გიორგი ხიდეშელი: საბედნიეროდ, დაზიანება ნაოპერაციებ ფეხზე არ მიმიღია

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ხიდეშელი ესპანეთის ნაკრებთან მატჩში

გორის "დილას" მიერ ბუქარესტის "რაპიდთან" მოგებული მატჩისას (1:0), პირველ ტაიმში, ფეხი იტკინა და შესაცვლელი შეიქნა გორელთა 27 წლის უკანახაზელი გიორგი ხიდეშელი.

გეხსომებათ, თავის დროზე ის სწორედ ფეხის ტრავმამ აუქმა კარგა ხანს. მაშინ ის "ზესტაფონში" თამაშობდა და მოლდოვაში, "დაჩიასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ისე დაშავდა, ფეხბურთი კარგა ხანს აღარ უთამაშია. მერე დაბრუნდა, თუმცა კიდევ იტკინა ფეხი და ექიმებმა კვლავ ხანგრძლივი დასვენება გამოუწერეს.

არადა, რომ არა მოლდოვაში მიღებული ტრავმა, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ხიდეშელის კარიერა. "ზესტაფონის" ცენტრალური
მცველის გადაბირება ძალიან უნდოდა კიევის "დინამოს" და მის სანაცვლოდ ერთობ სოლიდური თანხის გადასახდელადაც მზად იყო. ის კი არა, კიეველებს ოფიციალური მიმართვაც კი ჰქონდათ გამოგზავნილი "ზესტაფონში"...

მოკლედ, როცა შევიტყვეთ ხიდეშელის ტრავმის შესახებ, მაშინვე დავუკავშირდით.

"საბედნიეროდ, დაზიანება ნაოპერაციებ ფეხზე არ მიმიღია, მეორე ფეხია. შესაცვლელი კი გავხდი, მაგრამ არა მგონია, რამე სერიოზული იყოს.

ცოტა კი შემისივდა ფეხი. ვნახოთ, გადავიღებ სურათს და ამის შემდეგ უფრო ზუსტად გამოჩნდება ყველაფერი", - გვითხრა 10 თებერვალს ხიდეშელმა, რომლის ანგარიშზეც სამი სანაკრებო მატჩია.

სხვადასხვა დროს მას "თბილისში", "კახეთში", "ზესტაფონში", "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული