თბილისის "დინამო": ჯერ წამსვლელები, მერე მომსვლელები...

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის სტარტს თბილისის "დინამო" სერიოზული საკადრო ცვლილებებით შეხვდა: ახალი მთავარი მწვრთნელის, კახა გოგიჩაიშვილისა და მისი თანაშემწეების (სულიკო დავითაშვილი, ზურაბ ქვაჩახია) გარდა, გუნდში უამრავი ახალწვეული მივიდა და, რაც მთავარია, მათი უმრავლესობა "დინამო 2"-დან თუ კლუბის დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებული ახალგაზრდა იყო...

გუნდის ასეთი მკვეთრი გადახალისებისა და გაახალგაზრდავების მიუხედავად, "დინამომ" პირველ წრეში დაგეგმილი პროგრამა-მინიმუმის "ყველა პუნქტი" წარმატებით შეასრულა: ჩემპიონატში გამოცხადებულ არდადეგებს გუნდი "ზამთრის ჩემპიონის" რანგში შეხვდა, თასზე მეოთხედფინალშია გასული, ხოლო 2014 წლის უკანასკნელ ოფიციალურ შეხვედრაში "ჩიხურა" დაამ
არცხა და საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა.

მოკლედ, ნამდვილად არ ჰქონია ურიგო დებიუტი კახა გოგიჩაიშვილს, რომელსაც ზამთრის პაუზის მერე კვლავაც არაერთი... ახალწვეულის გაწვრთნა მოუწევს!

ჰო, "დინამო" ჯერ შვებულებაშია, მაგრამ ფეხბურთელთა ნაწილი მწვრთნელების მიერ ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამით ემზადება, ნაწილს კი - სხვა გუნდებში ვიხილავთ!

"დინამოს" სავარაუდო ახალწვეულთა შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი გაცხადებულა, სამაგიეროდ, უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, 2015 წლიდან სხვა გუნდებში რომ გააგრძელებენ კარიერას.

პირველი, ვინც "დინამო" დატოვა, ჩისკოა - 34 წლის ესპანელმა 11 დეკემბერს უკანასკნელი "ქართული მატჩი" ჩაატარა და სწორედ მისი გოლის წყალობით შეძლო "დინამომ" სუპერთასის მოგება.

ჩისკოს გარდა, "დინამოში" ვეღარ ვიხილავთ სხვა გამოცდილ ფეხბურთელებსაც: როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კონტრაქტის ვადა ამოეწურათ ომარ მიგინეიშვილს, ზურაბ ხიზანიშვილსა და ირაკლი ძარიას. ამას გარდა, თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდიდან შევიტყვეთ, რომ კლუბისა და ფეხბურთელების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდი დატოვეს დავით საჯაიამ, გიორგი მჭედლიშვილმა და ნიკა საბანაძემ.

შვიდი ფეხბურთელის წასვლა პატარა საქმე არ არის, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ შვიდეულიდან ძირითად შემადგენლობაში თამაში ყველას როდი უწევდა (ომარ მიგინეიშვილისა და ირაკლი ძარიას გარდა)...

ჩისკოზე და მის მართლაც შთამბეჭდავ აქაურ კარიერაზე წინა კვირაშიც ვწერდით; ახლა კი რამდენიმე სიტყვით იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც მეორე წრეში "დინამოში" ვერ ვიხილავთ:

30 წლის ომარ მიგინეიშვილმა "დინამოს" ძირითადი მეკარის სტატუსი ამ სეზონის დაწყების წინ, გუნდიდან გიორგი ლორიას წასვლის მერე მოიპოვა; პირველ წრეში მიგინეიშვილმა მხოლოდ ერთი მატჩი (ისიც ტრავმის გამო - "კოლხეთთან") გამოტოვა და არცთუ ურიგო მაჩვენებელიც ჰქონდა (14 შეხვედრა და 12 გაშვებული ბურთი). თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ "დინამოში" 2013 წლის ზაფხულში ჩარიცხულ მეკარეს ქუთაისის "ტორპედოში" ბევრად უფრო გამორჩეული პერიოდი ჰქონდა, სადაც 5 სეზონი გამოდიოდა.

სამწუხაროდ, ზურაბ ხიზანიშვილის საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება (14-წლიანი პაუზის მერე!) ისეთი ვერ გამოდგა, როგორსაც ბევრი ელოდა, თუმცა ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ლეგიონერისა და "დინამოს" ურთიერთობა ასეთი ხანმოკლე რომ გამოდგა, ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა - ხიზანიშვილი "დინამოს" უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას შეუერთდა და პირველ წრეში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.

აი, ირაკლი ძარია კი არა მხოლოდ ამ სეზონში, არამედ 2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, "დინამოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ და ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაიაც მუდმივად იძახებდა ქვეყნის უპირველეს გუნდში. 26 წლის ირაკლი ძარიამ "დინამოსთან" ერთად ყველა აქაური ტიტული მოიგო და ეს შრომისმოყვარე საყრდენი ნახევარმცველი, სავარაუდოდ, კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.

21 წლის დავით საჯაია "დინამოში" ამ სეზონის დაწყების წინ გადმოვიდა "მეტალურგიდან", სადაც დაცვის ორივე ფლანგზეც ერთნაირი წარმატებით ასპარეზობდა და ხშირად გარემარბადაც გვინახავს; თუმცა "დინამოში" პირველ წრეში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და ამჟამად სხვა გუნდის მოძებნა მოუწევს;

ისევე, როგორც კიდევ ერთ უნივერსალ მცველს, 22 წლის გიორგი მჭედლიშვილს, ამ სეზონის დაწყების წინ "ვიტ ჯორჯიადან" რომ გადმოვიდა "დინამოში"; საჯაიას მსგავსად, მჭედლიშვილსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, თუმცა პირველ წრეში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.

სეზონის დაწყების წინ ასევე "დინამოს" ახალწვეული გახდა ბოლო წლების ერთ-ერთი ნიჭიერი ქართველი ფორვარდი ნიკა საბანაძე. ამ თავდამსხმელს თამაშის ორიგინალური მანერით გამოარჩევდით და წინა გუნდებში ("ტორპედო", "ზესტაფონი") ასპარეზობის დროს მეტოქეთა მცველების თუ მეკარეებისათვის არაერთი თავსატეხიც გაუჩენია; ერთი შეხედვით, საბანაძეს პირველ წრეში ურიგო მაჩვენებელი არ ჰქონდა: 12 მატჩი (აქედან 9 - ძირითადში) ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბანაძემ ორჯერ "დუბლი" გაახერხა და, სხვათა შორის, სწორედ მისი გოლებით შეძლო "დინამომ" თავისი ყველაზე უპრინციპულესი მეტოქის, "ტორპედოს" სტუმრად დამარცხება. იმასაც შეგახსენებთ, რომ საბანაძეს ეს გოლები არც უზეიმია - როგორც ფეხბურთელი ხომ სწორედ "ტორპედოში" ასპარეზობისას გავიცანით...

როგორც უკვე ვთქვით, "დინამოში" დარჩენილი ფეხბურთელები ინდივიდუალურად ემზადებიან; სრულად გუნდი კი ნაახალწლევს შეიკრიბება, მოთამაშეებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ და სავარაუდოდ, იანვრის ბოლოსკენ გუნდი თურქეთში, კერძოდ, ანტალიაში შეკრებაზეც გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველას პატივისცემის მიუხედავად,საბანაძეს თუ უშვებენ,ვიღას იტოვებენ?
geronti
14:41 23-12-2014
0
ბევრი იყნენ წასასვლელები და წავიდნენ კიდეც. განსაკუთრებით ღიპას (ხიზანიშვილის) წასვლა გამიხარდა. ამ სიას კიდევ დათო ჯიქია დაემატა
Saba
20:54 23-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული