა, თუმცა მერე რჩეულ ადგილს, ნახევარდაცვის ცენტრს დაუბრუნდა და უდიდესი წვლილიც შეიტანა გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში.

სხვათა შორის, XXV ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, 36 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილი "სიონის" ერთადერთი მოთამაშეა, პირველ ეტაპზე ყველა მატჩში რომ მიიღო მონაწილეობა.

Sportall.Ge

თავდასხმა
ისე როგორც წინა სეზონში, "სიონს" ამჯერადაც არ გაუმართლა ლეგიონერთა მოწვევაში; ყოველ შემთხვევაში, გუნდის ნიგერიელმა ახალწვეულმა კრისტიან ობინამ ჩემპიონატში მხოლოდ... 1 მატჩი (სტუმრად - "მერანთან") ჩაატარა!

სამაგიეროდ, გუნდის აღზევებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვით გამოცდილ ფორვარდებს, 33 წლის კოკა მიკუჩაძესა და 31 წლის ლადო ახალაიას.

გუნდში არსებული სერიოზული კონკურენციის გამო შედარებით ნაკლებად უწევდა თამაში პერსპექტიულ ბოლნისელ ფორვარდს, 21 წლის ჯაბა უგულავას.

საუკეთესო მატჩი
ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შედეგი ექნებოდა "სიონს", საშინაო მატჩები ბოლნისში რომ ჩაეტარებინა. თუმცა, ამის მიუხედავად, პირველ ეტაპზე ნეიტრალურ მოედნებზე გამართულ რამდენიმე შეხვედრაში "სიონმა" მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

განსაკუთრებით ის პერიოდი უნდა აღვნიშნოთ, როცა 9 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით "სიონმა" ზედიზედ 4 მატჩი მოიგო!

გამორჩეულად კი, რაღა თქმა უნდა, სტუმრად "დილასა" და "გურიასთან" მოგებები უნდა აღვნიშნოთ; სხვათა შორის, სწორედ "სიონი" იყო პირველი გუნდი, "გურიას" პირველი საშინაო მარცხი რომ აგემა.

ყველაზე ცუდი მატჩი
იმის მიუხედავად, რომ "დინამოსთან" დიდი ანგარიშით (1:4) წააგო, იმ მატჩში "სიონის" თამაშზე აუგს ვერავინ იტყოდა; ყოველ შემთხვევაში, პირველი ტაიმი ბოლნისელებმა ერთობ ღირსეულად იასპარეზეს და ვიდრე დაიღლებოდნენ, მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობაც გაუწიეს.

ისე კი, ვინ იცის, პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ როგორი "ფასი" დაედება აუტსაიდერებთან, "ზუგდიდთან" და "მერანთან" წაგებულ ორ მატჩს...

მიზანი
8 ტურის მერე "სიონის" სატურნირო მდგომარეობა კატასტროფული არა, მაგრამ აშკარად არასასურველი რომ იყო, ფაქტია; თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუნდმა ჩემპიონატშიც იყოჩაღა (რვამატჩიანი წაუგებელი სერია პატარა საქმე ნამდვილად არ არის) და თასის მეოთხედფინალშიც გავიდა.

თუმცა, "სიონს" ძალიან ცუდი კალენდარი აქვს: პირველი ეტაპის დარჩენილ ოთხ ტურში ლადო ბურდულის გუნდს "დინამოსთან", "ტორპედოსთან", "მეტალურგთან" და "ზესტაფონთან" ელოდება მატჩები.

თანაც, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბიუჯეტი ექნება "სიონს" და, აქედან გამომდინარე, ისიც უცნობია, თუ რა კონტინგენტი ეყოლება გუნდს.

Sportall.Ge

სიონის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ეტაპი: 18 მატჩი, 7 მოგება, 6 ფრე, 5 წაგება, ბურთები: 22-19

I ტური სიონი-დილა 1:2
II ტური სპარტაკი-სიონი 0:2
III ტური სიონი-გურია 2:0
IV ტური ზუგდიდი-სიონი 2:1
V ტური სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1
VI ტური მერანი-სიონი 2:0
VII ტური სიონი-ჩიხურა 2:2
VIII ტური სიონი-დინამო 1:4
IX ტური ტორპედო-სიონი 1:1
X ტური სიონი-მეტალურგი 0:1
XI ტური ზესტაფონი-სიონი 0:0
XII ტური დილა-სიონი 0:2
XIII ტური სიონი-სპარტაკი 3:2
XIV ტური გურია-სიონი 1:2
XV ტური სიონი-ზუგდიდი 1:0
XVI ტური ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0
XVII ტური სიონი-მერანი 2:0
XVIII ტური ჩიხურა-სიონი 1:1

სიონი 2013/14
მეკარეები: მირზა მერლანი - 14 (-12 გოლი), ზურაბ ბათიაშვილი - 4 (-7 გოლი);
მცველები: რევაზ ქემოკლიძე - 14, დავით სვანიძე - 14 (1), ვალერი აბრამიძე - 11 (1), დავით იმედაშვილი - 11, დაჩი ფოფხაძე - 10, ლაშა თოთაძე - 10 (3), არჩილ ტვილდიანი - 7, გივი იოსელიანი - 2, ირაკლი ხუჭუა - 1;
ნახევარმცველები: ალექსანდრე გოგობერიშვილი - 18 (1), გიორგი განუგრავა - 15 (2), თორნიკე აფციაური - 14 (1), ზვიად ლობჯანიძე - 14, გიორგი კახელიშვილი - 13 (3), გიორგი ბიბილეიშვილი - 11, ლაშა პარუნაშვილი - 11, ირაკლი სამხარაძე - 8 (3), გიორგი ცხადაია - 7, ვლადიმერ უგრეხელიძე - 6, გიორგი ჩივაძე - 4;
თავდამსხმელები: კოკა მიკუჩაძე - 13 (2), ლადო ახალაია - 11 (4), ჯაბა უგულავა - 7 (1), კრისტიან ობინა - 1.

მთავარი მწვრთნელი:
გიორგი კიკნაძე (I-X ტური) ლადო ბურდული (XI-XVIII ტური)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი რის თქმაც შემიძლია ღმერთმა გვიმრავლოს ბურდულის ნაირი პროპესიონალი და პატრიოტი ხალხი ქართულ ფეხბურთში!!!! ამ ბიჭს არც განათლება აკლია და არც პროფესიონალიზმი!!!!
გია001
18:31 10-01-2014
0

სიახლეები პოპულარული