ანგარიში თორნიკე ჩადუნელმა ახლო მანძილიდან ზუსტი თავური დარტყმით გახსნა, რასაც სტუმრებმა ონისე ჩინჩალაძის გოლით უპასუხეს - 1:1. მერე ოთხწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა ოთარ კვერნაძემ: ჯერ მიზანს მახვილი კუთხიდან დარტყმით მიაღწია, მერე კი მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1.
ტორპედო: რ. კვასხვაძე, ზ. გელაშვილი, თ. ჩადუნელი, ს. თოდუა, ადამაძე (20. სტეფნიაშვილი (46. ბაქარ ლაღაძე/75. გ. ცაბუტაშვილი), ჩიკვილაძე (46. ხურციძე), მამასახლისი,
* * *
მომდევნო სპარინგი ქუთაისელებმა 16 თებერვალს გამართეს, საკუთარ ბაზაზე პირველი ლიგის B ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, გელა სანაიას "სამტრედიას" უმასპინძლეს. "ტორპედომ" ეს საკონტროლო მატჩიც 3:1 მოიგო, თუმცა ამჯერად ანგარიში სტუმართა კაპიტანმა ლევან ბაკურაძემ (პენალტით) გახსნა. მეორე ტაიმში თავი ქუთაისელთა ბომბარდირმა კვერნაძემ გამოიჩინა, მერე თენგიზ ჩიკვილაძემ დააწინაურა "ტორპედო", მესამედ კი მეტოქის კარი გუნდის ლატვიელმა ახალწვეულმა, ცენტრალურმა მცველმა იგორ სავჩენკოვსმა აიღო - 3:1.
ტორპედო: ადამია (46. კვასხვაძე), დუდუჩავა (46. ლაღაძე), ნაცვლიშვილი (46. თოდუა), ხუჭუა (46. სავჩენკოვსი), კოღუაშვილი (46. ნ. ხარაბაძე), თვალავაძე (46. გ. ცაბუტაშვილი), ვოლნერი (46. ჩიკვილაძე), ლ. მაჭავარიანი (46. ლექვთაძე), ზ. ხურციძე (30. ამბარდნიშვილი/46. გიორგი ჭედია), დ. ხურციძე (46. ტუღუში), თორთლაძე (46. კვერნაძე)
* * *
ამ საკონტროლო შეხვედრების შემდეგ გადაწყდა მეკარე ალეკო ადამიას საკითხი - ის ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხება. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც 2012 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა სწორედ მეკარე ადამია იყო. ამ ამხანაგურ შეხვედრებშიც მან რიონისპირელთა სამწვრთნელო შტაბსა და მაყურებლებს თავი საიმედო თამაშით დაამახსოვრა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ბაზას იმერეთის რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები ესტუმრნენ, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს პრობლემები გამოჰკითხეს და იმედად დაპირებები დატოვეს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "ტორპედო" უპატრონოდ არ დარჩება.
იქვე ითქვა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება, რათა ხელისუფლებასა და გუნდს შორის ურთიერთობა არსებობდეს და პრობლემები დროულად მოგვარდეს.
მომდევნო შეხვედრამდე "ტორპედოს" მწირ ბიუჯეტს ფულით შეავსებენ - ეს იქნება საუკეთესო დახმარებაც, გამხნევებაც და მოკითხვაც.
როგორც შევიტყვეთ, "ტორპედოს" პრობლემები გვარდება, მაგრამ კლუბი ჯერაც "ვისოლის" საკუთრებაშია. დავაზუსტეთ, რომ კომპანიამ "ტორპედოს" ანგარიშზე 350 ათასი ლარი დატოვა - ეს და ფედერაციიდან დასარიცხი თანხა გუნდს სეზონის ბოლომდე ეყოფა. მერე კი "ტორპედოს" "ვისოლი" ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაიყვანს და ახალი მეპატრონეც ამის შემდეგ გამოჩნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"