ზესტაფონი-სპარტაკი 3:0 - დაბრუნება პირველ ექვსეულში [VIDEO]

AutoSharing Option
სეზონის განახლებამდე "ზესტაფონმა" სერიოზული შევსება მიიღო და ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი. ამდენად, "სპარტაკთან" მე-17 ტურის გადადებულ მატჩში გია გეგუჩაძის გუნდი აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა.

ბუნებრივია, აუტსაიდერთა შორის მყოფ "სპარტაკსაც" არაფერი ჰქონდა დასაკარგი და მისგანაც თავდაუზოგავი ბრძოლა იყო მოსალოდნელი. მატჩის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას და იქაურ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. მარჯვენა ფრთაზე დოლიძემ იაქტიურა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარე ნადირაძე ადგილზე დახვდა ბურთს. ზესტაფონელებმა სტუმართა კართან შტურმისმაგვარი მოაწყვეს და
ზედიზედ სამი კუთხურიც მოაწოდეს, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მისულა.

Sportall.Geსაწყისი აქტიურობის შემდეგ მასპინძელი რატომღაც მოდუნდა და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გუნდები ერთმანეთის შეცდომებს ელოდებოდნენ.

ამ მდგომარეობიდან პირველები მასპინძლები გამოერკვნენ. გეწაძემ მარცხენა ფლანგიდან ტატანაშვილს ჩაუწოდა, რომლის უძლიერესმა დარტყმამ ხარიხა შეაზანზარა. სტუმრებმა კი კარის მიმართულებით პირველად 28-ე წუთზე დაარტყეს, როცა კონტრშეტევის შემდეგ ჩაფიძე ცდილობდა იმერელთა დამწუხრებას, მაგრამ დიდი მანძილით ააცილა.

ზესტაფონელთა მორიგ იერიშს გოლი მოჰყვა - დოლიძემ ტატანაშვილს ჩაუწოდა ბურთი, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა კი მცველებს დაასწრო და ნადირაძესაც არ დაუტოვა შანსი.

მალე საბანაძეც მოექცა ყურადღების ცენტრში - ბურთიანად თითქმის ნახევარი მოედანი გადასერა და კარშიც დაარტყა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. ცოტა ხანში გეგუჩაძის შეგირდებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს - კუხიანიძემ მეტოქის საჯარიმოში მოძებნა საბანაძე, რომელიც კარისკენ ქუსლით გზავნიდა ბურთს, თუმცა მცირედით ააცილა.

ტაიმის ბოლოს ზესტაფონელები კინაღამ დაისაჯნენ - თუხარელის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მეკარემ და მცველებმა შეცდომა დაუშვეს. ბურთი ჩაფიძეს მიუვიდა და დაახლოებით 5-6 მეტრიდან ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ხარიხას ოდნავ გადააცილა.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა - "ზესტაფონი" უტევდა, სტუმრები კი თავს იცავდნენ და კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობდნენ. გეწაძემ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, თუმცა მცირეოდენ არაზუსტად.

მალე ზესტაფონელებმა შედეგიანი "სტანდარტული" შეასრულეს - გეწაძის კუთხურის შემდეგ რენე ფერეირამ მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან ნადირაძე უსაქმოდ დატოვა.

გოლის შემდეგ მასპინძლები მოდუნდნენ და კახა კაჭარავას გუნდს მდგომარეობის გამწვავების საშუალება მისცეს. სტუმართაგან კვლავ თუხარელი აქტიურობდა - მან კიდევ ერთხელ სცადა შორი მანძილიდან მასპინძელთა დამწუხრება, მაგრამ ეს მცდელობაც გაუცუდდა, თექთურმანიძის საჯარიმო დარტყმას კი სერბი მეკარე ბოიან პავლოვიჩი ადგილზე დაუხვდა.

სახიფათოდ ურტყამდა პარუნაშვილიც, მაგრამ ბურთი ვერც მან მოახვედრა კარის ჩარჩოში.

მომდევნო შეტევებისას დასამახსოვრებელი იყო ტატანაშვილის სახიფათო დარტყმა; სტუმართაგან კი მგელაძეს ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

შეხვედრას წერტილი დაუსვა ფანცულაიამ, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა და ოვაციებიც დაიმსახურა. ამ მოგებით "ზესტაფონმა" ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჟურნალისტებო ჩემპიონატის დებულება წაიკითხეთ თუ შეიძლება და ეგ თუ გეზარებათ ფედერაციის საიტზე მაინც ნახეთ ცხრილი.... ზესტაფონი მესამე ადგილზეა, სტუმრად გატანილი გოლის გამო....
zestafan
12:02 24-02-2014
0
მესამეზე არის ზესტა დებულების თანახმად. ჯერ ურთიერთშეხვედრები განიხილება და შემდეგ ბურთების სხვაობა. უღთიერთშეხვედრებში თითო მოგება აქვთ, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლით ჯობია ზესტა. ა
0

სიახლეები პოპულარული