100 ათასი ლარით ჩემპიონთა ლიგაში?! - ნიგერიელი ბიზნესმენის გეგმები საქართველოში

AutoSharing Option
ფოტოზე: კელვინ იტუს ბლეკი და დავით თაქთაქიშვილი

ორი წელია, რაც საქართველოში ნიგერიელი კელვინ იტუს ბლეკი ჩამოვიდა და საფეხბურთო კლუბი "მარკ სტარი" ჩამოაყალიბა. ეს კლუბი რეგიონულ ლიგაში გამოდის. ბლეკი წარმოგვიდგინეს, როგორც ახლო წარსულში ნიგერიის ნაკრების წევრობის კანდიდატი, თუმცა მასზე ინფორმაცია ვერც "ვიკიპედიაში" მოვიძიეთ და ვერც სხვა საფეხბურთო ცნობარებში...

კელვინ იტუს ბლეკი ამბობს, რომ ნიგერიაში ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ბიზნესი აქვს და კლუბსაც ამ შემოსავლით ინახავს. "მარკ სტარის" პრეზიდენტი მედიასაც შეხვდა და გუნდის მთავარ მწვრთნელ დავით თაქთაქიშვილთან ერთად კლუბის განვითარების გეგმებზე ილაპარაკა,
ბოლოს კი, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი სათქმელიც გაამხილა - საქართველოში ვიზის პრობლემა შემექმნაო...

"ორი წელია, რაც ჩვენი პრეზიდენტი საქართველოშია და ფეხბურთში ინვესტირებითაა დაინტერესებული. ახლა მას საქმიანობის გაფართოება და საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება სურს. საამისოდ, "ავაზასა" და "ოლიმპიური მომზადების ცენტრის" მოედნებს ვიქირავებთ, ბავშვების მიღებას კი უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. მიზანი ფეხბურთელების გაზრდა და მათი უცხოეთში გაყიდვაა", - ამბობს დავით თაქთაქიშვილი.

ნიგერიელი ბიზნესმენის თქმით, ტრანსფერები უკვე განახორციელა საბერძნეთში, კვიპროსში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. მისი მიზანი 15-წლიანი იჯარით სტადიონის ქირაობაა და არ მალავს, რომ თვალი მაუდ-კამვოლის ტერიტორიაზე მდებარე "სუკონკას" დაადგა. თაქთაქიშვილი დარწმუნებულია, რომ არენის იჯარით აღების შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტი მას მოაწესრიგებს.

გარდა ამისა, "მარკ სტარის" ხელმძღვანელობა საფეხბურთო აკადემიაში ბავშვებს ფორმებს უფასოდ დაურიგებს და კარგ სავარჯიშო პირობებსაც შეუქმნის, ხოლო ნიჭიერებს - გადასახადებისგან გაათავისუფლებს.

როგორც ნიგერიელი ამბობს, საქართველოში დღემდე 95 ათას ლარამდე დახარჯა, საფეხბურთო აკადემიაში კი 30 ათასის დაბანდებას აპირებს. დაგვეთანხმებით, ეს ფული დღევანდელი ფეხბურთისთვის მიზერია და სერიოზული საქმის წამოწყებას არ ეყოფა.

ბოლოს, "მარკ სტარის" პრეზიდენტმა თქვა, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს - სამხრეთ აფრიკისა და ნიგერიის, რის გამოც წინა ხელისუფლებამ ციხეში აყურყუტა. არც ის დამალა, რომ საქართველოში ვიზის პრობლემა შეექმნა.

"იმედია, საბოლოოდ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება და ვიზას გამიგრძელებენ. არ მინდა, საქართველოში დახარჯული თანხა გადაყრილი აღმოჩნდეს. მე ქართულ ფეხბურთს ვეხმარები, აქ მოთამაშე აფრიკელი ფეხბურთელების 90% ჩემი ჩამოყვანილია.

მეგობრები ევროპაშიც მყავს - ოკოჩა, კანუ და ასე შემდეგ. შემიძლია, ფეხბურთელები ევროპაში წავიყვანო და საქართველოს გამოვადგე", - ამბობს "მარკ სტარის" პრეზიდენტი.

საინტერესოა, რომ კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გუნდის მიზნად ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა გამოცხადებული, რაც 100-ათასლარიანი ბიუჯეტით ძნელი დასაჯერებელია.

ჯერჯერობით კი "მარკ სტარში" მოსაწონი ისაა, რომ ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტებს (თენგიზ სულაქველიძე-უმცროსი, დავით მაჩიტაძე, დავით თაქთაქიშვილი) ასაქმებს. სხვა რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა არ მოეწონა ადმინს ჩემ კომანტარში ასე რომ შეამოკლა?
ის, რომ ჟურნალისტი რომ ხარ ფაქტების გადმოცემის გარდა ანალიზი და დასკვნის დადებაც რომ უნდა შეგეძლოს თუ ის, ეს ნიგერიელი ფულის გასათეთრებლად ჩამოსული რომ მგონია?
Raul
13:04 04-02-2015
0
ვგიჟდები ასეთ სტატიებზე
Raul
11:08 04-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული