13:00 02-03-2015
მეტალურგი-ზუგდიდი 0:1 - მხოლოდ მონდომება რომ შველოდეს... [VIDEO]
AutoSharing Option
ჰო, "ფოლადის" სტადიონზე 1-ელ მარტს არც შუქი იყო და არც წყალი; მასპინძელთა უხელფასო ფეხბურთელებმაც, რაც შეეძლოთ (განსაკუთრებით, მეორე ტაიმში), გააკეთეს და ერთი-ორჯერ მწვავედაც შეუტიეს ყველა ასპექტში კარგად ორგანიზებულ "ზუგდიდს", მაგრამ გუშინ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელიც ამას უფრო მეტად იმსახურებდა.
არადა, მატჩის ბოლო წუთებზე "ზუგდიდი" შესაძლოა დასჯილიყო კიდევაც და უძვირფასესი ქულები დაეკარგა, თუმცა ასე არ მოხდა და მეორე წრის სტარტზე მოპოვებული ზედიზედ ორი გამარჯვებით ბესიკ შეროზიას გუნდმა სახიფათო ზონა დატოვა! აი, "მეტალურგი" კი ჯერჯერობით ცხრილის შუაშია, მაგრამ ვარლამ კილასონიას გუნდის მომავალს სასიკეთოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი "მეტალურგმა" შექმნა, თუმცა თორნიკე სტეფნიაშვილის დარტყმული ბურთის აღება მინდია ბობღიაშვილს არ გასჭირვებია.
აი, მომდევნო ეპიზოდი კი გოლით დასრულდა: მშობლიურ გუნდში დაბრუნებულმა ლუკა გუგუჩიამ ისე ეფექტურად შეასრულა "სტანდარტული", თქვენი მოწონებული! თუმცა მალე სტუმრებს უიღბლობა დაეწყოთ: ირაკლი ქობალიამაც, დათა რიგვავამაც და ვაკო ტყემალაძემაც მოედანი ტრავმების გამო დატოვეს.
პირველი ტაიმის ბოლომდე ერთი შანსი ჯერ სტუმრებს ჰქონდათ, როცა ლევან წურწუმიას სახიფათო ჯარიმის შემდეგ გრიგოლ ბედიაშვილმა განმუხტა სიტუაცია; აი, მასპინძელთაგან კი "დიდ ფეხბურთში" ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულ რევაზ ბარაბაძეს ბევრად უკეთ მართებდა მარჯვენა ფლანგიდან კონსტანტინე გაბაშვილის ზუსტი პასის ეფექტიანად დაგვირგვინება.
...მეორე ტაიმი სანახაობრივად უფრო უკეთესი გამოდგა და საწყის 15 წუთში "ზუგდიდის" უპირატესობა აშკარაც იყო; დროის ამ მონაკვეთში სტუმრებს ერთმანეთზე უკეთესი 3 შანსი ჰქონდათ, მაგრამ შოთა ლომიას, ცოტნე სამუშიასა და ლუკა გუგუჩიას მცდელობებს სამივე ჯერზე მასპინძელთა გამოცდილი მეკარის, გრიგოლ ბედიაშვილის ჩინებული თამაში აღუდგა წინ.
ლუკა გუგუჩიას (მეორე ტაიმში ცენტრფორვარდად რომ მოგვევლინა) მატჩის მიწურულს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, "დუბლი" შეესრულებინა, მაგრამ ბედიაშვილმა ამჯერადაც იყოჩაღა. თუმცა, მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთი უკვე ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და მასპინძელთა ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც (მონდომება ისედაც რომ არ დაეწუნებოდათ) სწრაფი გადაადგილებებით რამდენჯერმე შეუქმნეს ხიფათი მეტოქეს.
შორი მანძილიდან რამდენჯერმე სცადა გოლის გატანა 18 წლის გიორგი კილასონიამ. მერე შეცვლაზე შემოსულმა 18 წლის გიორგი გოცაძემ სახიფათო გამჭოლი გადაცემა გააკეთა, კუთხურით რომ დასრულდა. გოცაძემ მატჩის ბოლოსკენაც დაგვამახსოვრა თავი, როცა ჩინებული რეიდი ზუსტი პასით დაასრულა, მაგრამ "მეტალურგის" კიდევ ერთ დებიუტანტს, ზაზა ციცქიშვილს საბოლოო დარტყმა (მახვილი კუთხიდან) არაზუსტი გამოუვიდა.
ერთ ეპიზოდში კი როსტომ მიქაუტაძე ცდილობდა თავით ბურთის მეტოქის კარში გადაგზავნას, მაგრამ მასპინძლებმა ვერც ამ შეტევით იხეირეს.
აი, ასე: უფულო და უყველაფრო ახალგაზრდული გუნდი მაქსიმალურად ინდომებს ყველა მატჩის დროს, მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ მონდომება საკმარისი ნამდვილად არ არის...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
01.03. რუსთავი. "ფოლადი". 400 მაყურებელი
მეტალურგი-ზუგდიდი 0:1
გოლი: 0:1 გუგუჩია (23)
მეტალურგი (4-2-3-1): ბედიაშვილი - მიქაუტაძე, ნოზაძე, ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი - სარიშვილი, გ. კილასონია - ჯოხაძე (46. გოცაძე), სტეფნიაშვილი (70. ბ. ოქროპირიძე), გაბაშვილი (46. ციცქიშვილი) - ბარაბაძე.
სათადარიგოები: ნადირაძე, ზ. გელაშვილი, ბიწკინაშვილი, გუჯაბიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ზუგდიდი (4-2-3-1): ბობღიაშვილი - რიგვავა (46. დ. ქირია), პაჭკორია, ლ. ღონღაძე, ენდელაძე - კობერიძე, ტყემალაძე (75. ეხვაია) - გუგუჩია, შ. ლომია, წურწუმია - ქობალია (24. ც. სამუშია).
სათადარიგოები: ივარდავა, ბულია, ფარჯიკია, აკობია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: ლ. ღონღაძე (1), კობერიძე (53), ენდელაძე (71), შ. ლომია (88)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი
ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 6
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.
მომდევნო მატჩები. XVIII ტური
5 მარტი, ხუთშაბათი
გურია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ზესტაფონი
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-შუქურა
სამტრედია-სიონი
ტორპედო-მერანი
6 მარტი, პარასკევი
ზუგდიდი-კოლხეთი
9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული