უჩა სოსიაშვილი: "დილას" წარმატება მთელი გორის დამსახურებაა

AutoSharing Option
გორის "დილამ" მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე მეორე პოზიციაზე დაასრულა და სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩა თბილისის "დინამოს".

ბოლო წლებში გორულ კლუბს ამბიცია არ აკლდა და ევროტურნირებზეც სხვა ქართულ გუნდებზე უკეთ წარმოაჩენდა თავს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წლეულს "დილაში" არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა იყო, გუნდი უკვე მერამდენედ დატოვა ფეხბურთელების მთელმა ჯგუფმა, ვერ მოხერხდა მოსამზადებელი შეკრების სრულფასოვნად გავლა, მოუწესრიგებელი იყო ხელფასების და პრემიების გაცემის საკითხი...

ასეთ მდგომარეობაში მყოფი კლუბისგან, ცხადია, ლიდერებში ყოფნას ბევრი არ ელო
და.

ყველაფერთან ერთად კლუბის მესვეურებმა გადადგეს გარკვეულწილად სარისკო ნაბიჯი და მთავარ მწვრთნელად დანიშნეს 25 წლის სპეციალისტი უჩა სოსიაშვილი, რომლის შესაძლებლობებზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი და დასამალი არ არის, რომ ადგილობრივი ქომაგი ახალგაზრდა მწვრთნელის ხელში გუნდის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებდა...

მაგრამ, მოხდა აბსოლუტურად საპირისპირო... თუმცა, სჯობს აქ გავჩერდეთ და თავად სოსიაშვილის ინტერვიუზე გადავიდეთ. "დილას" მწვრთნელს პირველი წრის შეფასება ვთხოვეთ...

- დიახ, იყო სკეპტიკური დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ეს არცაა გასაკვირი, მაგრამ ვაჩვენეთ ყველას, რა შეგვიძლია. იყო ფინანსური პრობლემებიც, თუმცა ამასაც გავუმკლავდით.

მერე მოხდა ქობულეთის ინციდენტი, რასაც ორი წამყვანი ფეხბურთელისა და მწვრთნელის დისკვალიფიკაცია მოჰყვა, ამას დაემატა სამი ტრავმირებული მოთამაშის ამოვარდნა ძირითადი შემადგენლობიდან...

მადლობა ღმერთს, გამოვნახეთ საკუთარ თავში ძალა და ყველა სირთულე დავძლიეთ.

- ჩამოთვლილი სირთულეებიდან რომელი იყო ყველაზე ძნელად დასაძლევი?
- ყველაზე რთული სანქციების შემდეგ სტაბილურობის შენარჩუნება იყო, რადგან ძნელია ფეხბურთელების, მწვრთნელის, გულშემატკივარის გარეშე ისევ წარმატებით ითამაშო. შევიკრიბეთ, გავაანალიზეთ სიტუაცია და გამოსავალიც მოვძებნეთ. საქართველოს თასის მერვედფინალშიც გავედით.

- მსაჯის გადაწყვეტილებაზე მწვავე რეაგირება "დილას" ფეხბურთელებს არაერთხელ მოუხდენიათ. ზოგიერთ შემთხვევაში მათი გაღიზიანების საფუძველი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ამგვარი რეაქციით ხომ გუნდი ზარალდება?
- ფეხბურთელს, რომელსაც რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღია და ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე გადის სათამაშოდ, ხოლო ამ დროს მის შემართებას მსაჯის არაობიექტურობა კლავს, ძნელია, ემოციების შეკავება მოსთხოვო.

- რა თქმა უნდა, მეტოქეებსაც ადევნებთ თვალყურს. როგორ შეაფასებდით თქვენს კონკურენტებს?
- დღესდღეობით, საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები გადანაწილებულნი არიან უმაღლესი ლიგის მეტ-ნაკლებად ყველა კლუბში. იქვე არიან ახალგაზრდა მოთამაშეებიც, რომლებიც შესაძლებლობების წარმოჩენას თავდაუზოგავად ცდილობენ და ყველა გუნდს თითქმის ყველა შეხვედრაში უწევს მაქსიმუმის გაღება გამარჯვებისათვის.

არ არის გამოკვეთილი სამი-ოთხი ფავორიტი გუნდი და არც უპირობო აუტსაიდერი. თუმცა, ვფიქრობ, რომ სხვებზე უკეთ, "დილასთან" ერთად, "დინამო", "სამტრედია", "ზესტაფონი" და "ჩიხურა" გამოიყურებიან.

- დისკვალიფიკაციის შემდეგ "დილამ" პირველი წრის ბოლომდე დაკარგა გუნდის კაპიტანი კვახაძე და ვიცე-კაპიტანი რაზმაძე, რამაც გუნდის ხელახალი გადაწყობის საჭიროება მოიტანა. ეს პრობლემა როგორ დაძლიეთ?
- რა თქმა უნდა, ლიდერების გარეშე დარჩენა იოლი ვერ იქნებოდა, მაგრამ მე მქონდა მათი იმედი, ვინც ამ პოზიციებზე დავაყენეთ და გაგვიმართლეს კიდეც. საყრდენ ნახევარმცველად გუგა ფალავანდიშვილმა, ხოლო დაცვის ცენტრში გივი ქარქუზაშვილისა და გურამ ადამაძის დუეტმა, თავიანთი საუკეთესო მატჩები ჩაატარეს.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, მათ კარგად გამოიყენეს. როცა გუნდის შემადგენლობაზე ვსაუბრობთ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არც ერთ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ოთხზე ნაკლები ადგილობრივი ფეხბურთელი არ გვყოლია. ეს კლუბის სურვილიცაა და, რაც მთავარია, ამას შედეგი მოაქვს.

- ფალავანდიშვილი ახსენეთ. იქნებ, "დილას" სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც შევეხოთ...
- ბევრჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში 18 წლის თენგიზ წიქარიძე. ის ერთხანს ტრავმას იშუშებდა და როცა ფორმაში ჩადგა, ისევ დავაბრუნეთ. თუმცა არ გვინდა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები ფიზიკურად გადავტვირთოთ, ან ემოციურად გადავღალოთ, რადგან კლუბი მათზე დიდი იმედებს ამყარებს...

ჭიაბერ ჭეჭელაშვილს ასაკობრივი ნაკრების კაპიტნობაც გაუწევია და მისიც გვეიმედება. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია გიორგი ბერიძე, მაგრამ მას ძალიან ბევრიც აქვს სამუშაო, რათა ჩამოყალიბდეს სრულყოფილ მოთამაშედ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახერხოს.

გიორგი ერისთავი ჩემთან ერთად იყო "სამტრედიასა" და "დინამო 2-ში", კარგად ვიცნობ მის შესაძლებლობებს - სწრაფი, ფეთქებადი ფეხბურთელია, აქვს საგოლე ალღო და სხვა ბევრი კარგი თვისებაც.

- გოლის გატანაზე თუა საუბარი, ირაკლი მოდებაძე "დილასთვის" მთავარი დამრტყმელი ძალაა. ის ქვეყნის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაშიცაა ჩართული...
- მოდებაძე ნამდვილი პროფესიონალი, "დილას" ერთ-ერთი ლიდერია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან მიწევს მუშაობა. მისი გოლეადორული თვისებები კარგად ადგება გორულ გუნდს. მოედანზე ყოფნისას ირაკლის ხშირად მითითება არც სჭირდება იმისთვის, თუ რას ისურვებდა მისგან მწვრთნელი.

- ჩემპიონატის დაწყების შემდეგ დაიმატეთ 34 წლის მეკარე გიორგი სომხიშვილი, რომელიც, გამოცდილების თვალსაზრისით, დიდი შენაძენი აღმოჩნდა "დილასთვის"...
- გიორგის 16 წლის ასაკიდან უწევს უმაღლეს ლიგაში თამაში და მართლაც ფასდაუდებელია მისი გამოცდილება, კლასი... მართალია, ამ ამპლუაში ბექა შეყრილაძე გვყავდა და არ გვიჭირდა, მაგრამ სომხიშვილის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მშვიდად ვართ.

- "დილა" მეტწილად "პირველ ნომრად" და აქტიური პრესინგით თამაშობს. განსაკუთრებით "მერანთან" პირველი ეტაპის ბოლო ტურის მატჩში იყო ეს შესამჩნევი. თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ მეორე ტაიმში თქვენი შეგირდები გადაიღალნენ...
- დიახ, შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ვთამაშობთ, პრესინგსაც ხშირად ვიყენებთ... "მერანთან" პირველ ტაიმში ეს მართლაც კარგად გამოგვივიდა. თუმცა არ გვქონია ილუზია, რომ ასეთი აქტიური პრესინგით ორივე ტაიმისთვის გვეყოფოდა ძალები. ფეხბურთელებს დავალება ჰქონდათ, რომ შესვენებამდე მოგვემთავრებინა საქმე და მართლაც შევძელით სწრაფი გოლის გატანა. პენალტის დარტყმის უფლება მოვიპოვეთ და კიდევ გვქონდა საგოლე მომენტები.

- ჯერ არ იცით, როდის განაახლებთ ვარჯიშს?
- იმედი მაქვს, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. თადარიგის დაჭერა ყველაფერში დროულადაა საჭირო.

- ფინანსური თვალსაზრისით, დღეს როგორი ვითარებაა "დილაში"?
- ამ ეტაპზე ფეხბურთელებს ხელფასის დავალიანება არა აქვთ, გასასტუმრებელია მხოლოდ პრემიების ნაწილი, მწვრთნელებისთვის კი ხელფასის და პრემიების ნაწილი, თუმცა ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და რეგიონის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი რასაც შეგვპირდნენ, სრულდება და თვის ბოლომდე რაც გასასტუმრებელია, დარწმუნებული ვარ, გაისტუმრებენ.

გარდა ამისა, მოლაპარაკება მიდის ერთ-ერთ ჯგუფთან, რომელმაც, შესაძლოა, სპონსორობა გაგვიწიოს. თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო, "დილას" კერძო სპონსორი ეყოლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისევ ქალაქის ხელისუფლება აიღებს თავის თავზე კლუბის მესვეურობას.

გორის "დილა" რომ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა და მაღალი ადგილებისთვის იბრძვის, ადგილობრივი ხელისუფლების, გულშემატკივრის, კლუბის მთელი პერსონალისა და მე ვიტყოდი, რომ ერთად, მთელი გორის დამსახურებაა. ეს ქალაქი მიეჩვია ბოლო წლებში მისი საყვარელი გუნდის წარმატებულ თამაშს და იმსახურებს კიდეც გამარჯვებებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წინა სეზონის მერე გაშვებლი ფეხბურთელების ხელფასზე გეუბნებით, თუ გაინტერესებს
devidball
20 დეკემბერი 2014 16:35
0
ხო მართლა ვინ გაუშვეს მეც მაინტერესებს?
giorgi
20 დეკემბერი 2014 15:03
0
და ვინ გაუშვეს?


davidbalს
20 დეკემბერი 2014 14:35
0
დავალიანება არ არის? ვინც გაუშვით ფეხბურთელები არ მიგიციათ ხელფასი...
devidball
20 დეკემბერი 2014 12:47
0
ოქროს ბიჭი ხარ უჩა, გაიხარე შენ...ილურიძ ე დავიმატოდ რამენაირად, და ჩემპიონები ვართ.წარმატებები დილას.
gori
20 დეკემბერი 2014 11:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული