რუსთავის ”მეტალურგს” ვარლამ კილასონიაც ტოვებს

AutoSharing Option
მაშინ, როცა უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა გუნდი თურქეთში გადის შეკრებას და არცთუ სუსტ უცხოურ კლუბებთან სპარინგ-მატჩებს ატარებს, რუსთავის "მეტალურგის" პრობლემებს ბოლო არ უჩანს; თანაც, რომელ უცხოურ შეკრებაზეა ლაპარაკი, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია ადგილზეც ვერ ახერხებს სრულფასოვანთან ოდნავ მიახლოებული ვარჯიშების ჩატარებას.

ჰო, "მეტალურგის" ფინანსური პრობლემები მართლაც არახალია, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ პრობლემებს ქრონიკული კი არა, ფაქტობრივად, გადაუჭრელი უნდა ვუწოდოთ.

ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ "მეტალურგს" ლამის ყოველდღე ახალ-ახალი ფეხბურთელი ტოვებს და სხვა გუნდში გადადის.

პირველ წრესთან შედარებით, "მეტალურგში"
უამრავი საკადრო ცვლილებაა და დღესდღეობით ძნელი სათქმელია, თუ როგორ შემადგენლობას დაეყრდნობა მეორე წრისათვის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი, ოღონდ, ისიც სათქმელია, თვითონ ვარლამ კილასონია დარჩება თუ არა თავის პოსტზე: მოუმზადებელი და დაუკომპლექტებელი რუსთაველთა გუნდი მეორე წრეში ხომ სრული კრახისათვის არის განწირული.

ამ სეზონის პირველ წრეში, ერთდროულად რამდენიმე მატჩში მართლაც განსაკუთრებული ფაქტი დაფიქსირდა: სტაჟიან რუსთაველ ქომაგსაც გაუჭირდებოდა იმის გახსენება, როცა "მეტალურგის" ძირითად შემადგენლობაში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლ(ებ)ის აღზრდილი 9 (!) ფეხბურთელი გამოჩენილიყო! აი, პირველ წრეში კი ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა, მაგრამ გიორგი ქავთარაძე (ბათუმის "დინამოში"), კახაბერ კაკაშვილი ("ჩიხურაში"), დავით გელაშვილი ("ცხინვალში") და ოთარ კიტეიშვილი (თბილისის "დინამოში") დღესდღეობით უკვე სხვა გუნდებში არიან, ისე, როგორც პირველ წრეში "მეტალურგის" ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი დაჩი ცნობილაძე, რომელიც "სიონში" გადავიდა.

ამ ფეხბურთელების გარდა, რუსთაველთა გუნდი დატოვეს გიორგი ალავერდაშვილმა, ივანე ხაბელაშვილმა, ირაკლი ხუჭუამ და სულ ახლახან - ლაშა მჭედლიშვილმა. თუმცა, "მეტალურგის" დანაკლისი ამით არ ამოწურულა: ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს კარიერას რუსთაველთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი (ასევე ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილი), 22 წლის ვარლამ კილასონია (უმცროსი).

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვარლამ კილასონია (უმცროსი) პირველ წრეში, საერთოდ, უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და თანაგუნდელ დაჩი ცნობილაძესთან ერთად, "ლელომ" პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

...კილასონიების საფეხბურთო ოჯახის ღირსეული გამგრძელებელი (მამა - გია კილასონია, რუსთავის "გორდასა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი) ვარლამ კილასონია (უმცროსი) საქართველოს ჩემპიონატში 2011 წლის დასაწყისში გამოჩნდა, როცა 18 წლის ასაკში ცხინვალის "სპარტაკში" შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხშირად გარემარბადაც გაუმწესებიათ მწვრთნელებს და 2012/13 წლების სეზონში, როცა "სპარტაკმა" პირველი ლიგის გათამაშება დამაჯერებლად მოიგო, ნახევარმცველის კვალობაზე მშვენიერი შედეგიც უჩვენა: 27 მატჩი და 9 გოლი.

თუმცა ამის მერე "სპარტაკის" იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ თავისი გუნდის ერთ-ერთი შედეგიანი ფეხბურთელი ჯერ საყრდენ ნახევარმცველად გადაიყვანა, მერე კი - ცენტრალურ მცველადაც!

...მშობლიურ ქალაქს კი უმცროსი-კილასონია წინა სეზონში, მეორე წრის დაწყების წინ დაუბრუნდა და სადებიუტო მატჩშივე ("ვიტ ჯორჯიასთან") გოლით გამოირჩა. იქიდან მოყოლებული, ამ ჩემპიონატის პირველი წრის ბოლომდე, უმცროსი-კილასონია "მეტალურგის" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, ოღონდ ამ სეზონში ყველა მატჩი ცენტრალურ მცველად ჩაატარა და ჯერ დაჩი ცნობილაძესთან, შემდეგ კი გიორგი ნარიმანიძესთან ერთად ჩინებული "დუეტიც" შექმნა.

პირველ წრეში სამი გოლი გაიტანა და გამორჩეულად უნდა აღვნიშნოთ 2014 წლის 26 სექტემბრის საშინაო მატჩი "ზესტაფონთან", როცა ოთხწუთიან ინტერვალში "დუბლი" შეასრულა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღა ეს და რაღა ზესტაფონი,სხვებს ყველას გაუჩნდათ ფულები,საიდან
qartveli
13:52 03-02-2015
0
წადი კილას წადიი ძმაა მოშორდი აქაურობას
geno
18:01 03-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული