ლაშა გვალია: ...აი, ამიტომ დავკარგე ურალში გატარებული დრო

AutoSharing Option
ვისაც ლაშა გვალიას თამაში უნახავს, დაგვეთანხმება, რომ საქართველოს ჩემპიონატში მისი გაქანების საყრდენი ნახევარმცველი ბევრი არ არის.

გვალია იმ ფორმაციის "დილას" ლიდერი იყო, ევროასპარეზზე ხმაურიან სენსაციამდე ცოტა რომ დააკლდა. ამის შემდეგ ის რუსული პრემიერლიგის "ურალში" გადავიდა, თუმცა კარიერა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ააწყო. ამის შემდეგ 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი საქართველოში დაბრუნდა, სადაც "ზესტაფონის" მაისურა მოირგო.

ეს-ესაა, გვალიას, რამდენიმე ფეხბურთელის მსგავსად, კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ახლა ის თავისუფალი აგენტია. რას აპირებს სამომავლოდ? გვალიას ამ და სხვა თემებზე ველაპარაკეთ:

- "ზესტაფონთან" კონტრაქტის ვადა
ამომეწურა და სიმართლე გითხრათ, ჯერ მეც გაურკვევლობაში ვარ. არ ვიცი, რა და როგორ იქნება და სად გავაგრძელებ კარიერას. უკეთესი ვარიანტის მოლოდინში ვარ, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ არავინ შემხმიანებია.

- "ზესტაფონში" თქვენი დარჩენა გამორიცხულია? ვთქვათ, კლუბის ხელმძღვანელობამ შემოგთავაზათ კონტრაქტის გახანგრძლივება. რას იზამთ ასეთ შემთხვევაში?
- გამორიცხული არაფერი არ არის, მათ შორის, არც "ზესტაფონში" დარჩენა. ეგ არის, ჯერ თავად "ზესტაფონშიც" არ იციან, რა იქნება უახლოეს მომავალში. ყველა ელოდება სიტუაციის გარკვევასა და დალაგებას.

- თავის დროზე, შესანიშნავ ფორმაში მყოფი, დიდი იმედით მიხვედით რუსული პრემიერლიგის ბინადარ "ურალში". რატომ მოხდა ისე, რომ რუსეთში გატარებულმა პერიოდმა ვერაფერი არგო თქვენს კარიერას?
- გორის "დილას" შემადგენლობაში ბოლო მატჩი ევროპალიგაზე ვითამაშე ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ. ამის შემდეგ გადავედი "ურალში". ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ რუსეთის ვიზა არ მომცეს. ჯერ საერთოდ ვერ მივდიოდი რუსეთში და მერე ავიღე ტურისტული ვიზა. მოკლედ, არ მომეცა თამაშის საშუალება და ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემი კარიერისთვის ის დრო მეც დაკარგულად მიმაჩნია.

- "ზესტაფონში" თამაშისას დაშავდით და იძულებით მოგიხდათ შესვენება. ახლა როგორაა საქმე, საბოლოოდ მოიშუშეთ ტრავმა?
- თვე-ნახევარი გამიცდა ტრავმის გამო, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- როგორც თავად თქვით, თქვენს კარიერაში გამორიცხული არაფერია. მათ შორის, არც რუსეთში დაბრუნება?
- გამორიცხვით მართლა ვერაფერს გამოვრიცხავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული