ლადო ბურდული: მაინც ამბიციური გუნდი გვეყოლება!

AutoSharing Option
დღეიდან, 15 იანვრიდან "სიონი" მეორე წრისათვის მზადებას დაიწყებს და ეს ერთთვიანი პერიოდი ბოლნისურმა გუნდმა მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის შემდეგ "სიონის" სატურნირო მდგომარეობა არც ამ გუნდის პოტენციალის ადეკვატური იყო და არც ბოლნისელთა გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელის, ლადო ბურდულის ამბიციების.

ჰო, წინა სეზონის ნამდვილმა აღმოჩენამ და მართლაც სასიამოვნო სიურპრიზის შემოქმედმა "სიონმა" (2013/14 წლების სეზონი III ადგილზე რომ დაამთავრა) XXVI ჩემპიონატის პირველი წრე, პირდაპირ რომ ვთქვათ, წარუმატებლად ჩაატარა - თხუთმეტ მატჩში მოპოვებული 14 ქულა ვერაფერი შედეგია იმ გუნდისათვის, ზაფხულში ევროტურნირებზე
რომ ასპარეზობდა.

თუმცა, ამ ყველაფერს თავისი მიზეზებიც ჰქონდა (როგორც - ობიექტური, ასევე - სუბიექტური) და სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, მეორე წრეში მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ "სიონმა" კვლავაც... ევროტურნირების საგზურისათვის იბრძოლოს!

მით უფრო, რომ ბოლნისური კლუბის ახალგაზრდა თავკაცს ამის გამოცდილება უკვე აქვს: თავისთვის სადებიუტო სეზონში ლადო ბურდულმა "სიონი" რომ ჩაიბარა, გუნდი ღრმა კრიზისში იმყოფებოდა, თუმცა ზეწარმატებული ასპარეზობით, ბოლნისელებმა საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავეს!

"სიონის" მთავარ მწვრთნელს, ლადო ბურდულს პირველ წრეში თავისი გუნდის ასპარეზობის შეფასება ვთხოვეთ და, რაღა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებსა თუ სიახლეებზეც ვესაუბრეთ.

- თექვსმეტგუნდიანი ჩემპიონატის პირველ წრეს გუნდი რომ XIV ადგილზე დაამთავრებს, როგორ შეიძლება ამ გუნდის მწვრთნელი ასეთი შედეგით კმაყოფილი იყოს?

- ამ ყველაფერს თავისი მიზეზი (შესაძლოა, რამდენიმეც) ექნება, მაგრამ თქვენ თვითონ როგორ ახსნით "სიონის" ასეთ წარუმატებლობას?
- უპირველესად, იმას ვიტყვი, რომ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას მეც ვიღებ და არც იმის თქმის მომერიდება, რომ გარკვეული შეცდომები ჩვენც, სამწვრთნელო შტაბმაც დავუშვით. თუმცა, ამას გარდა, იყო სამი ისეთი ფაქტორი, რის გამოც "სიონი" ზამთრის პაუზას ასეთ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში მყოფი შეხვდა.

- მაშინ, დავაკონკრეტოთ...
- ცოტა შორიდან მოვუვლი და ჯერ იმას ვიტყვი, რომ ჩემპიონატში ჩვენი არადამაჯერებელი ასპარეზობა, გარკვეულწილად, ევროტურნირებზე გამოსვლითაც იყო განპირობებული. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ალბანურ "ფლამურტარისთან" ორრაუნდიან დაპირისპირებამდე ვერ მოხერხდა სრულფასოვანი შეკრების გავლა. ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, უცხოურ შეკრებასა და სოლიდურ სპარინგ-პარტნიორებთან საკონტროლო მატჩების გამართვას ვგულისხმობ.

- ევროპის ლიგის მატჩებიდან ჩვენი ჩემპიონატის დასაწყისამდე დრო ხომ საკმარისზე მეტი გქონდათ?
- სამწუხაროდ, ეს პერიოდიც გაგვიცდა: ჩვენ მუნიციპალური გუნდი ვართ, მაგრამ წინა წელს, მოგეხსენებათ, ადგილობრივი არჩევნები ზაფხულში ჩატარდა და ვიდრე ბოლნისის საკრებულო შეიკრიბებოდა და ბიუჯეტს დაგვიმტკიცებდა, ამასობაში ჩემპიონატის დასაწყისიც მოახლოვდა. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ, ურეკში შეკრება იყო, მაგრამ ეს საკმარისი რომ არ და ვერ იქნებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი - მხოლოდ ერთჯერადი ვარჯიშებით ვკმაყოფილდებოდით.

- ანუ იმის თქმა გსურთ, რომ "სიონის" ჩავარდნას ელოდით კიდეც...
- არც ახალს ვიტყვი არაფერს და არც ჩემი მოგონილია, რომ თუ ექვსი ან რვაკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი არ გაიარე და შესაფერისი სპარინგ-მატჩები არ ჩაატარე, რაიმე წარმატებაზე არც უნდა იფიქრო. თანაც, მხოლოდ ჩავარდნილი სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი არ ყოფილა "სიონის" ასეთი ასპარეზობის მიზეზი.

- ალბათ, თქვენი გუნდის ფეხბურთელთა ასაკსაც გულისხმობთ: "სიონში" ხომ 30 წელს გადაცილებული 14 მოთამაშე გამოდიოდა...
- დაგეთანხმებით, რომ ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო; სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენმა ვეტერანმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურა; ზოგიერთი, ალბათ, კარიერის დამთავრებაზეც დაფიქრდა. თუმცა, ამ ფეხბურთელების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ერთი ოჯახივით ვიყავით და სწორედ ამ გამოცდილი მოთამაშეების უდიდესი დამსახურებაც არის, წინა სეზონი "სიონმა" III ადგილზე რომ დაამთავრა.

თანაც, ადამიანური ფაქტორიც ხომ გასათვალისწინებელია: ამ ვეტერანებმა გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს და როგორ გინდა, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ მიხვიდე და უთხრა - დიდი მადლობა, თქვენ აღარ მჭირდებითო...

- "სიონის" ფინანსურ მდგომარეობაზეც ვთქვათ: ბევრის აზრით, თქვენი გუნდის არასტაბილური და მთლიანობაში, წარუმატებელი ასპარეზობა სწორედაც რომ ამ თემასთან იყო "გადაჯაჭვული"...
- ზემოთაც ვახსენე, რომ ობიექტურ მიზეზთა გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ბიუჯეტს ვერ გვიმტკიცებდნენ. ანუ ხელფასები გვიანდებოდა და ამანაც ნეგატიურად იმოქმედა ჩვენს შედეგებზე.

აქვე, პარალელიც მინდა გავავლო სხვა გუნდებთან. აი, თუნდაც, "მეტალურგთან", გუნდთან, ასევე სერიოზული ფინანსური პრობლემები რომ ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი შედეგზე უარყოფითად არ ასახულა.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ "მეტალურგის" ძირითად ბირთვს სრულიად ახალგაზრდა, 19-20 წლის ფეხბურთელები შეადგენდნენ, რომელთათვის უმთავრესი მოტივაცია საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო; ანუ ამ ბიჭებს ყოფითი პრობლემები ბევრად უფრო ნაკლებად აწუხებდათ, ვიდრე "სიონის" გამოცდილ მოთამაშეებს, რომლებთაგანაც ზოგს ცოლ-შვილი ჰყავთ შესანახი, ზოგს ბანკის ვალი ჰქონდა და ასე შემდეგ.

როცა ფეხბურთელი 3-4 თვე ანაზღაურებას ვერ იღებს, ძნელია მოსთხოვო, რომ ვარჯიშებსა თუ უშუალოდ მატჩების დროს მაქსიმალური კონცენტრაცია გამოავლინოს. არადა, მოთამაშე მოედანზე როცა გამოდის, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ფიქრობდეს და არა საკუთარ ყოფით პრობლემებზე.

- საუბრის დასაწყისში გვითხარით, რომ გუნდის წარუმატებლობაში საკუთარ წილ პასუხისმგებლობას მწვრთნელებიც ვიღებთო. მაინც, რა შეცდომები დაუშვით?
- ალბათ, ბევრად უფრო მომთხოვნი უნდა ვყოფილიყავი; ოღონდ, ამ შემთხვევაში, ფეხბურთელების მხრიდან უშუალოდ თამაშების დროს სათამაშო დისციპლინის მკაცრად დაცვას ვგულისხმობ; თორემ, ზოგადად, დისციპლინა ჩვენს გუნდში სავარჯიშო პროცესში იქნებოდა თუ მატჩის მიმდინარეობისას, იდეალურად იყო.

არა უშავს, ადამიანი ხომ შეცდომებზე სწავლობს...

- პირველი წრის განმავლობაში ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, როცა "სიონს" ერთი და იმავე შემადგენლობით ზედიზედ ორი-სამი მატჩი მაინც ჩაეტარებინოს...
- როგორ ფიქრობთ, უმნიშვნელო ნიუანსია? სხვადასხვა სახის ტრავმის გამო დავით სირაძე, დაჩი ფოფხაძე, გიორგი ფოფხაძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ვილი ისიანი გვაკლდებოდნენ ხოლმე, ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები; ეს ტრავმები კი, ისევ და ისევ, ჩავარდნილი მოსამზადებელი პერიოდის გამოძახილი იყო.

თუმცა არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ საკუთარი გუნდის წარუმატებლობას მხოლოდ გარეშე მიზეზებს ვაბრალებდე; მით უმეტეს, რომ "სიონის" მსგავსად, სხვა გუნდებსაც უჭირთ, ოღონდ იმას კი ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში კვალიფიციური ფეხბურთელები არ არიან; პირიქით, უფრო მგონია და ძალიან მომეწონა, როცა საქართველოს ნაკრების ახალმა თავკაცმა კახა ცხადაძემაც სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება.

- ახლა კი სამომავლო გეგმებზეც, ანუ რას უნდა ელოდნენ "სიონის" ქომაგები მეორე წრეში?
- გვეყოლება ძალიან განახლებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობა; გვეყოლება საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი და იმისიც მჯერა, რომ "სიონი" არა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის იბრძოლებს, არამედ ბევრად უფრო სერიოზული ამბიციაც ექნება.

- ასეთი ოპტიმისტური განცხადების საფუძველს რა გაძლევთ?
- ერთიმეორეზე ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიწვიეთ და "სიონის" თამაშიც, მერწმუნეთ, მხოლოდ შედეგზე კი არა, სანახაობრივ მხარეზეც იქნება ორიენტირებული. შეგახსენებთ, რომ მესამეადგილოსანს დღესდღეობით 11 ქულით ჩამოვრჩებით, წინა სეზონში სულაც 19-ქულიანი ჩამორჩენა აღმოვფხვერით და იგივე ახლაც რატომ არ უნდა გავიმეოროთ?..

- დაბოლოს, საკითხი, უკვე დიდი ხანი რომ არის ყველაზე აქტუალური ბოლნისში - როდის ჩაატარებს "სიონი" თავის საშინაო მატჩებს მშობლიურ ქალაქში?
- ფაქტობრივად, ყველა მატჩს სტუმრად ვთამაშობთ! არადა, დარწმუნებული ვარ, ბოლნისში რომ ჩაგვეტარებინა საშინაო შეხვედრები, ბევრად უფრო მეტი ქულა გვექნებოდა: საკუთარი გულშემატკივრის ფაქტორი მაინც ბევრს ნიშნავს. ამ საკითხზე ხშირად მაქვს საუბარი ბოლნისის გამგებელთან, რომელიც დიდად მონდომებულია ამ პრობლემის მოგვარებით.

სამწუხაროდ, ამ სეზონში ვერ მოესწრება, მაგრამ მომავალი ჩემპიონატიდან 99,99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ "სიონი" საშინაო მატჩებს ბოლნისის განახლებულ და რეკონსტრუირებულ სტადიონზე ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია ყველამ ჯიბეები გაივსეს
sadasasd
10:00 16-01-2015
0
სიონს გულით ვგულშემატკივრობდი, მაგრამ რაც მათ ევრო თასების I-ვე შეხვედრაზე ჩაიდინეს, რბილად რომ ვთქვათ დიდი სირცხვილი იყო. იმის მერე მათი გაგონებაც კი .... როგორ გული მენანება, რომ ამათმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხალხის სიკეთისთვის გათვალისწინებული ფული ხარჯეს.
gizog
19:02 15-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული