სიონი-ტორპედო 1:2 - გარდასახვა შესვენების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
თითქოს გამარჯვებულის გამოცნობა რთული არ უნდა ყოფილიყო. ერთი შეხედვით, საქმე მარტივად იყო - ზამთრის პაუზისას შემადგენლობაგაძლიერებული და უცხოურ შეკრებაგამოვლილი ამბიციური გუნდი ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომ მეტოქეს მასპინძლობდა და მასთან სამი ქულის მოპოვება მართებდა.

თანაც, წინა ტურში ქვემოქართლელებმა თბილისის "დინამოს" სტუმრად სძლიეს და ამით ევროსაგზურზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს.

2 მარტს გამართული მატჩის პირველი ტაიმი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა - "სიონი" თვალშისაცემ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის გაცუდების შემდეგ დაწინაურება მაინც შეძლო.

Sportall.Geთითქოს ბოლნისელებს საქმე სასურველ დასასრულამდე დამაჯერებლად უნდა მიეყვანათ და შეხვედრის
მეორე ნახევარში საკუთარი მონაგარისთვის კიდევ შეემატებინათ გოლები, მაგრამ სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შესვენების შემდეგ მოედანზე სრულიად გარდასახული "ტორპედო" ვიხილეთ - გუნდი, რომელმაც პირწმინდად წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ თავში საოცარი ძალა გამონახა და მატჩის ფავორიტს შავი დღე აყარა.

მცირეხნიანი დაზვერვის შემდეგ "სიონმა" თამამად შეუტია. თორნიკე აფციაურმა ვარდნაში დაარტყა და მიზანმა უმტყუნა. შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ზვიად ლობჯანიძემ ვერ შეძლო კარში დარტყმა, 30-ე წუთზე კი პირობითი მასპინძლების დაწინაურება გიორგი კახელიშვილს შეეძლო - დაჩი ფოფხაძის ჩაწოდებულს თავი შეაგება და ბურთი "ტორპედოს" კარის ხარიხას მოარტყა.

"სიონი" აფციაურის მიერ მოწოდებული კუთხურის შედეგად დაწინაურდა. ქუთათურთა კარი თავურით გამოცდილმა ვალერი აბრამიძემ დალაშქრა.

ტაიმის მიწურულს ლობჯანიძეს გატანა როინ კვასხვაძემ არ დაანება.

"ტორპედომ" გამარჯვებას, უპირველესად, კოლექტიური ქმედებით მიაღწია, თუმცა ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევა მაინც შეიძლება - თუნდაც კვასხვაძის, რომელმაც 1:2-ზე სიონელთა რამდენიმე სახიფათო მცდელობა აღკვეთა; შეცვლაზე შესული ოთარ კვერნაძის, რომელმაც თავადაც გაიტანა და გამარჯვების გოლის თანამონაწილეც გახდა; სტუმართა მეორე გოლის ავტორ მამუკა ღონღაძის, ცენტრალურ მცველთა გამოცდილი ტანდემის (თოდუა-სავჩენკოვსი)...

კვერნაძემ წონასწორობა მრავალსვლიანი კომბინაციის დაგვირგვინებით აღადგინა. მატჩის 85-ე წუთზე კი იგი ორ მეურვეს გასცდა, მისი დარტყმა მირზა მერლანმა მოიგერია და დამატებაზე ყველას ღონღაძემ დაასწრო.

"სიონს" თამაშის გადასარჩენად ცდა არ დაუკლია, მაგრამ მშობლიური ქალაქის კლუბში ახალდაბრუნებულმა კვასხვაძემ ბოლნისელები აღარ გაახარა.

იხილეთ  ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ორიოდე ტურით ადრე "სიონი" ზეექვსეულში რჩება, თუმცა ამ დანაკარგით საქმე მაინც გაირთულა; "ტორპედოს" კი, მართალია, უძლიერესთა შორის მოხვედრის შანსი თითქმის აღარ აქვს, სამაგიეროდ, ძნელი წარმოსადგენია, გავარდნის საფრთხე დაემუქროს.
* * *
უმაღლეს ლიგას კიდევ ერთი სარბიელი შეემატა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი. ბუნებრივია, იქ თამაში კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, მაგრამ ხსენებული არენა ნორმალური ხარისხის ბუნებრივი საფარითა და ახალაგებული პატარა ტრიბუნით ბევრ იმ სტადიონს სჯობს, სადაც უმაღლესლიგელებს უწევთ ბურთის გორება.

თუკი ფეხბურთის ფედერაცია გუნდების შემადგენლობებისა თუ მეგოლეების გამოცხადებაზეც იზრუნებს, იქ მისული მაყურებელი თავს კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "სიონი" მეტოქეებს, ბოლნისის ნაცვლად, ვაკეში მასპინძლობს.

* * *
მატჩს ბერლინის "ჰერტას" ვეტერანი მცველი ლევან კობიაშვილი დაესწრო, რომელმაც პარასკევს ბუნდესლიგაში "ფრაიბურგის" წინააღმდეგ ითამაშა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა თამაშს თვალი თავისი თაობის ვეტერანებთან, ლევან ცქიტიშვილთან, დავით მუჯირსა და ზაზა ზამთარაძესთან ერთად ადევნა.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ჩისკო (დინამო თბ) 12
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9

I ეტაპის ბოლო ორი ტური
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
chackobilia? Me geubnebi ro ar aris chackobili . Rac ar ici nu cer.gaigos?
giga
15:28 03-03-2014
0
ჩაწყობილია.
isaka
13:42 03-03-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული