უმაღლესი ლიგის XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ესეც ასე - XXVI ჩემპიონატის პირველი წრე დამთავრდა!

უმაღლესი ლიგის გათამაშება, სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვალში განახლდება. მანამდე კი ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე მწვრთნელ-ფეხბურთელებს (პლუს, არბიტრებსაც) ჯერ დამსახურებული შვებულება ელოდებათ, მერე კი, ვინ როგორ მოახერხებს, ზამთრის მოსამზადებელი პერიოდიც.

თუმცა ზამთრის პაუზა ყველა გუნდისთვის არ დამდგარა: სულ მალე, კერძოდ, 11 დეკემბერს, "დინამო თბილისი" და "ჩიხურა" საქართველოს სუპერთასს გაითამაშებენ და საფეხბურთო წელიწადიც სწორედ ამ მატჩით დამთავრდება.

ჰოდა, ბარემ 2014 წლის უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრაც ჩატარდეს და პირველი წრის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე მერე ვისაუბროთ. მანამდე
კი პირველი წრის ბოლო ტურს "მივხედოთ", რომელიც უჩვეულოდ "მშვიდობიანი", დაბალშედეგიანი და უკვე ლამის არის "ტრადიციასავით ქცეული" სენსაციურიც გამოდგა.

ამას გარდა, სწორედ ამ ტურის მერე გაირკვა, რომ "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტული, როგორც მოსალოდნელი იყო, "დინამო თბილისმა" მოიპოვა. თუმცა ძალიან დიდი იყო იმის ალბათობაც, რომ მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად განვითარებულიყო და ზამთრის პაუზას ერთპიროვნული ლიდერის "რანგში" სხვა გუნდი შეხვედროდა...

როცა წაგებითაც პირველი ხარ...
ბოლო ოთხ მატჩში სამი... მარცხი - აი, ასეთი წარუმატებელი პერიოდით დაასრულა პირველი წრე მოქმედმა ჩემპიონმა; თუმცა, ამის მიუხედავად, "დინამო თბილისი" მაინც ლიდერის რანგში ხვდება ზამთრის პაუზას და წინა ორი სეზონის მსგავსად, "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტულიც ირგუნა.

"დინამოს" ბოლოდროინდელ არასტაბილურობას ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც, თუმცა დღესდღეობით ამ თემაზე არ ვისაუბრებთ - გუნდს ხომ სამ დღეში სუპერთასის მატჩი ელოდება და იმ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში წელიწადსაც ამაღლებულ განწყობაზე დაასრულებს.

მედგარი ვეტერინარები
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ "დინამო თბილისი" 2 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს, "დილას" და იმის ალბათობაც იყო, რომ "ზამთრის ჩემპიონობა" სწორედ გორელთა გუნდს მოეპოვებინა.

მით უფრო, რომ პირველი წრის ბოლო ტურში მოვლენები "დილასთვის" სასიკეთოდ წარიმართა: პირველი ტაიმის მიწურულს გაშვებული გოლით "დინამომ" თავისი მატჩი წააგო; აი, "დილა" თუ მოიგებდა, მაშინ კონკურენტსაც გადაასწრებდა.

უჩა სოსიაშვილის გუნდს ამისათვის მცდელობა არ დაუკლია, ორჯერ იგებდა გასვლით შეხვედრას "ვიტ ჯორჯიასთან", მაგრამ მასპინძლებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს და ორჯერვე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

არადა, ზურაბ ბერიძის ახალგაზრდული გუნდი ამ მატჩამდე მართლაც კოშმარული სერიით მივიდა: ზედიზედ ოთხი წაგებითა და ზედიზედ რვა მოუგებელი შეხვედრით; "ვეტერინარებმა" ვერც ამჯერად მოიგეს, მაგრამ უძვირფასესი ქულაც ხომ შემატეს ქულათა მწირ მარაგს. იმავდროულად, თბილისის "დინამოს" "საქმეც გაკეთდა"!

თუმცა ახალგაზრდა "ვეტერინარებისათვის" უმთავრესი მაინც წაგებათა უსიამოვნო სერიის შეწყვეტა იყო და ძლიერ მეტოქესთან პაექრობაში ეს მოხერხდა კიდეც.

ჩიხურა და ისტორია
ბოლო ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ "ჩიხურასთვის" უმაღლეს ლიგაში ყველაზე უხერხული მეტოქე "დინამო თბილისი" იყო; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საჩხერელები ზედიზედ ორჯერ დამარცხდნენ "დინამოსთან" თასის ფინალში, ჩემპიონატში კი არც ერთხელ ჰქონდათ მოგებული.

და აი, ნავსი გატყდა: "ჩიხურას" 22 წლის ფორვარდმა თორნიკე მუმლაძემ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დინამოელთა კარში გოლი გაიტანა და როგორც მერე გაირკვა, ეს ბურთი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა!

ასე და ამრიგად, სოსო ფრუიძის გუნდმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა საკუთარ მოედანზე (საუკეთესო შედეგი უმაღლეს ლიგაში - 6 მოგება და ერთი ფრე) და, რაც მთავარია, ჩემპიონატში პირველად შეძლო თავისი უხერხული მეტოქის დამარცხება.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო "ჩიხურას" წამყვანი ფეხბურთელები აკლდა, თანაც, ისეთები, რომლებზეც დიდად არის დამოკიდებული საჩხერელთა გუნდის შეტევის ორგანიზება თუ დასრულება - ბესიკ დეკანოიძე, ლაშა კუჭუხიძე, ჯაბა ჯიღაური...

...2006 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს თასის ჯგუფურ ეტაპზე "ჩიხურამ" პირველად მოუგო ოფიციალური მატჩი თბილისის "დინამოს"; შარშან, 22 დეკემბერს, საჩხერელთა საყვარელმა გუნდმა სუპერთასზე აჯობა "დინამოს" და თავის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა, 2014 წლის 7 დეკემბერს კი "ჩიხურამ" ამჯერად უკვე ჩემპიონატში შეძლო თავისი ყველაზე უხერხული მეტოქის დამარცხება!..

რას დავაბრალოთ მწირი შედეგიანობა?
რვა მატჩში გატანილი... ცხრა გოლი, - აი, ასეთი მწირი შედეგიანობა გვქონდა პირველი წრის ბოლო ტურში; ყოველივე ეს, შესაძლოა, ერთობ არასახარბიელო კლიმატურ პირობებს დავაბრალოთ, შესაძლოა კიდევ იმასაც, ფეხბურთელებისათვის მოახლოებული და დამსახურებული შვებულება რომ ჰქვია!

ასეა თუ ისე, ზედმეტად "მშვიდობიანი" (რვიდან ოთხი მატჩი ფრედ დამთავრდა) ტურით ჩემპიონატი თებერვლამდე დაგვემშვიდობა.

დათა სიჭინავა, ტურის რჩეული
გასულ ტურში მხოლოდ ერთადერთმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: "კოლხეთის" შემტევმა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ ჯერ ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაიტანა გოლი "სპარტაკის" კარში, მეორე ტაიმში კი ბურთი მეტოქის კარში... კუთხურიდან გაგზავნა.

25 წლის დათა სიჭინავა 6 გოლით საუკეთესო ბომბარდირთა "მარაქაშიც" გაერია, თავის კლუბშიც საუკეთესო შედეგი აქვს და, რაც მთავარია, პირადი რეკორდიც დაამყარა: უმაღლეს ლიგაში ამდენი გოლი მანამდე არასდროს გაუტანია.

ორი უიღბლო
გასულ ტურში არბიტრებმა ორი გუნდის კარში დანიშნეს პენალტი და ორივე შემთხვევაში თერთმეტმეტრიანმა დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწია!

არადა, დიდი იყო იმის ალბათობაც, რომ ორივე შემთხვევაში სწორედ ამ პენალტ(ებ)ს გადაეწყვიტა მატჩის ბედი, თუმცა გიორგი ცხადაიამ ("სიონი") და შოთა ლომიამ ("ზუგდიდი") ეს შანსი ვერ გამოიყენეს.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "გურიასთან" მატჩის მიწურულს დანიშნული პენალტი ცხადაიამ არაზუსტად შეასრულა, ლომიას დარტყმული ბურთი კი "ზესტაფონის" სერბმა მეკარემ ბოიან პავლოვიჩმა მოიგერია.

სხვადასხვა სერია
"ჩიხურა" რომ "სახლის გუნდად" ჩამოყალიბდა, ამაზე უკვე არაერთხელ ვთქვით; აღსანიშნავია, რომ "ჩიხურას" გარდა, მხოლოდ ერთი გუნდიღა დარჩა, საკუთარ მოედანზე თამაში რომ არ წაუგია: ლანჩხუთის "გურია".

აი, "სპარტაკმა" კი სწორედ პირველი წრის ბოლო ტურში წააგო პირველი საშინაო შეხვედრა გუნდთან, რომელსაც მანამდე სტუმრად მოგება არ ჰქონდა - ფოთის "კოლხეთთან"; ამჟამად კი უმაღლეს ლიგაში სამი გუნდიღა დარჩა, სტუმრად რომ არ მოუგია: "ჩიხურა", "შუქურა" და "სიონი".

...ქუთათურ ქომაგთა სამწუხაროდ, კვლავაც გაგრძელდა "ტორპედოს" წარუმატებლობათა სერია - გუნდს უკვე ცხრა მატჩია არ მოუგია!

"ტორპედო" ახლაც დამარცხდა აშკარად არასაფეხბურთო კლიმატურ პირობებში ჩატარებულ მატჩში, როცა შეხვედრის ბედი "მეტალურგის" 25 წლის ნახევარმცველის, გიორგი ქავთარაძის ეფექტურმა დარტყმამ გადაწყვიტა.

აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "მეტალურგი" ამ მატჩში აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა, თუმცა უამრავპრობლემაგადატანილმა რუსთაველთა გუნდმა მაინც შეძლო ჩემპიონატში მესამე საგარეო გამარჯვების მოპოვება.

ჩისკო, რემბო, მიხიჩა...
XXVI ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის შემდეგ ერთ ფეხბურთელსა და ერთ მსაჯს დავემშვიდობეთ: თბილისის "დინამოს" 34 წლის ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ საქართველოს ჩემპიონატში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, ისე, როგორც აქტიური სამსაჯო კარიერა დაასრულა გამოცდილმა არბიტრმა, 47 წლის ალექსანდრე კრიჭაშვილმა (ქართულ საფეხბურთო სამყაროში "რემბოს" მეტსახელით რომ არის ცნობილი).

ჩისკო, სავარაუდოდ, კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს "დინამო თბილისის" მაისურით (ხუთშაბათს, საქართველოს სუპერთასზე), თუმცა მანამდე გვინდა, რომ ცალკე წერილი მივუძღვნათ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში არა მხოლოდ გამორჩეულ ლეგიონერს, არამედ, საერთოდ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელსაც. ვინ-ვინ და, ჩისკო ამას ნამდვილად იმსახურებს!

ისე, როგორც თბილ სიტყვებს იმსახურებს ალექსანდრე კრიჭაშვილი, მოქმედ არბიტრებს შორის ყველაზე გამოცდილი, უმაღლეს ლიგაში 1998-99 წლების სეზონიდან რომ მსაჯობდა და საქართველოს ჩემპიონატში 200-ზე მეტ მატჩზე რომ უმსაჯია!..

ჩისკომ და კრიჭაშვილმა პროფესიული კარიერა დაასრულეს, აი, "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი კი, დარწმუნებულნი ვართ, თავის პროფესიას არ უღალატებს და გარკვეული დროის მერე რომელიმე გუნდის თავკაცადაც შეიძლება დაბრუნდეს.

თანაც, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი (მხოლოდ დავით ყიფიანს ჩამორჩება ტიტულების რაოდენობით), როგორც სჩვევია, არც რანგით დაბალ ლიგებში იუკადრისებს მუშაობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული