გაცილებით მეტი დასამახსოვრებელი მატჩი ოთარს რუსეთის ჩემპიონატში აქვს ჩატარებული, თან ისეთი სილამაზის გოლები გაუტანია, რამდენჯერმე ტურში საუკეთესოდ რომ დაუსახელებიათ.
მარცვალაძე რუსეთში მართლაც გამორჩეული იყო და ადგილობრივი ტელევიზიით, დამწყები ფეხბურთელებისთვის, მისი გაკვეთილებიც კი გადაიცემოდა.
...მაგრამ საქმეები მას მერე აეწეწა, რაც ქვეყნის საზღვართან
- "ალანიას" დაშლის შემდეგ გარკვეული პერიოდი გამიცდა, - გვითხრა მარცვალაძემ, - უგუნდოდ ვიყავი და "დილაში" გადასვლას ვაპირებდი, როცა "დინამოდან" დამიკავშირდნენ და კონტრაქტი შემომთავაზეს. დასაფიქრებელი არაფერი იყო, დინამოელების წინადადებაზე დავთანხმდი და ახლა სწორედ ამ კლუბში ვარ.
- არადა, თქვენი კარიერა ისე აეწყო, აქამდე "დინამოში" არ გითამაშიათ...
- საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას ვიცავდი და ჯერ უკრაინაში, მერე რუსეთში სწორედ ამ გუნდიდან წავედი. "დინამოში" ჩემ შესაძლო გადასვლაზე 7-8 წლის წინ იყო ლაპარაკი, მაგრამ მაშინ ეს არ მოხერხდა, ახლა კი "დინამოს" მაისურის მორგების შანსი ხელიდან აღარ გავუშვი.
- რუსეთსა და უკრაინაში თქვენი შესაძლებლობები კარგად იციან. "დინამოში" გადასვლამდე ამ ქვეყნებიდან არ დაგკავშირებიათ?
- რუსეთის პირველი ლიგის რამდენიმე გუნდიდან და უკრაინის "ზაკარპატიედან" მომაწვდინეს ხმა, მაგრამ წასვლა თავად აღარ ვისურვე.
- "დინამოში" რამდენ ხანს დარჩებით?
- კლუბის ხელმძღვანელობასთან, ჯერჯერობით, სეზონის ბოლომდე ვარ შეთანხმებული, მაგრამ არ არის გამორიცხული, "დინამოში" უფრო მეტხანსაც დავრჩე. სეზონის დამთავრების შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს, დავილაპარაკებთ და ვნახოთ, რა გამოვა.
- რუსეთის პირველი ლიგის გუნდები და "ზაკარპატიეც" იმიტომ ხომ არ გაისტუმრეთ უარით, რომ ახალი სეზონიდან უფრო მაღალი კლასის გუნდებისგან ელით წინადადებას?
- დიახ, ასეა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - არც ისაა გამორიცხული, რომ "დინამოში" დავრჩე.
- მართალია, თითქოს "ალანიადან" ისე წამოხვედით, ერთი თვის ხელფასიც არ აგიღიათ?
- კი, მართალია. ვლადიკავკაზელებთან კონტრაქტს ისე მოვაწერე ხელი, 9 თამაშში 3 გოლი ისე გავიტანე და კლუბისგან თავისუფალიც ისე გავხდი, ხელფასი ერთხელაც არ ამიღია. არადა, ადრე ამ კლუბის საკეთილდღეოდ მთელი რესპუბლიკა მუშაობდა, ბოლო დროს კი ვერ გეტყვით, რა შეიცვალა, მაგრამ ფაქტია - "ალანია" ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა. იმდენი ფულიც კი ვერ მოძებნეს, რომ თუნდაც პირველი ლიგის გუნდი შეენახათ. არადა, "ალანია" თავის დროზე რუსეთის ჩემპიონი იყო, ახლა კი საერთოდ დაიშალა.
- "ალანიასგან" ყველანაირად თავისუფალი ხართ?
- ცხადია, თავისუფალი ვარ. იქ აღარაფერი დამრჩენია და იქ დაბრუნებაც გამორიცხულია.
- აქამდე საქართველოს ჩემპიონატს ადევნებდით თვალყურს?
- ბოლომდე ჩართული არ ვყოფილვარ, მაგრამ საქმის კურსში კი ვიყავი, რაც ხდებოდა ქართულ ფეხბურთში. უთქვამთ, რომ საქართველოდან ჩემი წასვლის პერიოდში ჩემპიონატის დონე უფრო მაღალი იყო, მაგრამ მგონი, არც მთლად კატასტროფული ვითარებაა. ჩემპიონატში რამდენიმე გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს და ვფიქრობ, მეორე წრეში კონკურენციაც გაიზრდება. ვიცი, რომ ზამთრის შესვენებისას გუნდები გაძლიერდნენ, რაც თამაშების ხარისხზე აუცილებლად აისახება.
- 2006 წლიდან რუსეთ-უკრაინაში თამაშობთ. რომელი იყო თქვენთვის ყველაზე წარმატებული სეზონი?
- 2009-10 წლების სეზონი, როცა მახაჭყალის "ანჟიმ" რუსეთის პრემიერლიგის საგზური მოიპოვა, მე კი 22 თამაშში 13 გოლი გავიტანე. მომდევნო სეზონში კი ნიჟნი ნოვგოროდში გადავედი და "ვოლგას" მაისურით 33 შეხვედრაში 21 ბურთი შევაგდე. ეს ორი სეზონი ჩემს კარიერაში მართლაც განსაკუთრებული იყო, ჩინებულ ფორმაში ვიყავი და ფეხბურთის თამაშიც მსიამოვნებდა. "ალანიაში" კი უხელფასობას ტრავმაც დაემატა, რის გამოც კარგა ხანი გამიცდა. "დინამოსთან" ერთად ვარჯიში სულ ერთი კვირის დაწყებული მაქვს.
- აქამდე მკურნალობდით?
- მკურნალობას მოვრჩი, მაგრამ ეგრევე გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლება არ შეიძლებოდა. ამიტომ რამდენიმე კვირა ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი და "დინამოს" წინა კვირას შევუერთდი. არც შეკრება გამივლია და სასურველ ფორმამდეც, ცხადია, ბევრი მიკლია. შესაბამის კონდიციაში არ ვარ, მაგრამ ვიმედოვნებ, ვლადიკავკაზში დაკარგულს თბილისში მალე ავინაზღაურებ და "დინამოს" წარმატებაში ჩემს წვლილსაც შევიტან. ასე რომ, მოედანზეც მალე მნახავთ.
- ნაკრებში კი კარგა ხანია, არ გამოჩენილხართ...
- ჩემი ამჟამინდელი ფორმის შემხედვარე, გამიკვირდებოდა, თემურ ქეცბაიას რომ გამოვეძახე... მაგრამ იმედია, სათამაშო პრაქტიკა ფორმის სწრაფად აღდგენაში დამეხმარება და ეროვნულ გუნდშიც დავბრუნდები.
- ევროპის ჩემპიონატის წილისყრაზე რას იტყვით?
- რა არის სათქმელი?! ყოველი წილისყრის შემდეგ ქომაგი იმედიანად არის განწყობილი, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს. ისეთი მეტოქეები შეგვხვდა, კომენტარის გაკეთებაც არ ღირს.
ნაკრებს ურთულესი მატჩები ელის, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. ბიჭები კარგად თუ მოემზადებიან, ეგებ, წარმატებასაც მიაღწიონ. თავის დროზე, საქართველოს ნაკრებს პოლონეთიც დამარცხებული ჰყავს და შოტლანდიაც, ირლანდიასთან კი ტოლ-სწორადაც გვითამაშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"