მეტალურგი-სპარტაკი 1:1 - ხმაური და მძვინვარება...

AutoSharing Option
მართლაც უცნაური მატჩი გამოდგა: მოულოდნელი საწყისი წუთებით, "მშვიდობიანი" ტაიმ-ნახევრით, არბიტრის რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილებით და "ფოლადის" სტადიონისათვის აშკარად არადამახასიათებელი მატჩისშემდგომი ვნებათაღელვითა თუ ლანძღვა-გინების კორიანტელით!

ჰო, მართლაც ვერ გაგვიხსენებია, თუ როდის იყო მსგავსი სიტუაცია რუსთავში შეხვედრის დამთავრების შემდეგ: მასპინძელთა ქომაგები აღშფოთებას ვერ მალავდნენ (მეტისმეტად რბილად ნათქვამია). მათი აზრით, არაკვალიფიციური მსაჯობის გამო და არბიტრებსაც არაერთი უსიამოვნო სიტყვის მოსმენის ფონზე მოუწიათ გასახდელში შეღწევა...

მატჩი კი ერთობ საინტერესოდ დაიწყო და სწრაფი გოლიც ვიხილეთ: მასპინძლებმა მარცხენა ფლანგზე საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღეს და გიორგი ჯოხაძის ჩამოწოდებულ ბურთს
თავი ზუსტად შეაგება დაჩი ცნობილაძემ - 1:0!

აღსანიშნავია, რომ "მეტალურგის" 20 წლის ცენტრალურმა მცველმა (ხშირად "საყრდენადაც" რომ ათამაშებენ) ჩემპიონატში უკვე მეხუთე გოლი გაიტანა.

ამ გოლიდან, ალბათ, წუთი იქნებოდა გასული, "სპარტაკს" ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი რომ მიეცა: გიორგი ივანიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ გამოცდილმა გრიგოლ ბედიაშვილმა საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

პირველი ტაიმის შუაგულისათვის თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა, სახიფათო მომენტებიც, ფაქტობრივად, არც ყოფილა; თუ არ ჩავთვლით გიორგი კილასონიას შეუჩერებლად დარტყმას (გიორგი ნადირაძემ რომ მოიგერია) და კახაბერ კაკაშვილის ორიგინალურ გადაწყვეტილებას: მასპინძელთა ნახევარმცველი შორი მანძილიდან ცდილობდა მეკარისაგან "მიტოვებული" ცარიელი კარის დალაშქვრას, მაგრამ დარტყმას სიზუსტე აკლდა.

მეორე ტაიმის დასაწყისიც და მომდევნო წუთებიც მეტ-ნაკლებად თანაბარ და, ასე ვთქვათ, პოზიციურ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა.

და აი, დადგა 77-ე წუთიც, როცა მანამდე მშვიდი თამაში, ლამის იყო, სერიოზულ სკანდალში გადაიზარდა. ყველაფერი კი მართლაც ჩვეულებრივ სათამაშო ეპიზოდს მოჰყვა, როცა ორმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, გიორგი კილასონიამ ("მეტალურგი") და ბიძინა მახარობლიძემ ("სპარტაკი") ერთმანეთში მტყუან-მართლის გარჩევა დაიწყეს. მერე ამათ კინკლაობას თანაგუნდელებიც აჰყვნენ და არბიტრს ყვითელი ბარათების ამოღება დასჭირდა ბიჭების დასაშოშმინებლად.

თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა მასპინძელთა მთელი გუნდის (სათადარიგოთა სკამზე მსხდომთა ჩათვლით), კლუბის ხელმძღვანელთა და "მეტალურგის" გულშემატკივართა მძაფრი პროტესტი! საქმე კი ასე იყო: ბევრს მოეჩვენა, რომ ფიფას არბიტრმა ლაშა სილაგავამ იმ ინციდენტის ორივე მოთავე გააფრთხილა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მახარობლიძეს მოედანი უნდა დაეტოვებინა (მანამდე ერთი ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა), თუმცა არბიტრმა კილასონიასთან ერთად... გიორგი ნადირაძე გააფრთხილა და არა - მახარობლიძე...

...როგორც აღვნიშნეთ, ეს ყველაფერი 77-ე წუთზე მოხდა. არ გასულა ამ ინციდენტიდან წუთიც და სტუმართა კონტრშეტევა იმით დასრულდა, რომ მასპინძელთა საჯარიმოში გრიგოლ ბედიაშვილისა და ირაკლი ლექვთაძის შეჯახება პენალტად შეფასდა (თავს ვერ დავდებთ, მაგრამ 11-მეტრიანი უფრო იყო, ვიდრე - არა), რაც ნიკა კაჭარავამ ერთობ ეფექტურად და, რაც მთავარია, ზუსტად შეასრულა.

მატჩის დასრულებამდე "მეტალურგს" მაინც შეექმნა ორი, მეტ-ნაკლებად კარგი მომენტი, მაგრამ კახაბერ კაკაშვილის "თავური" ოდნავ არაზუსტი გამოდგა, ხოლო დაჩი ცნობილაძის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი გიორგი ნადირაძემ მოიგერია.

ისე, ამ სტანდარტულს ოთარ კიტეიშვილის ზღაპრული რეიდი უძღვოდა წინ - ლამის მთელ მატჩად რომ ღირდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
30.11. რუსთავი. "ფოლადი". 500 მაყურებელი
მეტალურგი-სპარტაკი 1:1
გოლი: 1:0 ცნობილაძე (2. ჯოხაძის პასით), 1:1 კაჭარავა (79-პენ)
მეტალურგი (4-1-4-1): ბედიაშვილი - ლ. მჭედლიშვილი, ცნობილაძე, ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი - გ. კილასონია - ჯოხაძე (68. ვასაძე), კაკაშვილი, კიტეიშვილი, ქავთარაძე, გელაშვილი (58. სიხარულიძე).
სათადარიგოები: მიქაუტაძე, გაბაშვილი, ალავერდაშვილი, ნადირაძე, ვ. კილასონია
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
სპარტაკი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, ქემოკლიძე, იოსელიანი - გიგაური, მახარობლიძე - ივანიშვილი (35. ლექვთაძე), თექთურმანიძე (90. ქოჩლაძე), შინდაგორიძე - ნ. კაჭარავა.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ი. შენგელია, ბურძენაძე, მაქაცარია, ნანიევი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: კაჭკაჭიშვილი (43), ცერცვაძე (60), მახარობლიძე (68), გ. კილასონია (77), ნადირაძე (77)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები

ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო ტური
5 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)

6 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, პარასკევი
დინამო (თბ)-ჩიხურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტავის მიბჯენაზე წითელია
vova
19:34 02-12-2014
0
სწორედ იმან გამოიწვია მაყურებლის აღშფოთება რომ მსაჯმა ყვითელი მეკარეს მისცა და არა მოჩხუბარ ნახევარმცველს თანჯარიმა მეტალურგსდაუდო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული