ქუთაისური კლუბის მთავარი მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა, 15 დეკემბერს კი საბოლოოდ გადაწყდა, რომ "ტორპედოს" 46 წლის დარასელია გაწვრთნის.
დეკემბრიდან ქუთაისური კლუბი ქალაქის ბალანსზე გადავიდა და, ცხადია, "ტორპედოში" მომხდარი ყველა ცვლილება ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ქუთაისის მერი შოთა მურღულია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. აქედან გამომდინარე, ახალ მთავარ მწვრთნელს მისი ჩამოსვლის შემდეგ წარადგენენ.
მან
"ხომ იცით, კარიერა "ტორპედოში" დავიწყე, ამ კლუბმა ჩემ ჩამოყალიბებასა და გზაზე დაყენებაში დიდი როლი ითამაშა, ქუთაისელი გულშემატკივრისგან კი დიდი სიყვარული და თანადგომა მახსოვს.
მიხარია, სწორედ ამ კლუბში რომ მიმიწვიეს და მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს. ჩემი დიდი სურვილია, "ტორპედოში" წარმატებული მწვრთნელის რანგშიც ვიყო და გულშემატკივარს თავი ამ კუთხითაც დავამახსოვრო.
აქვე ვიტყვი, რომ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების დიდი იმედი მაქვს. "ტორპედო" საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია და ის მუდამ საუკეთესოებში უნდა ხვდებოდეს. ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვიმუშავებთ", - თქვა დარასელიამ.
დარასელიას საფეხბურთო კარიერა "ტორპედოში" 1987 წელს დაიწყო. ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში ქუთაისელთა ფორმა 155 მატჩში მოირგო და 41 გოლი გაიტანა. მერე კი ისრაელში წავიდა, სადაც ასევე წარმატებები ჰქონდა.
დარასელიამ საქართველოს ნაკრებში 9 თამაში ჩაატარა და მეტოქეები 2-ჯერ დაამწუხრა.
რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, 2004 წლიდან დღემდე დარასელიას სულ შვიდ კლუბში უმუშავია, ოთხში ასისტენტი გახლდათ. 3 წელიწადი ისრაელის კფარ-საბას "ჰაპოელის" მთავარი მწვრთნელის, ელიშა ლევის თანაშემწედ მუშაობდა და მასთან იმავე რანგში "ბნეი სახნინში", ჰაიფას "მაკაბისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელშიც" იყო. ჰაიფაში მისი მუშაობის დროს ეს გუნდი ორჯერ გახდა ისრაელის ჩემპიონი.
2012 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და გორის "დილას" ჩაუდგა სათავეში, რის შემდეგაც ამ გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და თასი მოიპოვა. მერე წვრთნიდა რუსეთის პირველი ლიგის "სკა ენერგიას", ბოლოს კი - "ზუგდიდს".
ცნობილია დარასელიას თანაშემწის ვინაობაც - ეს პოსტი "ტორპედოს" ყოფილმა ფორვარდმა, 36 წლის გია მეგრელაძემ დაიკავა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა მიმდინარე წელს ქუთაისური კლუბის დუბლშემადგენლობაში დაიწყო.
შევიტყვეთ, რომ "ტორპედო" თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებით - ომარ მიგინეიშვილით, გიორგი მჭედლიშვილით, დავით საჯაიათი და ნიკა საბანაძით დაინტერესდა, თუმცა, რა გამოვა ამ საქმიდან, ჯერ უცნობია.
დარასელიამ კი ამ თემაზე კომენტარი არ ისურვა, ეს კი გვითხრა - გუნდი შეკრებას, სავარაუდოდ, 3 იანვარს დაიწყებსო.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ოდენობის ბიუჯეტი ექნება "ტორპედოს" მომავალი წლიდან. ადრე ვწერდით, რომ კლუბის მენეჯმენტი 2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის წარდგენას აპირებდა, რაც მინიმალურ პირობებს უზრუნველყოფდა. საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"