"ეს ზღაპარი არ არის" - ფეხბურთი, როგორც ხელისუფლების სოციალური პროექტი

AutoSharing Option
27 იანვარს უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. გორის "დილას" მენეჯერ გია ისიანის თქმით, ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საუბრის თემა, უმთავრესად, ფინანსური პრობლემების მოგვარებას ეხებოდა.

"ეს არაოფიციალური შეხვედრა იყო, რომელსაც "დილას", "ჩიხურას", "ვიტ ჯორჯიას", "ზუგდიდისა" და "მეტალურგის" წარმომადგენლები ვესწრებოდით. სხვა კლუბებს პარალელურ რეჟიმში ვეკონტაქტებოდით.

ჩვენ გვაინტერესებს, როდის დაგვირიგებს ფედერაცია სახელმწიფოს მიერ დარიცხულ თანხას "სოლიდარობის ფონდიდან".

ამის თაობაზე სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს უნდა მივმართოთ და ყველაფერი უკეთ გავარკვიოთ. კლუბებს დაახლოებით 165 ათასი ლარი გამოგვიყვეს. ქართული კლუბები ახლა ისეთ სავალალო
მდგომარეობაში ვართ, ეს თანხაც ამოგვასუნთქებდა. მთავარია, ამ საკითხზე ლაპარაკი გრძელდება და იქნებ მალე საშველიც დაგვადგეს", - ამბობს ისიანი.

Sportall.Ge"ჩიხურას" გენერალური დირექტორი ბერიკა შუკაკიძე კი ახალი იდეით გამოდის:

- ფაქტობრივად, კლუბები სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის შუამავლის როლს ვასრულებთ. ერთი კარგი ამბავი უკვე მოხდა: ცნობილია, რომ ფედერაცია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ მილიონ ლართან ერთად, დამატებით მილიონსაც იძლევა.

ეს თანხა ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით უნდა გადანაწილებულიყო, მაგრამ "დინამომ" და "ჩიხურამ" გაჭირვებულ კლუბებს თანადგომა გამოვუცხადეთ და დავთანხმდით, რომ ეს 2 მილიონი ყველაზე თანაბრად გადანაწილებულიყო.

- გაჭირვებული კლუბებისთვის ეს თანხა მცირე შვება მაინც იქნება...
- ამიტომაც ვითხოვთ, რომ დროულად ჩარიცხონ, რადგან ბევრი შეკრებაზე გამგზავრებას ვერ ახერხებს. ეს იქნება ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მაისის მერე. ფეხბურთს ასეთი გაურკვევლობით ვერ განვავითარებთ.

- დიდი ხანია, ჩვენი კლუბები ასეთ მდგომარეობაში არიან, მაგრამ საშველი არ ჩანს. გამოსავალს რაში ხედავთ?
- გამოსავალს ვხედავ, მაგრამ არა სამ და ხუთწლიან დაფინანსებაში, არამედ მომავალზე გათვლილ სამოქმედო გეგმაში. ჯერ აუცილებელია სახელმწიფო კომისიის შექმნა და პროგრამის დაწერა. ფეხბურთი რიგითი სპორტის სახეობა არ არის, საქართველოში მას დიდი სოციალური დატვირთვა აქვს.

არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ კლუბებს 1,5 მილიონი ლარი დაერიცხოს. თანხა მხოლოდ ძირითად გუნდს კი არა, ბავშვთა ფეხბურთსა და ჭაბუკთა ლიგას უფრო სჭირდება, გარკვეული დროის შემდეგ შედეგი რომ მივიღოთ.

ბოდიში ყველასთან, მაგრამ მე დღეს არ მეგულება ერთი პროგრამაც კი, რომელიც მდგრად განვითარებაზე იქნება გათვლილი. ფეხბურთი ხეჭეჭურივითაა, ნაყოფს გვიან უნდა ელოდო. ჩვენ კარგად გათვლილი პროექტი გვჭირდება და აჯობებს, მაგალითად, თურქეთში დელეგაციით წავიდეთ, სადაც იურისტებთან, ეკონომისტებთან, მარკეტინგისა და სატელევიზიო სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციებს გავივლით და მათ გამოცდილებას გავიზიარებთ.

- თავის დროზე ამას პროფლიგა აკეთებდა, მაგრამ არ დასცალდა...
- პროფლიგა კლუბებმა უნდა შევქმნათ და ჩვენივე სახსრებით, სატელევიზიო ეთერი მასობრივად "დავბომბოთ". ეს ისევ ქართული ფეხბურთის მომავალს წაადგება. გვჭირდება სერიოზული სატელევიზიო პროგრამები, წამყვან ტელეკომპანიებთან შეთანხმება, მეტი პირდაპირი ეთერი და მეტი გაშუქება. ხელისუფლებას კი სწორად უნდა დავუსაბუთოთ: ფეხბურთს სჭირდება დახმარება, მაგრამ სახელმწიფოსაც სჭირდება კიდევ ერთი სფეროს განვითარება.

დღეს მთელ მსოფლიოში ფეხბურთი ინდუსტრიად გადაიქცა. ქართული ფეხბურთის განვითარება კი სახელმწიფოს ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს ნიშნავს.

- ქართულ რეალობაში ეს რამდენად შესაძლებელია?
- "ჩიხურას" მაგალითზე გეტყვით. ჩვენთან ხელფასს 111 ადამიანი იღებს, მათ უკან, მინიმუმ, 440-მდე ადამიანი დგას. გარდა ამისა, ჩვენთან 300 ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს, დაახლოებით 100-მდე მოთამაშეა მთავარ, დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის გუნდებში. ეს 400 ახალგაზრდა ქუჩას არის ჩამოშორებული.

საქართველოს იურისდიქცია 58 ადმინისტრაციულ ერთეულზე ვრცელდება და დანარჩენ 30-ზეც რომ გავრცელდეს, სოციალური პრობლემა 12 ათასამდე ადამიანს მოეხსნება და, ცხადია, რაიონის სოციალურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. გარდა ამისა, საფეხბურთო მეურნეობა ყოველთვის მსხვილი გადამხდელია და ბიუჯეტში შენატანი გაიზრდება.

კიდევ ბევრი საინტერესო საკითხია. ეს არის არა ზღაპარი, არამედ კონკრეტულ ციფრებსა და გათვლებზე დამყარებული რეალური პროგნოზი. ამიტომ ვამბობ - ქართულ ფეხბურთს მომავლის ხედვა სჭირდება. ის სახელმწიფოს პარტნიორი უნდა გახდეს და არ უყურებდეს მას, როგორც მეწველ ძროხას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
როცა მოდიოდა ახალი ხელისუფლება პროგრამა არ გააჩნდათ?
akhali
15:49 28-01-2014
0
რა ვერ დაწერეტ ეს პროგრამააა?სპორტის სამინისტრო რას აკეტებს?მოიტხოვეტტტტტ
zaza
14:57 28-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული