ალან ბაგაევი: ჩემში ცოტა ქართულიც არის და "დილაში" ბედნიერი ვარ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, მეორე წრის დასაწყისში გორის "დილას" 23 წლის მცველი ალან ბაგაევი შეუერთდა, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" თასისა და "ცხინვალთან"  ჩემპიონატის მატჩებში "დილას" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ახალგაზრდა მცველი ორივე შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა.

"დილას" ახალწვეულმა კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- გვიამბეთ თქვენზე...
- 1991 წლის 7 აპრილს, ვლადიკავკაზში დავიბადე და იქვე დავიწყე ფეხბურთის თამაში. თავიდან, 7-8 წლისა, მამაჩემმა ჭიდაობაზე მიმიყვანა. გვერდით მოედანი იყო და ფეხბურთს თამაშობდნენ. ბუცები ვიყიდე. ყველას ეგონა, რომ ორთაბრძოლებზე ვვარჯიშობდი, სინამდვილეში კი ფეხბურთზე დავდიოდი (იცინის).

-
თქვენ გორის "დილაში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობთ, თუმცა რუსეთის ჩემპიონატში სხვა პოზიციაზეც თამაშობდით. რომელ ამპლუში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

- რუსეთში ცენტრალური მცველის ამპლუაში დავიწყე თამაში, შემდეგ კი ერთ-ერთმა მწვრთნელმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მომსინჯა. ჩემთვის მისაღებია მარჯვენა და მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშიც, რადგან ვფიქრობ, ბურთის ართმევა ყველა მხრიდან კარგად შემიძლია.

- ჯერ 23 წლის ხართ და შესაბამისად, წინ გაქვთ საფეხბურთო კარიერა. რა არის თქვენი მთავარი მიზანი ფეხბურთში?
- ჩემი მთავარი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა, რაც მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.

- როგორ შეეწყვეთ ახალ გუნდს, ქალაქს? რას იტყვით, ზოგადად, გორის "დილასა" და ჩვენი გუნდის გულშემატკივარზე, როგორ გრძნობთ თავს ახალ კლუბში?
- ჩემი აგენტი დამიკავშირდა და მითხრა გორის "დილას" დაინტერესების შესახებ, თუმცა "ურალთან" ორწლიანი კონტრაქტი ისევ მაკავშირებდა, სადაც მხოლოდ მეორე გუნდში ვთამაშობდი და პირველ შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის მიწევდა ყოფნა. ძალიან დამაინტერესა საქართველომ და გადავწყვიტე, ამ გუნდში მოვსულიყავი, რომელსაც სათავეში ახალგაზრდა და ნიჭიერი მწვრთნელი უდგას.

დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს დიდ სტიმულს მაძლევს.

- როგორი ატმოსფეროა კლუბში?
- ძალიან კარგი ატმოსფეროა, რაც ჩემთვის ცალსახად სასიამოვნოა. არცერთ გუნდში, სადაც მითამაშია, ასეთი ატმოსფერო არ ყოფილა. თუმცა, ამ მხრივ, "ალანიასაც" გამოვარჩევდი, სადაც ფეხბურთელები თამაშის დაწყებამდეც კი ხუმრობდნენ (იცინის).

რაც შეეხება გორს, აქ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები არიან. ერთმანეთის კარგად გვესმის. სხვათა შორის, ქართულიც ვიცი და აქედან გამომდინარე, კომუნიკაციის პრობლემა არც მქონია. ცოტა ქართული ჩემშიც არის და ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში ვირიცხები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, პირველ რიგში ის რომ კავკასიელებს და პირველ რიგში სწორედ ჩვენს მოძმე ოსებს საქართველომ უნდა მისცეს ასპარეზი, მითუმეტეს ქართულ ფეხბურთში, სადაც ყველაზე დიდი გამარჯვებებისა და სიხარულის მომტანნი სწორედ ოსები იყვნენ ქართველებთან ერთად. და სად თუარა გორის დილაში უნდა თამაშობდნენ ოსები, სადაც ყოველთვის ირჯებოდნენ კიდეც. მეორე დადებითი მომენტი არის თვითონ საკმაოდ მაღალი სპორტული კლასი და შესაძლებლობა, რაც ამ ახალგაზრდა ბიჭს აქვს ყველანაირად. თუ ასე გააგრძელებს ეჭვი არ მეპარება დიდ წარმატებას მიაღწევს ისეთი მონაცემების პატრონია და კარგია რომ ამაში სწორედ დილა დაეხმარება და პირიქით. ასე რომ წარმატებები!!!
leo-dzia
22:04 27-02-2015
0
გულით გამიხარდა. კარგია, თუ ოსები გორის "დილაში" და, ზოგადად, ქართულ კლუბებში ითამაშებენ.
ოს-ქართველი
20:23 27-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული