უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"

AutoSharing Option
მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში არ ვიშურებდით ეპითეტებს ერთი კონკრეტული გუნდის ასპარეზობის გამო: უმაღლეს ლიგაში 11-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა "გურიამ" მართლაც რომ სასიამოვნოდ გაგვაოცა და, ყველასათვის მოულოდნელად, ზამთრის პაუზას V ადგილზე შეხვდა.

ეგ კი არა, რომ არა პირველი ეტაპის დასკვნით ხუთ მატჩში წარუმატებლობის სერია, ძალიან დიდი შანსი იყო, ლანჩხუთელთა საყვარელ გუნდს პირველ სამეულში დაესრულებინა ჩემპიონატის საშუალედო ეტაპი. არადა, ლაპარაკია გუნდზე, რომლის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაც ყველას ძალიან გაგვიხარდა და რომლის... მონაწილეობაც ამ სეზონში, ფაქტობრივად, ჩემპიონატის დაწყების დღეს გადაწყდა!

ჰო, უცნაურობები თუ უსიამოვნებები
არ მოჰკლებია ამ გუნდს ჯერ ზაფხულში (ანუ, ვიდრე სეზონი დაიწყებოდა), მერე კიდევ - უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისასაც. ყველაზე საწყენი კი მაინც ის იყო, რომ ჩემპიონატი უნდა დაწყებულიყო და გუნდის მთავარ მწვრთნელს, დავით მახარაძეს იმ 11 ფეხბურთელის მოძებნა უწევდა, პირველ ტურში "ვიტ ჯორჯიასთან" მოედანზე რომ გამოსულიყო...

აი, ასე - უფულოდ და ყოვლად მოუმზადებელი შეხვდა "გურია" ახალ სეზონს, რომელიც, რა თქმა უნდა, ლოგიკური მარცხით დაიწყო. ამას თან ისიც დაემატა, რომ ლანჩხუთის სტადიონის მოუწესრიგებლობის გამო "გურიას" საშინაო მატჩები, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედნებზე (ფოთი, ქობულეთი) უნდა ჩაეტარებინა და უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებული გუნდი ძალიან ბევრმა განწირულ აუტსაიდერადაც "მონათლა".

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა - უკვე მეორე ტურისათვის "გურიას" იმ ფეხბურთელთა ნაწილი დაუბრუნდა, რომელთა დამსახურებითაც წინა სეზონში პირველი ლიგის გათამაშება მოიგო; ამას გარდა, "გურიაში" რამდენიმე გამოცდილი ახალწვეული (მინდია ბობღიაშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, ალექსანდრე კოშკაძე) ჩაირიცხა და ლანჩხუთელებმაც ერთიმეორეზე სასიამოვნო სიურპრიზები მოუწყვეს თავიანთ ერთგულ ქომაგებს.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 4 დეკემბრამდე სწორედ "გურია" იყო ერთადერთი გუნდი, საშინაო მატჩებში 100-პროცენტიანი შედეგი რომ ჰქონდა!

ამასობაში ერთი-ორი საგარეო გამარჯვების "დროც დადგა" და გამოკვეთილ აუტსაიდერობას რომ უწინასწარმეტყველებდნენ, აი, ის გუნდი... მესამე ადგილამდე აღზევდა! თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია გუნდზე, ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე რომ ასპარეზობდა და სადაც ფეხბურთელები... თამაშის დღეს იკრიბებოდნენ...

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს კლუბის მესვეურთა აშკარად გაუმართლებელი საქციელი: 7 ტურის მერე დავით მახარაძის ნაცვლად "გურიას" მთავარ მწვრთნელად რომან პოკორა დაინიშნა.

გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "გურიამ" თავიდან რამდენიმე წარმატებული მატჩი კი ჩაატარა, მაგრამ პირველი ეტაპის დასკვნით ხუთ შეხვედრაში გუნდმა 4 მატჩი წააგო და პოკორასაც სამშობლოში გამგზავრება მოუწია...

Sportall.Ge

მეკარე
პირველი ტურის მატჩში "გურიას" კარს 24 წლის მიხეილ გოგუაძე იცავდა, აი, იმის შემდეგ კი ძირითადი მეკარის სტატუსი "სიონიდან" გადმოსულმა მინდია ბობღიაშვილმა "დაისაკუთრა". 30 წლის ბობღიაშვილს პირველი ეტაპი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაუტარებია, რის დასტურადაც ის ფაქტი გამოდგება, რომ ეს გამოცდილი მეკარე სამჯერ მოხვდა "ლელოს" ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში".

დაცვა
პირველ ეტაპზე "გურიას" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ 22 წლის მარჯვენა მცველი არნო ჩუენსუ. კამერუნელი ფეხბურთელი წინა სეზონშიც (პირველ ლიგაში) გამორჩეული გახლდათ და თავი არც უმაღლეს ლიგაში შეურცხვენია.

ცენტრალური მცველების "დუეტს" ახალწვეულები შეადგენდნენ: 25 წლის ვალერი იობაშვილი და 30 წლის თენგიზ ჩიკვილაძე.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებულმა ჩიკვილაძემ კვლავაც გააგრძელა... ბომბარდირული თვისებები: ამპლუით მცველისათვის 4 გოლის გატანა პატარა ამბავი ნამდვილად არ არის.

მარცხენა მცველის პოზიციაზე უკონკურენტო იყო სწრაფი და შეტევებში ჩართვის მოყვარული, 23 წლის ნიკა ჯიშკარიანი.

ნახევარდაცვა
გუნდის საუკეთესო რგოლად, უდავოდ, ნახევარდაცვა უნდა მივიჩნიოთ. ისე, როგორც წინა სეზონში (პირველ ლიგაში ასპარეზობის დროს), ახლაც ჩინებულად გაისარჯნენ "გურიას" სწრაფი გარემარბები: 29 წლის კობა შალამბერიძე (მარცხენაფლანგელი) და 24 წლის ალექსანდრე შენგელია (მარჯვენაფლანგელი), რომლებიც სამ-სამჯერ მოხვდნენ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში", ისე, როგორც "გურიას" ყველაზე გამოცდილი ახალწვეული და ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბებული, 32 წლის ალექსანდრე კოშკაძე.

ეს უკანასკნელი თავის საყვარელ პოზიციაზე, თავდამსხმელის უკან ასპარეზობდა და საგოლე პასების გარდა, რამდენჯერმე ეფექტური გოლებითაც გამოირჩა: ერთხელ სულაც... კუთხურიდან "ჩააბზრიალა" ბურთი კარში!..

რაც შეეხებათ საყრდენ ნახევარმცველებს, გამოცდილი, 33 წლის ვლადიმერ ჯოჯუას გვერდით უფრო ხშირად ახალგაზრდა, 20 წლის ნოდარ გაჩეჩილაძე ასპარეზობდა, ხან კიდევ - 23 წლის ერეკლე კილაძე თუ 32 წლის ვიტალი დარჩიძე. არც ტარიელ კუკულაძე უნდა გამოგვრჩეს: 31 წლის ადგილობრივი ფეხბურთელი ხომ "გურიას" ყველაზე სტაჟიანი წევრი გახლავთ.

თავდასხმა
ახალი სეზონის დაწყებამდე "გურია" ორივე წამყვანმა და გამოცდილმა ფორვარდმა, გიგა კვერენჩხილაძემ და მიხეილ კაკალაძემ დატოვა; ამიტომაც საჭირო იყო შედეგიანი თავდამსხმელის მოძებნა და როგორც მერე გაირკვა, "გურიას" არჩევანმა გაამართლა: "სიონიდან" გადმოყვანილი 22 წლის ვილი ისიანი კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს ატარებს.

აი, რაც შეეხება მეორე ახალწვეულ ფორვარდს, 27 წლის მამუკა ტორონჯაძეს, ძირითადად, შეცვლებზე უწევდა თამაში.

Sportall.Ge

საუკეთესო მატჩი
ეს ფაქტი, ალბათ, თავიდანვე უნდა აგვეღნიშნა: პირველ ეტაპზე "გურია" იყო ერთადერთი გუნდი, არც ერთი მატჩი ფრედ რომ არ უთამაშია!

აი, ასეთი უკომპრომისო გუნდით შეუძლიათ იამაყონ ლანჩხუთელებმა; ისე, როგორც იმ ფაქტით, რომ "გურიამ" საშინაო მატჩებში (ოღონდ - სხვა ქალაქის სტადიონებზე) შეძლო და ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა თბილისის "დინამო", რუსთავის "მეტალურგი", გორის "დილა".

თანაც, ამ მოგებებიდან ვერც ერთს ვუწოდებთ შემთხვევითს...

ყველაზე ცუდი მატჩი
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა X ტურში "ჩიხურასთან" სტუმრად ჩატარებული მატჩი უნდა მივიჩნიოთ, როცა "გურია" დიდი ანგარიშით (1:5) დამარცხდა. თუმცა იმ მომენტისათვის ეს ფაქტი კატასტროფად არავინ აღიქვა.

სამაგიეროდ, დეკემბრის დასაწყისიდან გუნდს აშკარა კრიზისი დაეწყო და მოუმზადებელ-უვარჯიშებელ-უფულო გუნდმაც ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე მატჩი წააგო. აი, თუნდაც რუსთავში ჩატარებული შეხვედრა გავიხსენოთ, როცა "გურიას", ფაქტობრივად, წინააღმდეგობა არ გაუწევია "მეტალურგისათვის".

მიზანი
ერთი შეხედვით, პირველი ეტაპი გუნდმა მართლაც კომფორტულ პოზიციაზე დაამთავრა, მაგრამ მეორე ეტაპის დაწყებამდე დარჩენილ ოთხ ტურში "გურიას" სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, ზედა ექვსეულში ადგილი რომ შეინარჩუნოს.

მით უმეტეს, რომ ოთხი ვაკანტური ადგილისათვის ("დინამოსა" და "ჩიხურას", ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ ზედა ექვსეულში მოხვედრა) ერთდროულად 6 გუნდი იბრძვის: "დილა", "სიონი", "გურია", "მეტალურგი", "ზესტაფონი" და "ვიტ ჯორჯია".

ჰო, "ტორპედოც" არ დაგვავიწყდეს: ქუთაისურ კლუბში ხომ სერიოზული ცვლილებები მოხდა ამ ზამთრის პაუზის დროს. თუმცა სჯობს, ისევ "გურიას" დავუბრუნდეთ, რომლის გაძღოლა კვლავაც დავით მახარაძეს მიანდეს.

Sportall.Ge

გურიას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ეტაპი: 18 მატჩი, 9 მოგება, 0 ფრე, 9 წაგება, ბურთები: 20-25, ადგილი - V

I ტური ვიტ ჯორჯია-გურია 3:0
II ტური გურია-მერანი 1:0
III ტური სიონი-გურია 2:0
IV ტური გურია-დინამო 2:1
V ტური ტორპედო-გურია 1:0
VI ტური გურია-მეტალურგი 3:1
VII ტური ზესტაფონი-გურია 1:0
VIII ტური გურია-დილა 2:0
IX ტური სპარტაკი-გურია 0:1
X ტური ჩიხურა-გურია 5:1
XI ტური გურია-ზუგდიდი 1:0
XII ტური გურია-ვიტ ჯორჯია 2:1
XIII ტური მერანი-გურია 1:2
XIV ტური გურია-სიონი 1:2
XV ტური დინამო-გურია 3:1
XVI ტური გურია-ტორპედო 2:0
XVII ტური მეტალურგი-გურია 3:1
XVIII ტური გურია-ზესტაფონი 1:1

გურია 2013/14
მეკარეები: მინდია ბობღიაშვილი - 17 (-22 გოლი), მიხეილ გოგუაძე - 1 (-3 გოლი);
მცველები: ნიკა ჯიშკარიანი - 17, ვალერი იობაშვილი - 17, არნო ჩუენსუ - 17, თენგიზ ჩიკვილაძე - 16 (4), ლევან ჩაგელიშვილი - 4, გიგა ჭეიშვილი - 4, ვიტალი შუმეიკო - 1;
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე - 18 (4), ალექსანდრე შენგელია - 17 (3), კობა შალამბერიძე - 15 (2), ვლადიმერ ჯოჯუა - 15, ნოდარ გაჩეჩილაძე - 15, ერეკლე კილაძე - 10, ტარიელ კუკულაძე - 9, ვიტალი დარჩიძე - 7, გიორგი ჯოხაძე - 7, თეიმურაზ შარაშენიძე - 3, ზურაბ ძამსაშვილი - 2;
თავდამსხმელები: ვილი ისიანი - 16 (6), მამუკა ტორონჯაძე - 16 (1), გურამ მახარაძე - 3, სერგო ფირცხალაიშვილი - 1, სანდრო ბახია - 1.

მთავარი მწვრთნელი:
დავით მახარაძე (I-VII ტური). რომან პოკორა (VIII-XVIII ტური).

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ბოლნისის "სიონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინტერნეტ პორტალს დიდი მადლობა, გურიას გულმხურვალე მხარდაჭერისთვის. იმედია გუნდი გადარჩება, და გურულებს საფეხბურთო ზეიმს არ წაგვართმევენ
rigiti guruli
16:43 13-01-2014
0

სიახლეები პოპულარული