"ზესტაფონმა" ომარ მიგინეიშვილიც დაიმატა

AutoSharing Option
"ზესტაფონი" სატრანსფერო საქმიანობას აგრძელებს - მარგველებმა 29 წლის მეკარე ომარ მიგინეიშვილი დაიმატეს.

მიგინეიშვილმა კარიერის ჯერჯერობით საუკეთესო მონაკვეთი ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა. უშიშარი გოლკიპერია, მისი ფსიქოლოგიურად გატეხვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ "ტორპედოში" თამაშის პერიოდში გამოიძახა ის ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიამ.

2012/13 წლების სეზონის შემდეგ მიგინეიშვილი თბილისის "დინამოში" გადავიდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. ტრანსფერი, ალბათ, იმაზე იყო გათვლილი, რომ "დინამო" გიორგი ლორიას რომელიმე უცხოურ კლუბში გაასხვისებდა და მის ადგილს მიგინეიშვილი დაიკავებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

მიგინეიშვილის "ტორპედოში" თამაში იმ პერიოდსაც დაემთხვა, როცა ქუთაისელებს
გია გეგუჩაძე
წვრთნიდა, ახლა კი ეს სპეციალისტი "ზესტაფონში" დაბრუნდა და რამდენიმე ექსტორპედოელის შემდეგ მიგინეიშვილიც თავისთან იახლა.

მას შემდეგ, რაც "ზესტაფონი" როინ კვასხვაძემ დატოვა, მარგველებს კვალიფიციური, გამოცდილი მეკარე ძალიან სჭირდებოდათ და ეს ვაკანსიაც უკვე შევსებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული