ახლა "ზესტაფონს" არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი არ უდგას, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველს იმედი აქვს, რომ გუნდი ჩავარდნას მალე დაძლევს...
- როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია გუნდის ასეთი ჩავარდნა?
- შემადგენლობით "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის. ამ გუნდით სამეულში მაინც უნდა ვიყოთ.
ზუსტად მეც ვერ ამიხსნია ჩავარდნის მიზეზი. შეიძლება, ეს იმის ბრალიცაა, რომ
ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება. მეცხრე ადგილი და "ზესტაფონი" ერთმანეთს არ შეეფერებიან. ზუგდიდში დაგვრჩა თამაში ზამთრის შესვენებამდე და ის აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
- სეზონის მეორე ნახევარსაც "ზესტაფონში" გაატარებთ?
- კი, კლუბთან კიდევ ორწლინახევრიანი კონტრაქტი მაქვს.
- მიმდინარე სეზონში თქვენს თამაშში პროგრესს თუ ამჩნევთ?
- ვერა. ამ სეზონზე შეიძლება, მქონდა ნორმალური თამაშები, თუმცა ფეხბურთელი ვერ ილაპარაკებს საკუთარ პროგრესზე, როცა გუნდს შედეგი არ აქვს. თავდამსხმელი რომ ვიყო და გამორჩეული ინდივიდუალური სტატისტიკა მქონდეს, კიდევ მესმის...
- რა მოუვიდა "ზესტაფონის" დაცვას ბათუმის "დინამოსთან" მატჩში? ფაქტია, არაერთი ბავშვური შეცდომა დაუშვით. განსაკუთრებით რენე ფერეირა სცოდავდა...
- პირველ წუთებში ისეთი თამაში იყო, ისიც კი გავიფიქრე, დიდი ანგარიშით მოვიგებთ-მეთქი. მერე მივიღეთ ჯერ ერთი გოლი, მეორე... მთლიანობაში, ისეთი შეცდომები დავუშვით, ეზოშიც რომ არ უნდა მოგდიოდეს. ამას ისევ და ისევ კონცენტრაციის დაკარგვას ვაბრალებ.
რაც შეეხება კონკრეტულ მოთამაშეებს, მე ვერავის გამოვარჩევ: აგებს მთლიანად გუნდი და არა - მხოლოდ ერთი ან ორი ფეხბურთელი. ბათუმის "დინამოსთან" მატჩი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ.
- როგორ ემზადებით "ზუგდიდთან" მატჩისთვის?
- განსაკუთრებულად! დიდი იმედი მაქვს, ამ მატჩით დაიწყება ჩვენი გუნდის აღმავლობა. მერე კი მოვა ზამთარი და შეკრებების დრო. "ზუგდიდთან" უნდა მოვიგოთ. უკანდასახევი გზა აღარ არის.
- რას ეტყოდით "ზესტაფონის" გულშემატკივარს, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, ძველებურად აღარ ავსებს სტადიონს?
- ხალხი სტადიონზე შედეგს მოჰყავს. ჩვენ ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქომაგები სტადიონზე დავაბრუნოთ. ეს ხალხი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. მე აქ სულ პატარა, ბავშვი მოვედი და დიდი სითბო მახსოვს მათგან.
კრიზისს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავძლევთ - თუ ერთმანეთს ბოლომდე გვერდით დავუდგებით. მჯერა, მალე ყველა ერთად ვნახავთ ძველებურად ამბიციურ "ზესტაფონს."
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"