ოცნებების ასრულება... ინტერვიუ მალხაზ ჟვანიასთან

AutoSharing Option
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა სპეციალისტი მალხაზ ჟვანია დაინიშნა. ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ჟვანიასთვის ჩაბარება იმ პერიოდში მთლად მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო: მანამდე ხომ, ორი თვის განმავლობაში, პირველ ლიგაში მოასპარეზე "დინამო 2"-ს თავკაცობდა და ამ გუნდთან ერთად 6-დან 6 მატჩი მოიგო.

თუმცა ჟვანია-მწვრთნელის შესაძლებლობები მარტვილის "მერანში" 7-წლიანი (!) მოღვაწეობისას წარმოჩნდა: ყველასათვის უცნობმა სპეციალისტმა ეს პერიფერიული კლუბი ჯერ უმაღლეს ლიგაში აღაზევა, მერე კი უძლიერესთა შორის ასპარეზობისასაც ღირსეულად გამოდიოდა.

ჰო, ბევრს უკვირდა, თუ როგორ უპრობლემოდ დამკვიდრდა უმაღლეს ლიგაში,
ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული პერიფერიული გუნდი, რომელიც საკუთარ მოედანზე მართლაც უსიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობდა თავისზე ბევრად სახელიან თუ ტიტულიან მეტოქეებს.

მალხაზ ჟვანიას "მერანს" საკუთარი სათამაშო ხელწერითაც გამოარჩევდით, სადაც ყოველ სეზონში, სულ მცირე, სამი-ოთხი პერსპექტიული ახალგაზრდა უნდა წარმოჩენილიყო და სადაც გამოცდილ ფეხბურთელებსაც საკმარისზე მეტი ნდობა ჰქონდათ გამოცხადებული. თუმცა ერთია - "მერანში" წარმატებული მუშაობა და სულ სხვაა - "დინამოს" გაწვრთნა!..

...მალხაზ ჟვანიას 23 დეკემბერს შევხვდით დიღმის საწვრთნელ ბაზაზე და "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში მის პირველ და ვრცელ ინტერვიუში, ყველაზე ნაკლები დრო... დღევანდელ "დინამოს" დავუთმეთ. არა უშავს, ამის დროც მოვა: "დინამოს" ახალი თავკაცი ხომ, ფაქტობრივად, ახალ გუნდს "აშენებს"; აი, ინტერვიუს დროს კი დიდ ფეხბურთში მის პირველ ნაბიჯებზე, საფეხბურთო კარიერასა თუ სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ...

ნორჩი დინამოელი, მარგვეთი...
- წლების განმავლობაში "მერანის" მთავარი მწვრთნელი იყავით და ბევრს ჰგონია, რომ მარტვილში ხართ დაბადებული; ისე, როგორც ბევრმა არ იცის თქვენი საფეხბურთო კარიერის შესახებ...
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ფეხბურთის თამაშიც აქ დავიწყე "ნორჩ დინამოელში", ცხონებულ რევაზ გაგუასთან.

- იმდროინდელი თანაგუნდელებისგან შემდგომში დიდი ფეხბურთი ვინ ითამაშა?
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ "ნორჩ დინამოელში" შემდეგ უკვე თენგიზ ჩარკვიანთან ვვარჯიშობდი და 1976 წელს დაბადებულთა მართლაც სოლიდური გუნდი გვყავდა: გიორგი დემეტრაძე, ირაკლი ვაშაკიძე, ზაზა ზამთარაძე... მერე "ავაზადან" ლევან ცქიტიშვილი გადმოვიდა, "ლოკომოტივიდან" კი - გიორგი კიკნაძე; ბოლოს ალექსანდრე იაშვილიც შემოგვიერთდა, რომელიც ასაკით ჩვენზე უმცროსი იყო.

- სხვების რა მოგახსენოთ, მაგრამ აი, ჩვენ კი გვახსოვს ზესტაფონის "მარგვეთის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მალხაზ ჟვანია, 90-იანი წლების შუაგულში რამდენიმე სეზონი რომ გაატარა უმაღლეს ლიგაში. "მარგვეთში" როგორ აღმოჩნდით 18 წლის თბილისელი ბიჭი?
- "ნორჩ დინამოელში" რომ ოსტატდები, ერთადერთი საფიქრალი გაქვს - თბილისის "დინამოს" მაისურა მოირგო; სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში, ეს მიუღწეველ ოცნებად დამრჩა და "მარგვეთის" იმდროინდელი პრეზიდენტის, თამაზ შარაშენიძის ინიციატივით, ზესტაფონის გუნდში ჩავირიცხე.

- იმდროინდელი "მარგვეთი" მართლაც არ იყო ურიგო გუნდი: ერთგული ქომაგებით, გამოცდილი მწვრთნელით (ანზორ ჩუბინიძე) და ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით...
- სწორად აღნიშნეთ: მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც მნიშვნელოვანი იყო და გამოცდილი ფეხბურთელების, ზაზა გურიელიძის, ნოდარ კიკნაძის, ვეფხია გვენცაძის, ზვიად ენდელაძის გვერდით ასპარეზობაც. ახალგაზრდა ბიჭს ყველა გვერდში დამიდგა და მეც უდიდესი გამოცდილება მივიღე.

- 1995/96 წლების სეზონის ბოლო ტურში, რუსთავის "მეტალურგის" და "მარგვეთის" შეხვედრაში ევროტურნირების საგზურის ბედი წყდებოდა და ის მატჩი ზესტაფონელებმა მოიგეს. თუმცა მაშინაც ბევრი მიიჩნევდა, რომ მთლად "სუფთა" თამაში არ ყოფილა...
- სამწუხაროდ, იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია; თუმცა, რამდენადაც ვიცი, ნაღდი თამაში იყო!

- 1996 წლის ზაფხულში "მარგვეთმა" (ევროტურნირებზე დებიუტი რომ ჰქონდა) ჯერ ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცა, როცა მალტის "შლიემას" სტუმრად 3:1 მოუგო, შინ კი 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. რა მოხდა საპასუხო მატჩში?
- უპირველეს ყოვლისა, ამ მარცხის მიზეზი ჩვენი ფეხბურთელების არასაკმარისი ტაქტიკური განსწავლულობა იყო. ეგ კი არა, სამწუხაროდ, დღესაც ასეთი სიტუაციაა, თუმცა იმდროინდელ ამბებს დავუბრუნდეთ. კარგად მახსოვს, საშინაო მარცხის მერე მალტელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რომ თქვა: დარწმუნებული ვარ, საპასუხო შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდებაო და ასეც მოხდა.

- დიდი ანგარიშით წაგების მიზეზი მაინც რა იყო?
- ხომ გითხარით, ტაქტიკურად არასწორი თამაში: ზესტაფონში მალტელებმა, პირველ მატჩთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებული სტილი შემოგვთავაზეს; ამას გარდა, უშუალოდ თამაშის დროსაც რამდენჯერმე შეცვალეს ტაქტიკა. კიდევ ერთი მიზეზი ჩვენი ფეხბურთელების ზედმეტი თავდაჯერებაც იყო...

ბერძნული კარიერა
- "მარგვეთს", და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატს ერთობ ადრეულ ასაკში, 21 წლისა დაემშვიდობეთ და კარიერაც უცხოეთში გააგრძელეთ...
- სამწუხაროდ, "მარგვეთის" პრეზიდენტს, ვასილ ხაჭაპურიძეს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ეს ყველაფერი გუნდის თამაშზეც აისახა; საქართველოს სხვა გუნდებშიც არ ყოფილა დალხენილი სიტუაცია და როგორც კი საბერძნეთში წასვლის ვარიანტი გამოჩნდა, ამაზე არც დავფიქრებულვარ.

- საერთო ჯამში, საბერძნეთში რამდენი სეზონი გაატარეთ?
- 8 სეზონი ვითამაშე და მართალია, ქვედა ლიგის გუნდებში ვიყავი, ვფიქრობ, დიდი საფეხბურთო განათლება მივიღე. მით უფრო, რომ იმ პერიოდში საბერძნეთში მართლაც ფეხბურთის ბუმი იყო. თანაც, სწორედ საბერძნეთში გავიცანი ელდარ ბაკურია, ვის გვერდითაც ერთი სეზონი ვითამაშე, მერე კი ჩვენი ურთიერთობა "მერანში" გაგრძელდა, როცა იგი გუნდის დირექტორი გახლდათ, მე კი - მთავარი მწვრთნელი.

- "მერანს" აუცილებლად დავუბრუნდებით. მანამდე კი სხვა რამ გვაინტერესებს: როცა აქტიურ კარიერას მისდევდით, თქვენს ამპლუაში მისაბაძი ფეხბურთელი ვინ გყავდათ?
- ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა ალექსანდრე ჩივაძის ძველი მატჩების ცქერა: როგორ დინჯად, თავისუფლად მოქმედებდა და თანაც, მთელი გუნდის თამაშიც "მიჰყავდა". იგივე შემიძლია ვთქვა ესპანელ იეროზეც. ერთი პერიოდი საყრდენ ნახევარმცველად ვთამაშობდი და ამ პოზიციაზე განსაკუთრებით კლოდ მაკელელეს ასპარეზობა მომწონდა - ერთნაირი წარმატებით რომ შეეძლო წინ და უკან თამაში.

- მწვრთნელობაზე სერიოზულად როდის დაფიქრდით?
- საბერძნეთში უკანასკნელ სეზონს რომ ვატარებდი, იმ კლუბის გაწვრთნა შემომთავაზეს, მაგრამ გულმა მაინც სამშობლოსკენ გამომიწია. თანაც, ძალიან საინტერესოდ მეჩვენა ფრიდონ ინჯიასა და ელდარ ბაკურიას წამოწყებული პროექტი: ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მარტვილში საფეხბურთო გუნდი ჩამოეყალიბებინათ.

7 წელი მერანში
- თქვენც დათანხმდით "მერანის" გაწვრთნას, არადა, ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ გქონიათ...
- ოდესმე ხომ უნდა მეცადა ბედი; თანაც, ერთობ საინტერესო იდეა იყო: რაიონში ფეხბურთის განვითარება და გუნდშიც, რაც შეიძლება, მეტი ადგილობრივი მოთამაშის დასაქმება.

- თუმცა მერე და მერე, ალბათ, "მადაც" გაიზარდა; ისიც კარგად გვახსოვს, 2010 წლის გაზაფხულზე, პირველ ლიგაში მოასპარეზე "მერანმა" საქართველოს თასის ნახევარფინალამდე რომ მიაღწია და სწორედ მაშინ "გაიცნო" ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ მწვრთნელი მალხაზ ჟვანიაც...
- ძალიან ახლოს ვიყავით თასის ფინალში გასვლასთან, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქემ გამოცდილების და კლასის ხარჯზე გვაჯობა და ორი უპასუხო გოლი გაგვიტანა. არადა, პირველი მატჩი შინ 1:0 გვქონდა მოგებული. თანაც, არ დაგავიწყდეთ, იმდროინდელი "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო და თასიც აიღო.

- უმაღლეს ლიგაში აღზევებაზეც სწორედ მაგ პერიოდში დაფიქრდით?
- ნებისმიერ მწვრთნელს რაღაც მიზანი უნდა ჰქონდეს, ოღონდ რეალობაზე დამყარებული; ანუ ადრეც დავფიქრებულვარ, მაგრამ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩების მერე უკვე სერიოზულად მივუდექით ამ საქმეს.

რა თქმა უნდა, დიდი რისკიც იყო და ელდარ ბაკურიასთან ერთად, კლუბის პრეზიდენტის, ფრიდონ ინჯიას დარწმუნებაც დაგვჭირდა: უმაღლეს ლიგაში ხომ ხარჯიც მეტია, მოთხოვნებიც და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ "მერანი" უმაღლეს ლიგაში აღზევდა, რაშიც უდიდესი წვლილი მარტვილელ ქომაგებსაც მიუძღოდათ.

- პირველ ლიგაშიც და მერე, უმაღლესშიც, თქვენ მიერ გაწვრთნილ "მერანში" არაერთი 18-19 წლის ბიჭის გვერდით გამოცდილი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ - გიორგი მანწკავა, გივი დიდავა, შოთა ბაბუნაშვილი...
- დისკომფორტი არავისთან მქონია: ახალგაზრდა ფეხბურთელებთანაც ყოველთვის მსიამოვნებდა მუშაობა და თითქმის ჩემ თანატოლ მოთამაშეებთანაც. მთავარი ის იყო, რომ ყველა მათგანს მოედანზე ის შეესრულებინა, რასაც მე ვითხოვდი.

- უმაღლეს ლიგაში თქვენი და "მერანის" სადებიუტო სეზონში გუნდში ერთი ახალწვეულიც მიიყვანეთ - ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელიც ქართველი ქომაგისათვის უცნობი ფეხბურთელი იყო. თუმცა სწორედ მარტვილურ გუნდში წარმოჩნდა მისი შესაძლებლობები...
- მანამდე ბათუმის "დინამოში" თამაშობდა და უდიდესი პოტენციალი დავინახე; ძალიან ბევრი ფეხბურთელისგან გამოარჩევდით - აზროვნებითაც, მოედანზე მოქმედებითაც. მოკლედ, გამორჩეულ მოთამაშედ მივიჩნევდი...

- ჯონი შეროზია, პაპუნა ფონიავა, ლევან გეგეჭკორი, ბექა ციკოლია, აკაკი შულაია - ყველა ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი "მერანის" ძირითადში თქვენ დააწინაურეთ. ამათ გარდა, რამდენიმე ლეგიონერიც გყავდათ...
- ამათგან მხოლოდ ერთმა ითამაშა მეტ-ნაკლებად ნორმალურ დონეზე - ტაპეს ვგულისხმობ, რომელიც სხვა ლეგიონერებისაგან განსხვავებით, მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდა.

- "მერანმა" სადებიუტო სეზონში პატარა სასწაულიც მოახდინა: "დინამოს" საშინაო მატჩი მოუგო, სტუმრად კი ფრედ ეთამაშა...
- 2011 წლის დეკემბერში, პირველი ეტაპის ბოლო მატჩის წინ არც მე და არც "მერანის" ფეხბურთელებს მოტივაცია არ გვჭირდებოდა! ჰოდა, მაყურებლის მხარდაჭერამ, ბიჭების სულისკვეთებამ და მოედნის ფაქტორმაც ის მოიტანა, რომ "დინამო" დავამარცხეთ!

- მარტვილის მოედნის ფაქტორი თქვენ თვითონ ახსენეთ...
- როგორც სხვებისთვის, ჩვენთვისაც არ იყო სასურველი უხარისხო საფარზე თამაში; უბრალოდ, უფრო შეჩვეულები ვიყავით...

- გულახდილად გკითხავთ: როცა "მერანში" მუშაობდით, თბილისის "დინამოს" გაწვრთნაზე არ ოცნებობდით?
- რა დასამალია: ამის სურვილი ყოველთვის მქონდა; მით უფრო, რომ ფეხბურთელობის დროს ვერ ავისრულე ოცნება, ამ დიდ გუნდში მეთამაშა...

- "მერანში" შვიდ წელზე მეტი გაატარეთ. ერთი მხრივ, უჩვეულოა ქართული "სამწვრთნელო რეალობიდან" გამომდინარე და თქვენდამი დიდ ნდობაზეც მიუთითებს; მაგრამ, მეორე მხრივ, ცოტა დამღლელიც ხომ არ იყო ერთსა და იმავე სიტუაციაში ამდენი ხნით გაჩერება?
- გააჩნია, გუნდს რა მიზანი აქვს: თუ გუნდი ვითარდება და კლუბშიც "დალაგებული" სიტუაციაა, პირიქით, სასიამოვნოც არის ხანგრძლივი ვადით მუშაობა. აი, დამღლელი კი მაშინ არის, როცა გუნდს კონკრეტული მიზანი აღარ ექნება. ჩემს შემთხვევაში კი, არ დავმალავ, ბოლო დროს ვამჩნევდი, რომ "მერანში" საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე; არა, მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდიდი, მაგრამ წინსვლაც რომ არ მქონდა, ფაქტია...

საოცნებო თანამდებობა
- ...და ამ დროს, "დინამო 2"-დან მიიღეთ შემოთავაზება, რაც ბევრს გაუკვირდა: უმაღლესიდან ხომ პირველ ლიგაში გადადიოდით...
- მოკლედ გიპასუხებთ: გარემოს შეცვლაც მსურდა და ჩემს ოცნებასთანაც ძალიან ახლოს ვიქნებოდი.

- პირველი ლიგის გათამაშება სპეციფიკური ტურნირია, თუმცა იქ მუშაობის გამოცდილება გქონდათ. "დინამო 2"-ში თქვენი შედეგი შთამბეჭდავი გამოდგა: 6 მატჩი და 6 მოგება!
- "დინამო 2"-ის უმთავრესი მიზანი პირველი გუნდის ფეხბურთელებით მომარაგებაა; თუმცა იმას ხომ არ ვეტყოდი ბიჭებს, მოგებაზე არ იფიქროთ-მეთქი...

- და აი, ამ წარმატებულ სერიას თქვენი ოცნების ასრულებაც მოჰყვა - 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ!
- უპირველესი განცდა, რაც მქონდა, ის იყო, რომ ბატონი რომან ფიფიას მიერ გამოცხადებული ეს ნდობა გამემართლებინა! რა თქმა უნდა, როცა შემომთავაზეს ნებისმიერი ქართველი მწვრთნელისათვის საოცნებო პოსტი, არც დავფიქრებულვარ! ოღონდ ისიც კარგად ვიცოდი, რომ სერიოზული რისკიც იყო: ძალიან ძნელია, როცა სხვისი დაწყებული საქმე უნდა დაამთავრო...

- თქვენი ხელმძღვანელობით "დინამომ" ოთხი მატჩი ჩაატარა (სამი - ჩემპიონატში, ერთი - სუპერთასზე): ორი - მოიგო, ორიც წააგო...
- სწორედ ამ მატჩებს უნდა დაენახვებინა, თუ რამდენად იყო მზად გუნდი, განსხვავებული ფეხბურთი ეჩვენებინა.

- "განსხვავებულ ფეხბურთში" , ალბათ, ტაქტიკურ სქემასაც გულისხმობთ: თქვენი წინამორბედი, დუშან უჰრინი ყველა მატჩში ხომ ერთი და იგივე განლაგებით (4-4-2) ათამაშებდა "დინამოს". თანაც, შემადგენლობის როტაციაც არ უყვარდა...
- როტაცია იქნება და ბევრ ახალგაზრდასაც მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება - აი, ახლაც, რამდენიმე პერსპექტიული ჭაბუკი დავაწინაურეთ "დინამო 2"-დან. რაც შეეხება ტაქტიკურ განლაგებას, მთავარი გუნდიც და საერთოდ, "დინამოს" ყველა ასაკობრივი გუნდიც 4-3-3 ან 4-2-3-1 სქემით იასპარეზებს.

- ახალწვეულები "დინამოში" ვინც არიან, ყველანი თქვენი მოთხოვნით ჩაირიცხნენ?
- პირადად ჩემი მოთხოვნა იყო და მიმაჩნია, რომ ყველა რგოლში გავძლიერდით. აი, მაგალითად, თორნიკე გორგიაშვილს ბევრი გაუცდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოპტიმალურ ფორმას მალე აღიდგენს და "დინამოსაც" დიდ სამსახურს გაუწევს.

- ახალწვეულების კვალიფიკაციაში ჩვენც გეთანხმებით; თუმცა არ დავმალავთ და "დინამოდან" რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებამ თუ ტრანსფერზე დაყენებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აი, თუნდაც გივი კვარაცხელიას, ლევან ხმალაძის, ელგუჯა გრიგალაშვილისა თუ გიორგი მერებაშვილის შემთხვევაში...
- კვარაცხელიას კონტრაქტით 6 თვე ჰქონდა "დინამოსთან" დარჩენილი, ჩვენ კი ვამჯობინეთ, რომ მის პოზიციაზე იმ ფეხბურთელისათვის მიგვეცა უფრო მეტი სათამაშო დრო, ვისაც კონტრაქტიც ბევრად ხანგრძლივი აქვს და უკეთესი კონდიციებითაც გამოირჩევა. მიმაჩნია, რომ ლევან ხმალაძემ "დინამოში" საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და საშუალება მივეცით, გარემო შეეცვალა.

გრიგალაშვილზე ზემოთაც ვისაუბრე, კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები და მინდოდა, კვლავაც ერთად გვემუშავა. თუმცა თვითონ უნდა კი "დინამოში" დარჩენა? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უცხოეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას.

რაც შეეხება მერებაშვილს, მასაც ჰქონდა სურვილი, უცხოეთში წასულიყო, მაგრამ მისი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული