გამოვა "ზესტაფონში" 50/50? იქნებ ეს მოდელი სხვა კლუბებმაც აიტაცონ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს გაჭირვებით ვერავინ გააკვირვებს, თუმცა რაც ამ ბოლო დროს "ზესტაფონში" ხდება, მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა.

ილია კოკაიამ, ვინც 10 წლის განმავლობაში იყო "ზესტაფონის" წარმატების გარანტი, ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დროისთვის, ბევრ ქართულ გუნდს არ ულხინს, თუმცა მათ ის მაინც იციან, რომ ჩემპიონატს დაიწყებენ. "ზესტაფონში" კი ამ კუთხითაც გაურკვეველი ვითარებაა. ამ დროისთვის, გუნდიდან ყველა ფეხბურთელი თავისუფალია. რამდენიმემ უკვე იპოვა ახალი ნავსაყუდელი, ზოგის მომავალი ახლა წყდება...

ზესტაფონელ ქომაგს, ბოლო წლებში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას რომ მიეჩვია, იმედად მხოლოდ მუნიციპალიტეტის
გამგებლის, ტარიელ თუთარაშვილის დაპირება აქვს - ზესტაფონში ფეხბურთი არამც და არამც არ მოკვდებაო!..

ეს ერთია, მეორე კი ისაა, რა ამბიცია ექნება კლუბს - მხოლოდ სტატისტის როლში ყოფნა სრულიად ქართული ფეხბურთისთვის იქნება ძალიან ცუდი და მიუღებელი...

მრგვალ მაგიდასთან
ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება შეხვედრა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კლუბის მომავალზე. მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან "ზესტაფონის" ყოფილი პრეზიდენტი ილია კოკაია და ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი.

ამ შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული. პირველი - ესაა კლუბის საკუთრებაში მყოფი ობიექტების (სტადიონი, ბაზა) სახელმწიფოს ბალანსზე გადაცემის საკითხი.

მეორე - საუბარი იქნება თავად გუნდის მომავალზე. ქალაქის ხელმძღვანელობას სურს, პირველ ეტაპზე მაინც, კოკაია მათ გვერდით დადგეს და მონაწილეობა მიიღოს ახალი გუნდის ფორმირებაში.

ამ შემთხვევაში, ქალაქის ხელმძღვანელობას უნდა გავუგოთ, რადგან გამართული საკლუბო მენეჯმენტის გარეშე ახალ გუნდს ვერ ააწყობ. წლების განმავლობაში კოკაიას ამ კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოკაიას აღარ სურს ქართულ ფეხბურთში საქმიანობა, თუმცა საკითხი, რომელსაც ზემოთ შევეხეთ, საბოლოოდ დახურული არ უნდა იყოს. კოკაიამ არაფრისგან შექმნა "ზესტაფონი" და ახლა მშვიდად ვერ უყურებს, როგორ ვერანდება გუნდის საწვრთნელი ბაზა და სტადიონი.

გულშემატკივართა სურვილი
საახალწლო დღეებში ზესტაფონის ქუჩებში თუ ჩაივლი, ყურს ხშირად მოჰკრავ საუბარს საფეხბურთო თემაზე. ასე განსაჯეთ, ქალებიც კი ამახვილებენ ყურადღებას ქალაქის უფეხბურთოდ დარჩენის საფრთხეზე.

ამ დღეებში ჩვენ შევძელით, გავსაუბრებოდით "ზესტაფონის" არაერთ გულშემატკივარს. მათ აქვთ აზრი, რომლის სააშკარაოზე გამოტანასაც ძალიან მალე აპირებენ. ალბათ, ისინი არ გვიწყენენ, თუ მოვლენებს ცოტათი დავასწრებთ.

"ზესტაფონის" ქომაგებს სურთ, კოკაიამ და ქალაქის ხელმძღვანელებმა კლუბს ერთობლივად უპატრონონ. პირობითად, ამ მოდელს "50/50" უნდა დავარქვათ. სხვათა შორის, დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ ქართულ ფეხბურთში ეს მოდელი არასდროს არავის გამოუყენებია.

უახლოეს მომავალში კლუბის გულშემატკივრები ამ ინიციატივის გახმოვანებას ქალაქის ხელმძღვანელებთან და კოკაიასთანაც აპირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ სახელმწიფოც გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს. ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოში ანალოგიური პრეცედენტი სხვა კლუბებშიც დაინერგება.

სხვათა შორის, ამგვარი მოდელი არაერთ ევროპულ ქვეყანაში მუშაობს და - საკმაო წარმატებითაც. ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

უახლოესმა რამდენიმე დღემ ბევრი რამ უნდა გაარკვიოს "ზესტაფონის" ცხოვრებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
50-50 ზე ავტორის აზრით გადაწყვეტილება ვინ უნდა მიიღოს ? :)
Giorgi-FCB
13:09 05-01-2015
0
ვანის ბიუჯეტი წვდება გუნდს და 400000 აზლევს გუნდს და ზესტაფონის ბიუჯეტი 300000 და ლოგიკურია ეს?
და საერთოდ არ უნდა მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსება ან თუ მოხდება ყველას ზუსტად ერტნაირი თანხით უნდა დაფინანსდეს
იკა
15:59 05-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული