სიურპრიზი, სახელად "საპოვნელა" - I ლიგა. B ჯგუფი. I ეტაპის შეჯამება

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის მსგავსად, პირველი ეტაპი რანგით მეორე, ანუ პირველ ლიგაშიც დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონში პირველი ლიგის 20 გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული და ოთხწრიან ტურნირში მონაწილეობს.

საქართველოს ჩემპიონატის ამ სეზონის რეგლამენტის თანახმად, A და B ჯგუფების გამარჯვებულები უმაღლეს ლიგაში ავტომატურად გადადიან, აი, მეორეადგილოსნები კი ჯერ ერთმანეთში (ერთმატჩიან პლეი ოფში) გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას, მერე კი ამ წყვილში გამარჯვებული და უმაღლეს ლიგაში XIV ადგილზე გასული გუნდები ასევე ერთმატჩიან პლეი ოფში უმაღლესი ლიგის საგზურს გაითამაშებენ.

ეს, რაც შეეხება უმაღლესში აღზევებას. აი, პირველიდან
მეორე ლიგაში კი A და B ჯგუფში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები გადაინაცვლებენ (სულ - ოთხი);

B ჯგუფი
ამ ჯგუფში A-სგან აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: ჯერ ერთი, ისეთი გუნდი დაწინაურდა, ბევრი ნამდვილად რომ არ მოელოდა; ამას გარდა, მეორე ადგილისათვისაც სერიოზული კონკურენციაა და გასავარდნ ზონაშიც; თუმცა, მეორე ეტაპიდან B ჯგუფში ერთით ნაკლები გუნდი იასპარეზებს: თბილისის "დინამო 2" გაუქმდა და, აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფიდან მეორე ლიგაში, ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთი გუნდი დაქვეითდება...

აუტსაიდერებზე ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი, რაღა თქმა უნდა, პირველი ლიგის გათამაშების უმთავრეს სიურპრიზზე უნდა ვთქვათ: თერჯოლის "საპოვნელამ" პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაამთავრა და ხანგრძლივზე-ხანგრძლივი შესვენების შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას შეეცდება!

იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ "საპოვნელა" იყო პირველი ლიგიდან ერთადერთი გუნდი, საქართველოს თასის მერვედფინალში რომ გავიდა; თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "საპოვნელას" მიზანი ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევებაა და ამისათვის "პირველი ნაბიჯი" უკვე გადადგმულია: თერჯოლელთა საყვარელი გუნდი 8 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტ "ბორჯომს".

Sportall.Ge
ფოტოზე: დინამო 2-საპოვნელა 2:2

საინტერესო ფაქტია: "საპოვნელა" ძალიან ცოტა გოლს უშვებს (საუკეთესო შედეგი B ჯგუფში - 10 მიღებული ბურთი), თუმცა, შედეგიანობით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს (ჯგუფში მეექვსე მაჩვენებელი აქვს), მაგრამ მთავარი ხომ ქულების მოგროვებაა და თერჯოლელებიც მიზანდასახულად მიიწევენ წინ.

"საპოვნელას" მთავარი მწვრთნელი 42 წლის მირიან გეწაძე გახლავთ, თავის დროზე ამავე გუნდსა და ზესტაფონის "მარგვეთში" რომ უთამაშია; გუნდში არის რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება რომ გააჩნია: 30 წლის თემურ ფურთუხია, 26 წლის ვალერი იობაშვილი, 28 წლის დავით ჩხიკვაძე;

სეზონი ახალი დაწყებული იყო, "საპოვნელაში" 26 წლის რატი წინამძღვრიშვილი რომ ჩაირიცხა, თუმცა, ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე უიღბლო ფეხბურთელმა, ვინ მოთვლის, მერამდენე ტრავმა მიიღო და თერჯოლელთა გუნდის მაისურით მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. არადა, "ამერის", "ზესტაფონისა" და "ჩიხურას" ყოფილი ფორვარდი "საპოვნელას" შეტევის ხაზს სერიოზულად გააძლიერებდა.

თერჯოლელთა გუნდში გამოდის სერგო შუღლაძე, - 24 წლის ფეხბურთელი წლების განმავლობაში უკრაინულ "სევასტოპოლსა" და მოლდოვის" "ისკრა-სტალში" თამაშობდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ თერჯოლელთა გუნდის მეკარეც - 22 წლის ალექსანდრე გიორგაძის დიდი დამსახურებაც არის, "საპოვნელამ" 18 მატჩში მხოლოდ 10 ბურთი რომ გაუშვა.

ხაჩიძის მეოთხე ცდა
პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა აწ უკვე გაუქმებულმა "დინამო 2"-მა, თუმცა მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი მაინც კონკურსგარეშე მონაწილეობდა (ანუ უმაღლეს ლიგაში აღზევების უფლება არ ჰქონდა);

აი, რაც შეეხება B ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, "ბორჯომს", ამ გუნდმა პირველი ეტაპი მესამე (ანუ, ფაქტობრივად, მეორე) ადგილზე დაასრულა და ამ ყველაფერს ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ სულ ახლო წარსულში "ბორჯომი" უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, მერე კი ამ საკურორტო ქალაქის გუნდი, ფაქტობრივად, აღარავის სჭირდებოდა და აი, წინა სეზონში მეორე ლიგაში გამარჯვების შემდეგ "ბორჯომი" პირველ ლიგას დაუბრუნდა.

ამ წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გამოცდილი სპეციალისტი ვლადიმერ ხაჩიძე გახლდათ, რომელსაც სხვადასხვა დროს ხაშურის "ივერია", გორის "დილა" და ცხინვალის "სპარტაკი" პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადაუყვანია და ახლა იმავე "გზის" გავლას შეეცდება "ბორჯომთან" ერთად.

"ბორჯომის" ერთ-ერთი სუსტი წერტილი მოკლე სათადარიგოთა სკამი იყო, თუმცა, ვინ იცის, იქნებ მეორე ეტაპზე გუნდს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავდეს. "ბორჯომს" ერთი ლეგიონერი ჰყავს: 21 წლის ნიგერიელი შემტევი მარტინს ნვანკვო მეორე ლიგის "მარკ სტარიდან" გადმოვიდა.

რაც შეეხება "ცნობად სახეებს", "ბორჯომში" ასეთები არიან: 33 წლის მცველი ედიკ საჯაია, 24 წლის მცველი ილია ვეკუა, 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი (ხანდახან ცენტრალური მცველიც) ლევან თედიაშვილი და 23 წლის ერთობ საინტერესო პლეიმეიქერი დავით კაკულია, რომელსაც უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის შანსი რატომღაც, არ მიეცა...

იმის მიუხედავად, რომ "ბორჯომი" 8 ქულით ჩამორჩება "საპოვნელას", პირველი ადგილისათვის მაინც სერიოზული კონკურენცია უნდა ვიხილოთ; თუმცა, არ არის გამორიცხული, საპლეიოფე მეორე ადგილისათვის სხვა გუნდებიც ჩაერთონ და უპირველეს ყოვლისა, ქედას "ბეთლემი" უნდა ვახსენოთ.

53 წლის სპეციალისტის, ავთანდილ კუნჭულიას დამოძღვრილმა გუნდმა პირველი ეტაპი მეოთხე (ანუ მესამე ადგილზე) დაამთავრა და "ბორჯომსაც" მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ პირველი წრის ბოლო ტურამდე "ბეთლემს" 17 მატჩში მეტოქეთა კარში 18 გოლი ჰქონდა გატანილი და აი, ბოლო ტურში ქედელებმა ძალიან სოლიდური ანგარიშით, 8:0 დაამარცხეს "მერცხალი"! ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა "ბეთლემის" გამოცდილმა ნახევარმცველმა, ბათუმის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" ყოფილმა ფეხბურთელმა ვიტალი დარჩიძემ. ამ სამი გოლის წყალობით 33 წლის დარჩიძე B ჯგუფის ბომბარდირთა დავაშიც ჩაერთო: გოგიტა გოგატიშვილისა ("გაგრა") და ბუდუ ზივზივაძის ("დინამო 2") მსგავსად, 10 გოლი დაუგროვდა.

ცნობადი სახეები
...სეზონის დაწყების წინ ვივარაუდეთ, რომ ახალგაზრდული "გაგრა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისათვის იბრძოლებდა, თუმცა, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო თენგიზ სიჭინავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ჯერჯერობით ცხრილის შუაშია;

თუმცა, არავინ იცის, მეორე ეტაპზე მოვლენები როგორ განვითარდება და არ არის გამორიცხული, რომ "გაგრამ" პლეი ოფის საგზურისათვის იბრძოლოს.

აი, რაც შეეხება B ჯგუფის დანარჩენ გუნდებს, ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო მოკრძალებულ მიზნებთან გვაქვს საქმე;

თუმცა, პირველი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე "სტაჟიან" გუნდს, "მეშახტეს" ქვედა ლიგაში დაქვეითების საფრთხე არ უნდა შეეხოს: დავით რუხაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდში ხომ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელია, რომელთაც წლები გაუტარებიათ უმაღლეს ლიგაში. აი, ისინიც: 35 წლის დავით ბაქრაძე, 34 წლის ლევან შავგულიძე, 32 წლის პაატა ბაკარნაძე, 30 წლის ირაკლი ცნობილაძე.

B ჯგუფის სხვა გუნდებშიც შევხვდებით ასეთ გამოცდილ ფეხბურთელებს და ამათგან, რაღა თქმა უნდა, ოზურგეთის "მერცხალის" მცველი მიხეილ ქობულაძე უნდა ვახსენოთ - 40 წლის ასაკში კვლავაც რომ აგრძელებს თავის კარიერას.

დაბოლოს, "ალგეთზეც" (იმავე - "ზოოვეტზე") - პირველ სეზონს რომ ატარებს თავის მართლაც მარადიული მწვრთნელისა და ხელმძღვანელის, ელგუჯა გუგუშვილის გარეშე;

გოჩა ტოროშელიძის (ვინც ადრეც წვრთნიდა მარნეულის "ალგეთს") დამოძღვრილ გუნდშიც არიან საინტერესო ფეხბურთელები: 27 წლის მიხეილ კობერიძეს უმაღლეს ლიგაშიც უთამაშია; "ალგეთს" ჰყავს ორი ლეგიონერი - მაგლურ ტელა (კამერუნი) და ემანუელ ანიგბო (ნიგერია) და პირველ ეტაპზე სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდნენ ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ვაჟები, 24 წლის ვაჟა ნემსაძე და 22 წლის თორნიკე ნემსაძე.

ასევე იხილეთ:
"საბურთალოს" ჰეგემონია - I ლიგა. A ჯგუფი. I ეტაპის შეჯამება
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე ლიგას რატო არ ახსენებთ არასდროს ?
Isko23
15:33 18-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული