უკრაინიდან საქართველოში - სატრანსფერო ფანჯრის საომარი სეგმენტი

AutoSharing Option
ფოტოზე: ზამთრის შენაძენებიდან ყველაზე ძვირად ღირებული თბილისის "დინამოს" სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკაა
შეუძლებელია ისეთი ქართველის ნახვა, უკრაინული ტრაგედიის გამო რომ არ წუხდეს. ცხადია, ომმა დაღი ფეხბურთსაც დაასვა, თუმცა პრემიერლიგა მაინც განახლდა. მართალია, მეპატრონეები კბილებით ცდილობენ კლუბების შენარჩუნებას, თუმცა ომი ყველას და ყველაფერს ასუსტებს. როგორც ამბობენ, მომავალი წლიდან მთავარ უკრაინულ ლიგაში, შესაძლოა, მხოლოდ 10 გუნდი დარჩეს...

მოკლედ, საკმაოდ მდიდარ საფეხბურთო ლიგას კრიზისული პერიოდი უდგას, ფეხბურთელები ქვეყნიდან მიდიან... თუკი ადრე ქართველი მოთამაშეები ლუკმაპურის საშოვნელად უკრაინის მოყვარულთა ლიგებში გადასვლაზეც ყაბულს იყვნენ, ახლა უკრაინელები
აქეთ ჩამოდიან.

მარტო ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებმა უკრაინიდან 10 მოთამაშე დაიმატეს, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილია, ზოგიც - უცნობი.

ყველაზე მეტი (4) უკრაინელი ლანჩხუთის "გურიამ" ჩამოიყვანა - დმიტრო ზოზულია, ნიკიტა კონოვალოვი, იური შეველი და დმიტრო ბელოვი. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ეს ფეხბურთელები დაბალ ლიგებში თამაშობდნენ.

3 უკრაინელი თამაშობს "ჩიხურაში", თან უფრო "ხარისხიანები" - დონეცკის "მეტალურგიდან" დუბლშემადგენლობის ბომბარდირი ევგენი ტროიანოვსკი, ლუგანსკის "ზორიადან" პირველი ლიგის "პოლტავაში" განათხოვრებული გიული მანჯგალაძე, რომელიც უკვე გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა და მცველი სერგეი ლუბჩაკი, ვინც ბოლოს კრივოი როგის "ხიმკიში" (პირველი ლიგა) აგორებდა ბურთს.

თბილისის "დინამომ" მხოლოდ ლიბორ ჰრდლიჩკა დაიმატა. ზაპოროჟიეს "მეტალურგის" სლოვაკი მეკარე ჩვენი ჩემპიონატისთვის კარგი შენაძენია.

იმავეს ვიტყვით ქობულეთის "შუქურას" საყრდენ ნახევარმცველ ადრიან პუკანიჩზე, რომელსაც თვით უკრაინის ნაკრებსა და დონეცკის "შახტარში" უთამაშია.

მაგრამ ჩამოსულებში არიან ისეთებიც, რომელთაც აქამდე არავინ იცნობდა - მაგალითად, მარტვილის "მერანის" მოთამაშე ევგენი კუშნირი.

გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, უკრაინიდან ჩამოსული ლეგიონერების სატრანსფერო ღირებულება ასე გამოიყურება:

ფეხბურთელი კლუბი თანხა*
1. ლიბორ ჰრდლიჩკა დინამო თბ 0,440
2. ადრიან პუკანიჩი შუქურა 0,352
3. იური შეველი გურია 0,176
4. დმიტრო ზოზულია გურია 0,132
5. ევგენი ტროიანოვსკი გურია 0,088
6. დმიტრო ბელოვი გურია 0,088
7. სერგეი ლუბჩაკი ჩიხურა 0,066
8. გიული მანჯგალაძე ჩიხურა 0,022
9. ევგენი კუშნირი მერანი ?
10. ნიკიტა კონოვალოვი გურია ?
* თანხა ევროებში

უკრაინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ადრიან პუკანიჩი ფიქრობს, რომ ქართულ გუნდებს არსებული ვითარებით სარგებლობა შეუძლიათ:

"ახლა ყველამ იცის, უკრაინაში რა ვითარებაც არის. კრიზისი ყველას დაეტყო. აღმოსავლეთუკრაინული კლუბების უმრავლესობა იშლება ან ძალიან ახლოსაა ამგვარ პერსპექტივასთან, რადგან ომის დროს ფეხბურთისთვის არავის სცხელა.

ბევრი საინტერესო ფეხბურთელი უგუნდოდ დარჩა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი მოთამაშის ჩამოყვანა შეიძლება. მარტო იმიტომ, რომ ყველამ იცის - საქართველო უკრაინისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა", - ამბობს პუკანიჩი.

ამ აზრისაა საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ ფოცხვერიაც, რომელიც უკრაინიდან ომს გამოექცა:

"ომამდე სელექციონერად ვმუშაობდი და ვიცი, ლუგანსკსა თუ დონეცკში უგუნდოდ რამდენი ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშეა. თუ ქართულ გუნდებს მათი ჩამოყვანის სურვილი გაუჩნდებათ, სიამოვნებით დავეხმარები.

შესაძლოა, დღეს საქართველო პირობებით ვერავის აოცებს, მაგრამ ახლა მათთვის მთავარია, ომს გაერიდონ და ფორმა შეინარჩუნონ.

ბევრმა არ იცის, მე რომ საქართველოში ჩამოვედი, თორემ დარწმუნებული ვარ, გუნდის მოძებნას თავად მთხოვდნენ. ქართულ გუნდებს შრომისმოყვარე უკრაინელების ჩამოყვანა არ აწყენდათ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ გავიდა ევროპაზე ჯერ საკითხავია, ლიგაზე აღარაფერს ვამბობ
g
04 მარტი 2015 16:17
0
ძალიან სუსტი მეკარე არის ჰრდლიჩკა da aseve centrforvardi legioneri saxeli damaviwyda dzalian susti!!!! da ase europa ligaze verafers vizavt championta ligaze rom araferi vtqvat saswrafod moashoret gundidan!!! memgoni tqvenc xedavt turqetshi da wina tamashebi rogor itamasha!!!
svani
04 მარტი 2015 15:16
0

სიახლეები პოპულარული