ზუგდიდი-შუქურა 1:0 - ირაკლი ქობალიას სამქულიანი დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩი დიდ ინტერესს იწვევდა. "ზუგდიდის" მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ მიმდინარე სეზონი ქობულეთის "შუქურაში" დაიწყო და ცხადია, ყოფილ კლუბთან გამარჯვების ჟინი ჰქონდა.

"შუქურაში" არ უთამაშიათ "კურიტიბადან" იჯარით აყვანილ ბრაზილიელებს - ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილებს დასვენებისა და ადაპტაციის საშუალება მიეცათ. "ზუგდიდს" კი ტრავმირებული ვაკო ტყემალაძე და ირაკლი ეხვაია ვერ ეხმარებოდნენ.

მატჩი საინტერესოდ, დაძაბულად და მაღალ ტემპში წარიმართა. პირველი ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ბურთსაც მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდნენ. გელა სანაიას "შუქურა" კი კონტრშეტევებზე თამაშობდა.

ზუგდიდელებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-4 წუთზე შექმნეს - მარცხენა ფლანგიდან ლევან
წურწუმიას
გადაცემის შემდეგ ბურთი კარისკენ დავით მეგრელიშვილმა გადაგზავნა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

მერე სტუმრებმა შეუტიეს - მარჯვენა ფლანგიდან არჩილ ტვილდიანმა გამჭოლი გადაცემით მეკარის საჯარიმოში ზვიად მეტრეველი მოძებნა, რომლის დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. უშედეგო გამოდგა მასპინძელთა შეტევებიც, არადა, გატანა შეეძლოთ შოთა ლომიას, მეგრელიშვილსა და ირაკლი ქობალიას.

პირველ ნახევარში, სტუმრები ზუგდიდელებს კიდევ ერთხელ დაემუქრნენ - უკრაინელი ახალწვეულის, ადრიან პუკანიჩის დარტყმული საგოლე ვერ გამოდგა. 35-ე წუთზე კი ქობულეთელები გადარჩნენ, როცა ლუკა გუგუჩიამ საჯარიმოდან ძლიერად დასცხო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

სტუმრები მეორე ტაიმში გააქტიურდნენ და მათი პირველივე შეტევა სახიფათო გამოდგა. გიორგი ჩელებაძემ "სტანდარტულიდან" დასარტყმელ პოზიციაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი დათა ხოჭოლავა მოძებნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა კარს ააცილა. შედეგი არც მასპინძელი ლევან კუტალიას შორეულ დარტყმას მოჰყოლია - აზამატ ჯიოევი ბურთს ადგილზე დახვდა.

თუმცა ამ უკანასკნელმა "შუქურას" მომდევნო იერიშისას უკვე ვერაფერი გააწყო: წურწუმია-ლომია-კუტალიას სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა ქობალია და შანსი გოლად აქცია... თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა.

შესაძლოა, ქობალიასთვის ეს დამატებით მოტივაციად იქცა. 66-ე წუთზე, წურწუმიამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში გააგრძელა იერიში, სადაც ქობალიამ დასწრებაზე ითამაშა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა და "ზუგდიდში" დაბრუნება გოლით აღნიშნა.

გოლით გამხნევებული ზუგდიდელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ერთ ეპიზოდში, გუგუჩიამ ჩინებული სოლო-რეიდი განახორციელა, საჯარიმო ხაზთან მცველი ტექნიკურად ჩამოიცილა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ჯიოევმა საიმედოდ ითამაშა.

სტუმრებმა ბოლოსღა გამოიდეს თავი. განსაკუთრებით, ლაშა ჩაფიძე და შეცვლაზე შესული თორნიკე თუხარელი გამოირჩეოდნენ.

ბოლო წამებზე "სტანდარტული" სახიფათოდ შეასრულა ჩელებაძემ, რასაც მეკარე მინდია ბობღიაშვილის დროული მოჰყვა.

საბოლოოდ, ზუგდიდელებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს და საგაზაფხულო ეტაპის სტარტზე კარგი განწყობა შეიქმნეს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
21.02. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 1000 მაყურებელი
ზუგდიდი-შუქურა 1:0
გოლი: 1:0 ქობალია (66)
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, პაჭკორია, ღონღაძე, მეგრელიშვილი, კობერიძე, წურწუმია, გუგუჩია (85. ფარჯიკია), ლომია (70. ენდელაძე), კუტალია, ქობალია (90. დ. ქირია).
სათადარიგოები: ივარდავა, კუკავა, რიგვავა, აკობია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
შუქურა: ჯიოევი, ტვილდიანი, მალანია (88. მჟავანაძე), ხოჭოლავა, ჩალაძე, კუხიანიძე, პუკანიჩი, ხუჭუა (60. თუხარელი), ჩაფიძე, ჩელებაძე, მეტრეველი (73. მესხი).
სათადარიგოები: კაკალაძე, ბერუაშვილი, კომახიძე, ტაკიძე.
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ჩელებაძე (33), კუტალია (34), მაჩაიძე (69), კობერიძე (75), წურწუმია (90)
არბიტრი: ბ. ნინუა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 5
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო მატჩები
XVII ტური
28 თებერვალი, შაბათი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
შუქურა-გურია

1-ლი მარტი, კვირა
მეტალურგი-ზუგდიდი
სიონი-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია
ზესტაფონი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
მერანი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
გიორგი კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული