გია ჭიაბრიშვილი: ლიდერობა კარგია, მაგრამ ჯერ გარანტირებული არაფერია

AutoSharing Option
პირველი ლიგის B ზონის ლიდერმა "საბურთალომ" საშემოდგომო ეტაპი მაჟორულ ნოტზე დაასრულა (სტუ-"ნორჩი დინამო" 5:0 დაამარცხა). 18 შეხვედრაში 15 გამარჯვება, 2 ფრე, მხოლოდ ერთი მარცხი და 47 ქულა - ასეთია გუნდის საშემოდგომო მონაგარი.

"საბურთალოს" მოგებათა 11-მატჩიანი სერია ჰქონდა და ქულები მხოლოდ მე-12 ტურში, საკუთარ არენაზე, წყალტუბოს "სამგურალთან" დაკარგა. გუნდს მდევრებთან სერიოზული უპირატესობა დაუგროვდა და თუ ასე გააგრძელა, მომავალში უმაღლეს ლიგაშიც ვიხილავთ.

ისიც სათქმელია, რომ 18 წლის გიორგი ხარაიშვილი და 17 წლის გურამ გოშთელიანი 13-13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

"საბურთალოს"
სპორტული დირექტორი და გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი სულაც არ მიიჩნევს, რომ უმაღლეს ლიგაში გადასვლა გარანტირებული აქვთ:

"წლეულს, პირველ ლიგაში მეორედ ვასპარეზობთ და შარშანდელზე უკეთესი შედეგი უნდა გვქონოდა.

არ მეგონა, სეზონს ამ დონეზე თუ ჩავატარებდით და ამხელა ჰანდიკაპით დავწინაურდებოდით. თამაშებმა დაგვანახვა, რომ მეტოქე კლუბებზე უკეთ მოვემზადეთ, სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ და ბოლომდე ვიბრძვით.

სასიამოვნო და სასიხარულოა, გათამაშებას დამაჯერებლად რომ ვლიდერობთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული".

კლუბში ორი ლეგიონერია - აზერბაიჯანის 16-წლამდელთა ნაკრების 16 წლის მცველი რუსლან ბედიევი და 22 წლის სენეგალელი თავდამსხმელი მუჰამედ დიოპი. ეს უკანასკნელი ძალიან ეფექტური და სასარგებლო ფეხბურთელია და მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული:

"ძალიან მინდა, დიოპი დარჩეს, რადგან გუნდისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ვფიქრობ, დღეს მსგავსი დონის ლეგიონერი საქართველოში არ მოიძებნება.

როგორც ვიცი, სენეგალელს სხვა კლუბებში იწვევენ, მაგრამ კონტრაქტით რამდენიმე თვე კიდევ ჩვენ გვეკუთვნის. მალე გადაწყდება, კვლავ ჩვენთან ითამაშებს თუ გუნდს დატოვებს".

ფეხბურთელებს შესვენება 15 დეკემბერს უმთავრდებათ:

"მეორე წრისთვის მზადებას ინდივიდუალური პროგრამით დავიწყებთ. წინ რთული ნახევარი სეზონი გველის და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ.

19 იანვრიდან, ორი კვირა თბილისში მოვემზადებით, 1-ელ თებერვალს კი თურქეთში გავემგზავრებით და 16 თებერვლამდე დავრჩებით. იქ ხუთ სპარინგს გავმართავთ. მინდა, რომ ყველა მეტოქე უმაღლესი ლიგის ბინადარი იყოს.

ჯერ მოწინააღმდეგეები ცნობილი არ არის, თუმცა ბულგარეთის უმაღლესი ლიგის გუნდთან სიტყვიერად შევთანხმდით და გარკვეულია, რომ მას 3 თებერვალს შევხვდებით".

იმ პერიოდში, როცა პირველ ლიგაში გადამწყვეტი შეხვედრები დაიწყება, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს მნიშვნელოვანი მატჩები ელით, მანამდე კი შეკრებებია. "საბურთალო" ამ ნაკრებებში ბევრი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი და ცხადია, ეს გუნდს პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ ჭიაბრიშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია:

"ასაკობრივ ნაკრებებს ყველანაირად გვერდში დავუდგებით, მაგრამ ჩემპიონატში ჩვენც რთული თამაშები გველის. პირველ ადგილზე ვართ და გვინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

მაგრამ ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის ვითვალისწინებდით და ამჯერადაც ასე იქნება. იმედია, გამოსავალს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვიპოვით და მოვილაპარაკებთ, რათა არც ერთის საქმე არ დაზიანდეს".

ჭიაბრიშვილმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის სასურველი კანდიდატი დაასახელა:

"ასეთად გია გეგუჩაძე მიმაჩნია. მას საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს, ახალგაზრდებთან მუშაობაც იცის, თამაშებს კარგ ანალიზს უკეთებს, პროფესიონალი და ერთგული ადამიანია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული