ტორპედო-კოლხეთი 0:0 - ...ოღონდ, არა ასეთი თამაშით

AutoSharing Option
განახლებულ ჩემპიონატს ორივე გუნდი საკმაოდ რთული სატურნირო მდგომარეობით შეხვდა. მე-13 ადგილზე მყოფ "ტორპედოს" "კოლხეთი" მხოლოდ ქულითა და ერთი ადგილით უსწრებდა. ამდენად, უშეღავათო ბრძოლა იყო მოსალოდნელი. ასეც მოხდა - მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ორივე კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა, ოღონდ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერც მასპინძლებმა იყოჩაღეს და ვერც სტუმრებმა.

მოგეხსენებათ, საშემოდგომო ეტაპზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ ქუთაისში ახალი გუნდი შეიქმნა. ადგილობრივი გულშემატკივარი გიორგი დარასელიას კრებულის მიმართ ოპტიმიზმითაა განწყობილი და სჯერა, რომ "ტორპედო" სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებს და ლიდერებში დაბრუნებასაც მოახერხებს, მაგრამ არა
ისეთი თამაშით, რომელიც დარასელიას გუნდმა "კოლხეთთან" აჩვენა.

აშკარაა, რომ "ტორპედოს" შეთამაშების პრობლემა აქვს. ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან, მაგრამ რგოლებს შორის შემაკავშირებელი ძაფები გაწყვეტილია...

მასპინძლებმა მატჩი მძიმედ დაიწყეს. პირველსავე წუთზე ქუთაისელი მცველების შეუთანხმებელი თამაშით გიგა ამბროლაძემ ისარგებლა და მარცხენა ფლანგიდან კარისკენ სახიფათოდ გაგზავნა ბურთი, თუმცა მეკარე ბექა შეყრილაძე საიმედოდ გაისარჯა და ბურთს ნახტომში დაეუფლა.

ქუთათურებმა მეტოქეს ნიკა საბანაძის სახიფათო დარტყმით უპასუხეს - ბურთი ერთ-ერთ მცველს შეეხო და ხარიხას ოდნავ გადასცდა.

მასპინძლებს შეტევაზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული, მაგრამ თავიდან თამაში ვერ დაალაგეს, ფოთელები კი მეტოქეს მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ და ქუთათურებს პრობლემებსაც უქმნიდნენ.

გურამ გურეშიძე მცველებს იოლად გაუსწორდა და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ შეყრილაძემ ბურთი მოიგერია; შემდეგ სტუმართა გამოკვეთილმა ფორვარდმა შოთა ჯიქიამ "გაისროლა" სახიფათოდ, თუმცა მიზანმა უმტყუნა; ცოტა ხანში შეყრილაძეს კიდევ ერთხელ მოუხდა თამაშში ჩართვა, როცა ფოთელთა შორეული და ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ნახტომში მოიგერია.

სტუმართა მორიგი სახიფათო იერიშისას ქუთაისელთა მეკარემ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა. მასპინძელთა ბედად, გია ჩადუნელის თავური მცველს მოხვდა და კარს მცირედით ასცდა...

გამოუყენებელი მომენტების შემდეგ ფოთელებმა კინაღამ საკუთარ კარში მიიღეს ბურთი - კოლხთა კართან არეულობა შეიქმნა, მეკარე საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და ბურთი პირდაპირ ბექა ტუღუშისკენ მოიგერია, ამან კი დაახლოებით 40 მეტრიდან ცარიელი კარისკენ გადაგზავნა ბურთი, მაგრამ... დარტყმა არ გამოუვიდა.

ტაიმის მიწურულს, ქუთაისელთა რიგებში ყველაზე აქტიური დავით კირკიტაძე "მაკრატელათი" ცდილობდა გატანას, თუმცა მისი გარჯაც ფუჭი გამოდგა.

მეორე ტაიმი ქუთაისელთა იერიშებით დაიწყო - სახიფათოდ უტევდნენ საბანაძე, ოთარ კვერნაძე და კირკიტაძე. შემდეგ შოთა ბაბუნაშვილმა ჩააწოდა ჯარიმიდან სახიფათოდ და შეტევაში ჩართული ბაქარ მირცხულავა იყო ახლოს გოლთან, მაგრამ სტუმრები მეკარის სწრაფმა რეაქციამ იხსნა.

უქმად არც ზღვისპირელები ყოფილან - შენგელიასა და კაკულიას სახიფათო დარტყმები მეკარე შეყრილაძემ მოიგერია. შემდეგ უპირატესობა ისევ ქუთაისელთა მხარეს გადავიდა. გოლის გატანა მართებდა კვერნაძეს, რომელიც ქიმაძემ გრძელი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ქუთაისელთა ბომბარდირმა სეფიაშვილს ვერ აჯობა. საპასუხო შეტევისას კი სიჭინავასა და შენგელიას შეექმნათ "ტორპედოს" საჯარიმოში რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ ერთმანეთს შეუშალეს ხელი და შეტევაც ჩაეშალათ.

ქუთაისელებს მატჩის ბოლომდე გოლის გატანის კიდევ რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ან სეფიაშვილი თამაშობდა ჩინებულად, ანდაც მასპინძლებს საბოლოო დარტყმა არ გამოსდიოდათ.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
22.02. ქუთაისი. ტორპედო. 3 500 მაყურებელი
ტორპედო-კოლხეთი 0:0

ტორპედო (4-2-3-1): შეყრილაძე - ბანძელაძე, ჭელიძე, მირცხულავა, ქიმაძე - კლიმიაშვილი, ჩიკვილაძე - კირკიტაძე (59. ზივზივაძე), ტუღუში (46. ბაბუნაშვილი), საბანაძე (79. კვარაცხელია) - კვერნაძე.
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, ქებაძე, ადამაძე, კვასხვაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
კოლხეთი (4-4-1-1): სეფიაშვილი - კილასონია, თევზაძე, ჩადუნელი, ლ. კაკულია - გურეშიძე, გოგონაია, თ. კაკულია (83. ბარამიძე), ამბროლაძე - შენგელია (88. ქორჩილავა) - ჯიქია (46. სიჭინავა).
სათადარიგოები: ძაგანია, გუგუშვილი, ბეჩეხია, გაბისკირია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: ჩადუნელი (69) კილასონია (90)
არბიტრი: დ. სანოძე

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 5
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო მატჩები
XVII ტური
28 თებერვალი, შაბათი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
შუქურა-გურია

1-ლი მარტი, კვირა
მეტალურგი-ზუგდიდი
სიონი-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია
ზესტაფონი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
მერანი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული