უმაღლესი ლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ფაქტია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ნამეტნავად უჭირთ შემჭიდროებულ გრაფიკში ყველა მატჩის მეტ-ნაკლებად წარმატებით ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ 17-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ("გურიას" გარდა - ყველამ) ოთხ-ოთხი ოფიციალური შეხვედრა გამართა, ანუ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უწევდათ ფეხბურთელებს მოედანზე გამოსვლა.

ალბათ, ამას უნდა "მივაწეროთ" ის უცნაურობები, ბოლო ტურს რომ ახლდა.

ჰო, მართლაც უცნაური ტური გამოდგა არანაკლებ უცნაური ერთი-ორი შედეგით, მსაჯების მიმართ გამოთქმული პრეტენზიებითა და, რაც მთავარია, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე "ხმაურიანი" სენსაციით!

ისე, სწორედ ამ სენსაციის გამო გადაიდო კიდევაც
"ზამთრის ჩემპიონის" გამოვლენა: ზამთრის პაუზას რომელი გუნდი შეხვდება ლიდერის რანგში, ამას ბოლო ტური გაარკვევს.

ყოჩაღი გურულები
ამ ტურის მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, "გურიას" პირველი "საგარეო" გამარჯვება იყო! თანაც, ლანჩხუთელთა გუნდმა სტუმრად "დინამო თბილისს" მოუგო და ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ეს პირველად მოხდა!

საერთოდაც, "დინამოსა" და "გურიას" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა ლანჩხუთელები ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს ამარცხებდნენ: მესამე ეროვნულ ჩემპიონატსა (1991-92) და წინა სეზონში, ოღონდ ორჯერვე საკუთარ მოედანზე. ახლა კი, თეიმურაზ ლორიას ზემოტივირებულად მოასპარეზე გუნდმა ახალი ისტორია დაწერა და, რაც მთავარია, სატურნირო მდგომარეობაც გამოასწორა: ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, ზამთრის პაუზას "გურია" სახიფათო ზონას მოცილებული შეხვდება.

"გურიას" ყველა ფეხბურთელმა საკუთარი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, მაგრამ ორი გამოცდილი შუახაზელის გარჯა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია: 32 წლის ალექსანდრე კოშკაძემ 0:0-ზე საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა, მერე კი ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა; ხოლო 30 წლის კობა შალამბერიძემ საგოლე პასს ჩინებული გოლიც მოაყოლა!

აღსანიშნავია, რომ სულ ახლო წარსულში კოშკაძე "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი გახლდათ, შალამბერიძემ კი პირადი რეკორდი დაამყარა: უმაღლეს ლიგაში 5 გოლი არასდროს გაუტანია და ამჟამად კი ამისათვის ნახევარი სეზონი ეყო.

გრანდების შავი დღე
ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ "დინამო თბილისმა" ზედიზედ ორი საშინაო მატჩი წააგო; არადა, ქულაც რომ აეღო, კახა გოგიჩაიშვილის გუნდი პირველი წრის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე "ზამთრის ჩემპიონობას" გაინაღდებდა.

სხვათა შორის, შარშანაც პირველი ეტაპის მიწურულს მოხდა, "დინამო თბილისმა" ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა რომ წააგო...

შუა კვირაში "ზესტაფონი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ჩიხურასთან" და თასის გათამაშებას გამოეთიშა. ახლა კი გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონატშიც დათმო საშინაო შეხვედრა (ბათუმის "დინამოსთან") და კვლავაც თავისთვის "შეუფერებელ", IX ადგილზე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ "ზესტაფონი" სეზონის ყველაზე შედეგიანი გუნდია (29 გოლი) და ჩემპიონატის ბოლო ოთხ შეხვედრაში მეტოქეთა კარში 11 ბურთი გაიტანა, მაგრამ საკუთარ კარშიც ბევრს უშვებს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "გურიას" უსწრებს.

"დინამოსა" და "ზესტაფონის" გარდა, წლევანდელ ევროტურნირებზე საქართველოს "ჩიხურა" და "სიონი" წარმოადგენდნენ. საჩხერელთა გუნდს მთელი სეზონია საკადრო პრობლემები თან სდევს და ამით მაინც შეიძლება ავხსნათ მეტ-ნაკლებად არასტაბილური ასპარეზობა.

"სიონმა" კი ვერაფრით დააღწია თავი სახიფათო ზონას და ასე თუ გაგრძელდა, გუნდს რეალურად დაემუქრება უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე...

რუსთავში რუსთაველები სჭარბობენ
წინა ტურშიც და ახლაც "მეტალურგის" ძირითადში რუსთავის საფეხბურთო სკოლის 7 (შვიდი!) ფეხბურთელი იყო, კიდევ ერთი მოთამაშე, ვარლამ კილასონია-უმცროსი ტრავმის გამო ვერ ეხმარება თავის გუნდს.

ამ ფაქტზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ მსგავსი პრეცედენტი რუსთავში როდის მოხდა, ამის გახსენება "მეტალურგის" სტაჟიან ქომაგებსაც გაუჭირდებათ. არადა, ამ ახალგაზრდულ გუნდს ფინანსური პრობლემები რომ არ ჰქონდეს (სამი თვის გაუცემელი ხელფასები ფეხბურთელებმა სულ ახლახან მიიღეს), დარწმუნებულნი ვართ, ბევრად მაღლა იქნებოდა სატურნირო ცხრილში.

თუმცა ვარლამ კილასონია-უფროსის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგზე" აუგს ვერავინ იტყვის და ისიც საკითხავია, თუ როგორ მორჩებოდა ბოლო ტურის მატჩი ("სპარტაკთან"), მეორე ტაიმში (კერძოდ, 77-ე წუთზე) არბიტრს ყვითელ ბარათებთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილება არ მიეღო.

თუმცა ამის შესახებ გუშინდელ "ლელოში" დაწვრილებით ვისაუბრეთ და დღეს აღარ გავმეორდებით.

გამორჩეული ფაქტები
გასულ ტურში მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: "სამტრედიას" 18 წლის შემტევმა ილია კერძევაძემ ოთხწუთიან ინტერვალში 2 გოლი გაიტანა "ჩიხურას" კარში და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ კერძევაძე მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და შეცვლაზე შემოსულმა მატჩის დარჩენილ დროში შეძლო თავის გამოჩენა.

ასევე შეცვლაზე შემოსულმა იყოჩაღა ლევან კუხალეიშვილმაც, თუმცა "ვიტ ჯორჯიას" 22 წლის ფორვარდის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც ფრის მისაღწევად და "ვეტერინარებმაც" ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადეს.

სხვათა შორის, ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა, როცა შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: ეს IX ტურში "სპარტაკის" გარემარბმა ირაკლი ლექვთაძემ მოახერხა.

გოლები: პირველიც, პაუზის შემდეგ
გასულ ტურში რამდენიმე ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელმა თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა - "დინამო თბილისის" 22 წლის მარცხენა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა, "შუქურას" 21 წლის ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ, "ჩიხურას" 22 წლის ნახევარმცველმა ზვიად სიხარულიამ და "ტორპედოს" 29 წლის შემტევმა გოგა ფიფიამ.

სხვათა შორის, დავით ხოჭოლავამ (ისე, როგორც - ილია კერძევაძემ) საერთოდაც სადებიუტო გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში. აი, რაც შეეხება გიორგი ხიდეშელს, გარკვეული პაუზის მერე "ზესტაფონში" დაბრუნებულმა 26 წლის ცენტრალურმა მცველმა იმერული გუნდის მაისურით გოლი სამწელიწადნახევრიანი "შესვენების" მერე გაიტანა.

დაბოლოს, ერთ დებიუტზეც: "ტორპედოს" 20 წლის მეკარემ საბა ცაბუტაშვილმა უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.

პირველი წრის დარჩენილი მატჩები
უმაღლესი ლიგა. XV ტური
6 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)

7 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-ჩიხურა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ფალავანდიშვილს.. როგორც იქნა დაუფასდა შრომა და სიმბოლურში მოხვდა.. გუგა ყველა თამაშში "დილას" ერთერთი ლიდერი და საუკეთესო მოთამაშეა..
ემზარ
12:08 02-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული