ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დარასელიაც განიხილება

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტურში რუსთავის "მეტალურგთან" წაგების (0:1) შემდეგ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი პოსტიდან გადადგა.

მას შემდეგ ქუთაისელთა ახალი დამრიგებლის თანამდებობა ვაკანტურია. თუ ვინ გაწვრთნის "ტორპედოს", ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ საჯაროვდება.

"ლელომ" კულუარულად შეიტყო, რომ ძოძუაშვილის შემცვლელად გია გიგატაძისა და გიორგი სუხიაშვილის დუეტს განიხილავდნენ, რომლებიც გუნდს 2009-10 წლებში, კლუბში "ვისოლის" მოსვლის საწყის პერიოდში წვრთნიდნენ. შეგახსენებთ, რომ გიგატაძე ბოლოს გორის "დილას" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ.

მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდს გიორგი დარასელია ჩაიბარებდა, ვისი პროფესიული საფეხბურთო კარიერაც
1987 წელს, სწორედ ქუთაისის "ტორპედოდან" იღებს სათავეს.

დარასელიას სამწვრთნელო კარიერა 2004 წლიდან ისრაელში, თანაშემწის რანგში დაიწყო. ისრაელის საფეხბურთო ასოციაციაში, 2010 წლის გაზაფხულზე, მან უეფა-ს PRO-კატეგორიის ლიცენზია და პროფესიული კლუბების გაწვრთნის უფლება მიიღო.

2012 წელს დარასელიამ გორის "დილა" ჩაიბარა, 2013 წელს ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" მუშაობდა, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მაისამდე "ზუგდიდს" ედგა სათავეში.

გავრცელებულ ინფორმაციებზე კომენტარისთვის "ტორპედოს" მენეჯერსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს რამაზ ჩხიკვაძეს დავუკავშირდით:

"რამდენიმე კანდიდატი განიხილება და გულშემატკივრებს ჩვენს ახალ მთავარ მწვრთნელს მალე წარვუდგენთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პოსტი ჯერაც ვაკანტურია" .

ჩხიკვაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელი ფეხბურთელი დარჩება გუნდში და რომელს გაუშვებენ:

"ცხადია, მთავარი მწვრთნელის გარეშე საკადრო საკითხები ვერ გადაწყდება, მაგრამ გაძლიერების სურვილი ნამდვილად გვაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული