"ზესტაფონი": პლუს გიორგი ვასაძე, მინუს ალექსი ბენაშვილი

AutoSharing Option
ახალი ამბებია საქართველოს ორგზის ჩემპიონის, "ზესტაფონის" ბანაკში. იმერული გუნდი ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ემზადება.

დავიწყოთ სამწვრთნელო ამბებით. "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობას ახალი დამრიგებელი ჰყავს - წლების განმავლობაში "მეტალურგისა" და "მარგვეთის" დაცვის ბურჯი თამაზ გაბრიჭიძე. ბოლო დროს ის ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე "ზესტაფონის" უფროს ასაკობრივ გუნდს მოძღვრავდა.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობა უმწვრთნელოდ მას შემდეგ დარჩა, რაც მისი დამრიგებელი გიორგი მიქაძე მთავარ გუნდში დაწინაურდა. უკვე ცნობილია, რომ გაბრიჭიძეს ზესტაფონელ ჭაბუკთა გაწვრთნაში მამუკა ფუტკარაძე და მეკარეთა მწვრთნელი მამუკა მდინარაძე დაეხმარებიან.

"ზესტაფონის" დუბლშემადგენლობა
საქართველოს ჩემპიონატს "გურიასთან" საგარეო მატჩით განაახლებს. გუნდმა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - "სამტრედიის" მეორე გუნდთან 1:2 წააგო, ხარაგაულის "ჩხერიმელასთან" - 3:6, ხოლო ვანის "სულორთან" ფრედ ითამაშა - 1:1.

გარკვეული სიახლეებია "ზესტაფონის" შემადგენლობაში. გუნდი დატოვა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა ალექსი ბენაშვილმა, რომელიც კარიერას ლანჩხუთის "გურიაში" გააგრძელებს. საინტერესოა, რომ ბენაშვილს მეორე წრის პირველივე ტურში მოუწევს ძველ თანაგუნდელებთან დაპირისპირება - "ზესტაფონი" და "გურია" ლანჩხუთში შეხვდებიან ერთმანეთს.

მარგველთა რიგებში მატებაცაა. როგორც გავიგეთ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდის ღირსებას დაიცავს გიორგი ვასაძე. 25 წლის საყრდენ ნახევარმცველს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დამფასებელთა წინაშე წარდგენა არ სჭირდება.

ვასაძის საფეხბურთო კარიერა დედაქალაქურ "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო. "ვეტერინართა" ერთ-ერთი ლიდერი 2013 წელს "მეტალურგში" გადავიდა, რის შემდეგაც რუსთავური კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.

ფინანსურად არცთუ სახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, "ზესტაფონის" შემადგენლობაში საკმაოდ ნორმალურმა კონტინგენტმა მოიყარა თავი. ამ ფეხბურთელებით საკმაოდ რეალურია ამოცანა, რომელსაც მარგველები მეორე წრეში ისახავენ - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული