გორის "დილამ" ორი ძალიან სერიოზული ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა გორის "დილამ" ქვეყნის პირველობის კვალობაზე ორი ძალიან სერიოზული ტრანსფერი განახორციელა. როგორც შევიტყვეთ, 13 იანვარს კლუბთან კონტრაქტებს გააფორმებენ ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი და მეკარე ომარ მიგინეიშვილი.

ჩვენი საფეხბურთო თემი გორელთა ახალწვეულებს ძალიან კარგად იცნობს. დავიწყოთ ხიდეშელით. 26 წლის უკანახაზელს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია - "თბილისში", "კახეთში", "ტორპედოში", "დინამოსა" და "ზესტაფონში".

მან სეზონი "ზესტაფონში" დაასრულა, თუმცა იმერულ კლუბში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ გუნდიდან ყველა ფეხბურთელი წავიდა და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ხიდეშელი ყოფილა.

ხიდეშელის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ
ნაკრებში ჩატარებული 3 მატჩია. თავის დროზე, "ზესტაფონში" პირველად მისვლის დროს, მისი გადაბირება კიევის "დინამოს" სურდა, თუმცა მოლდოვურ "დაჩიასთან" ჩემპიონთა ლიგის საგარეო მატჩში ხიდეშელმა მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს კარგა ხნით ჩამოშორდა.

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე - ომარ მიგინეიშვილი 30 წლისაა. კარიერის განმავლობაში მას "სამტრედიაში", "ტორპედოში", "ლოკომოტივსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია.

"დინამოდან" წასვლის შემდეგ მიგინეიშვილი ქუთაისის "ტორპედოში" უნდა გადასულიყო, თუმცა გიორგი დარასელიასა და გამოცდილ მეკარეს შორის თანამშრომლობა არ შედგა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მიგინეიშვილმა 1 შეხვედრა ჩაატარა. მას "დილაში" კიდევ ერთ გამოცდილ მეკარესთან, გიორგი სომხიშვილთან მოუწევს პირველობისთვის ბრძოლა.

ჯერჯერობით, "დილა" ოფიციალურად არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფეხბურთელებს ამ მომენტისთვის კონტრაქტები არ გაუფორმებიათ, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

როგორც ვწერდით, უახლოეს მომავალში საქართველოში უნდა ჩამოსულიყო ბრაზილიელი ფორვარდი, რომელიც "დილას" ხელმძღვანელობას პირობებზე მოელაპარაკებოდა. შევიტყვეთ, რომ ამ ეტაპზე სამხრეთამერიკელის ჩამოსვლა გამოირიცხა, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და, შესაძლოა, ბრაზილიელმა გორულ კლუბს თურქულ შეკრებაზე ჩააკითხოს.

პარალელურად, გორელები ქართველი ფორვარდის დამატებაზეც მუშაობენ, თუმცა ჯერ მისი ვინაობა არ არის ცნობილი.

როგორც მოგეხსენებათ, "დილა" თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება. ჯერ არ დაზუსტებულა იმ გუნდების ვინაობა, რომლებთანაც გორელები თურქეთში ისპარინგებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სულ ერთი და იგივე ფეხბურთელები ერთი გუნდიდან მეორეში და ასე გრძელდება უკვე რამდენი წელია! დავიჯერო ახალგაზრდები არ არიან უმაღლეს ლიგისთვის მზად? სად არიან 17 ან 19 წლამდელები რატომ არ ენდობიან უმაღლესი ლიგის გუნდები თუ ისევ ნაცნობობა გამაზვების ეპოქაა?!მერე იტყვიან 17 წლამდე ქართველი ფეხბურთელები მაგრები არიან მერე ვეღარ ვითარდებიანო, როგორ განვითარდება თუ არ ათამაშე ჯერ საქართველოს ჩემპიონატი რაარის და იქაც რომ არ ათამაშებენ! პატრონი არ ყავს ქართულ ფეხბურთს ეს არველაძეც ვერ მოცილდა მანდავუშკასავით არის არაფრის მაქნისი!
0
ხო ისევ დილა თუ იზამს რამეს თორემ სხვები რა ჩიტებია აჩვენა გასულმა ზაფხულმა :) მიდით დილელებო, აბა თქვენ იცით!!!
erekles
01:04 14-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული