15:02 16-03-2015
ზესტაფონი-სიონი 4:2 - ოთხთვიანი პაუზის შემდეგ... [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა თავიდანვე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბოლნისელთა პირველსავე დარტყმას გოლი მოჰყვა - დათა სიჭინავამ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო და ბურთი მასპინძელთა კარში გაახვია.
მიქაძის შეგირდებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - გიორგი ილურიძის აქტიურობისა და ფირუზ მარაქველიძის გადაცემის შემდეგ სიხარულიძემ შანსი არ დაუტოვა მირზა მერლანს. იქვე, ზესტაფონელებს წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ გურამ სამუშიას ძალზე სახიფათო თავური მცირედით ასცდა მიზანს.
ამის შემდეგ ბოლნისელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა და ბურთზე კონტროლის დამყარება სცადეს, მაგრამ შუა ხაზში შეცდომებს უშვებდნენ, რაც ზესტაფონელებს მწვავე შეტევების განხორციელების საშუალებას აძლევდა. ამას სტუმართა მეკარის არცთუ დამაჯერებელი თამაშიც დაემატა - მერლანი ზედიზედ ორჯერ შეცდა გამოსვლაზე: პირველად, სტუმრები გოლისგან მცველებმა იხსნეს, მაგრამ მეორე ეპიზოდში მერლანის შეცდომით სიხარულიძემ ისარგებლა, დუბლი გაიფორმა და მასპინძლები დააწინაურა - 2:1.
"ზესტაფონი" კიდევ უფრო მწვავედ უტევდა. ყურადღების ცენტრში ისევ სიხარულიძე მოექცა, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან ზედიზედ ორჯერ კარისკენ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ორჯერვე მცირედით ააცილა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში სტუმრებს ორჯერ ჰქონდათ ისეთი ეპიზოდი, რომელსაც შეეძლო, მატჩის სცენარი წაღმა შეეტრიალებინა, მაგრამ ბოლნისელებმა ჯერ რობაქიძის შეცდომით ვერ ისარგებლეს, შემდეგ კი სიჭინავამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჯაბა უგულავა, რომელიც ოდნავ მახვილი კუთხიდან ურტყამდა და ზესტაფონელთა ახალგაზრდა მეკარე დავით კუპატაძემ რთული ბურთი მოიგერია.
კარგი მატჩი ჩაატარა "ზესტაფონის" ვეტერანმა მცველმა ოთარ ხიზანეიშვილმა - დაცვაში საიმედო თამაშის გარდა, მან ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი მერლანის კარის "ცხრიანში" გაახვია და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა.
მესამე გოლის შემდეგ "ზესტაფონი"კიდევ უფრო მწვავედ უტევდა. კარგად ჩაერთო თამაშში ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი ბერიძე, რომელიც ბევრს მოძრაობდა და მეოთხე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მისი გადაცემის შემდეგ ილურიძეს მცველებმა შეუშალეს ხელი დარტყმაში, მაგრამ ბურთი დავით მთივლიშვილს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოში ისევ ილურიძეს უპასა და ზესტაფონელთა ფორვარდმა, ამჯერად, კარში ზუსტად დაარტყა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ მთივლიშვილის ძალიან კარგი გარჯა - ის მარჯვენა ფლანგის ბატონ-პატრონი იყო და დიდი წვლილიც შეიტანა საკუთარი გუნდის წარმატებაში.
"ზესტაფონს" მეოთხე გოლის შემდეგაც არ უფიქრია ტემპის დაგდებაზე. მასპინძლებს ბოლნისელებიც აჰყვნენ გახსნილ თამაშში და მომენტები ორივე კართან შეიქმნა - კუპატაძემ სასწაულებრივი ბურთი აუღო შეცვლაზე შესულ სოსო ჭიკაიძეს.
ბოლნისელებმა მაინც შეძლეს ანგარიშში სხვაობის შემცირება, როცა ბოლოსწინა წუთზე ჭიკაიძის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა გიორგი მიქაბერიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ გიორგი მიქაძე საკუთარი გუნდის გარჯითა და შედეგით კმაყოფილი იყო, ბოლნისელებს კი დანა პირს არ უხსნიდათ. ლადო ბურდულის თქმით, არაპროფესიონალიზმისა და უჯიგრო თამაშის გამო "სიონის" ფეხბურთელები ფინანსურადაც დაჯარიმდებიან.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
13.03. ზესტაფონი. "დ. აბაშიძე". 1 200 მაყურებელი
ზესტაფონი-სიონი 4:2
გოლები: 0:1 სიჭინავა (6), 1:1 სიხარულიძე (10. მარაქველიძის პასით), 2:1 სიხარულიძე (27), 3:1 ხიზანეიშვილი (58), 4:1 ილურიძე (67. მთივლიშვილის პასით), 4:2 მიქაბერიძე (89. ჭიკაიძის პასით).
ზესტაფონი (4-4-2): კუპატაძე - მთივლიშვილი, რობაქიძე, ხიზანეიშვილი, გაგგოშიძე - სამუშია (53. ბერიძე), ვასაძე, მარაქველიძე (24. გაჩეჩილაძე), რაჟამაშვილი - ილურიძე (68. კვირკვია), სიხარულიძე.
სათადარიგოები: ჯალაღონია, ლომაია, ნემსაძე, ჯერემია
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
სიონი (4-4-1-1): მერლანი - ფოფხაძე (46. მიქაბერიძე), ცნობილაძე, გურეშიძე, საჯაია - გაფრინდაშვილი (34. ქებურია), ჭანკოტაძე, ცხადაია, ლობჯანიძე - სიჭინავა - უგულავა (59. ჭიკაიძე).
სათადარიგოები: ბათიაშვილი, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი, გოგობერიშვილი
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილება: ცხადაია (29), ფოფხაძე (35), გაგოშიძე (39), ქებურია (79), კვირკვია (83)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
მომდევნო (XX) ტური
18 მარტი, ოთხშაბათი
სამტრედია-ზესტაფონი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-მეტალურგი
გურია-დილა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-შუქურა
ტორპედო-ცხინვალი
ზუგდიდი-მერანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული