სპარტაკი-რაბოტნიჩკი 2:2 - მოგებაც შეიძლებოდა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკმა" ანტალიური შეკრება დაასრულა და 11 თებერვალს უკვე საქართველოში გამოემგზავრა.

რუმინულ "კორონასთან" (0:1), სერბულ "რადნიჩკისთან" (0:1) და ასევე რუმინულ "იასისთან" (3:2) ჩატარებული საკონტროლო მატჩების შემდეგ "სპარტაკის" მეტოქე ბოლო სპარინგ-შეხვედრაში მაკედონიის "რაბოტნიჩკი" იყო.

...როგორც "სპარტაკის" პრესატაშე დავით ცაბაძემ გვაცნობა, "რაბოტნიჩკისთან" მატჩის საწყისი წუთები ჩვენი გუნდის უპირატესობით წარმართულა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მაკედონიელებმა ჯერ პენალტით, მერე კი ეფექტიანი კონტრშეტევის წყალობით პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

"სპარტაკის" მხრიდან გოლის გატანის შანსები ჰქონიათ ლაშა ჩაფიძესა და თორნიკე თუხარელს, თუმცა - უშედეგოდ.

შესვენების
შემდეგ კახა კაჭარავას დამოძღვრილმა გუნდმა თავისი შეტევები ბევრად უფრო ორგანიზებული გახადა და ამ ყველაფერმა შედეგიც გამოიღო: 52-ე წუთზე "სპარტაკის" კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ 25 მეტრიდან ეფექტური გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

"სპარტაკს" კიდევ არაერთი მომენტი შეუქმნია, მაგრამ ზვიად მეტრეველისა და ლაშა კემუხტაშვილის დარტყმებს სიზუსტე დაჰკლებიათ.

თანაგუნდელი შემტევებისგან განსხვავებით, ყველაფერი ზუსტად შეასრულა "სპარტაკის" მარცხენა მცველმა კონსტანტინე ხიზანეიშვილმა, რომელმაც ინდივიდუალური გარღვევა შედეგიანი დარტყმით დაასრულა - 2:2!

ამის მერე "სპარტაკს" მოგებაც შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა თამაზ მაქაცარიას მიერ დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა "რაბოტნიჩკის" კარს.

მაკედონიური გუნდის წინააღმდეგ "სპარტაკმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ნადირაძე - ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი - შონია, პარუნაშვილი - ჩაფიძე, თექთურმანიძე, თუხარელი - ეხვაია. შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, ქურდაძე, კ. ხიზანეიშვილი, გაგნიძე, მეტრეველი, მაქაცარია, ბურძენაძე, კემუხტაშვილი, მოსაშვილი, მაისაშვილი.

აღსანიშნავია, რომ თურქულ შეკრებაზე "სპარტაკის" ბოლო ორ საკონტროლო მატჩს კლუბის პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევიც ესწრებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული