11:03 19-03-2015
გურია-დილა 0:0 - "დილამაც" ვერ დაუღამა [VIDEO]
AutoSharing Option
არა, 25 წლის შემდეგაც, ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობისა და მაყურებელთა დასწრების შემხედვარე, მაინც გვარიანად მოვიდა ლანჩხუთელი ქომაგი საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად, თუმცა თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ლამაზი თამაში ვერ იხილა.
ლანჩხუთელებმა გორელები წელსაც შეაჩერეს - გასულ სეზონში თუ ეს ერთგვარ სენსაციად ჩაითვალა ("ჩელე არენაზე" "გურიამ" ევროსარბიელზე ნაქები "დილა" 2:0 დაამარცხა), "გურიამ" ეს წელი ისე დაიწყო, "დილას" სიფრთხილე მთელი თამაში ეტყობოდა - მეტოქის დარად, მოგებაზე კი ფიქრობდა, მაგრამ თავს არწასაგებადაც გვარიანად იზღვევდა. ამიტომაც იყო, თითქოს გახსნილ თამაშში მწვავე მომენტები თითქმის რომ არ იქმნებოდა.
პირველი ხიფათი სტუმრებისა იყო - მიხაილ გორელიშვილის ჩაწოდებული მცველებმა გამოიტანეს და ნიკა კვეკვესკირის დამატება აუღებელთა კატეგორიას ნაღდად არ განეკუთვნებოდა.
მერე ვილი ისიანმა გააძვრინა მცველებს შორის ბურთი, მაგრამ დარტყმას ის ძალა ვერ მისცა, პრობლემა უკვე გიორგი სომხიშვილს რომ შექმნოდა.
ერთხელ თორნიკე მოსიაშვილმაც სცადა გატანა, მაგრამ წინა საშინაო მატჩებში ორი სამქულიანის "მსროლელს" მიზანმა უმტყუნა.
უკეთესი შანსი კი ტაიმის მიწურულს გურულებს მაშინ მიეცათ, როცა ალეკო კოშკაძის ჩაწოდებულს გიგა ჭეიშვილმა თავი შეაგება - ბურთი კარს ზემოდან გადაევლო.
თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. გორელებს თითქმის არაფერი გამოსდიოდათ საიმედოდ მოთამაშე "გურიის" მცველებთან - ერეკლე კილაძე და ბუკა ცინცაძე საიმედოდ ზღუდავდნენ ცენტრალურ ზონას, ფლანგებიდან კი სტუმრებს ღირებულის შექმნა უჭირდათ.
ერთხელ იყო ეპიზოდი, როცა "გურია" ხიფათს გადაურჩა - დასწრებაზე ლუკა რაზმაძეს მცველებმა "დაუფარეს".
თითქმის არ ჰქონდა საქმე მიხეილ გოგუაძეს, თუმცა "გურიის" მეკარე მეტოქესთან შეჯახებისას ისე დაშავდა, შესაცვლელი გახდა. არადა, მას ყველაზე გრძელი მიმდინარე "მშრალი" სერიის (333 წუთი) გაგრძელება 360 წუთამდე შეეძლო, რაკი მის შემცვლელსაც არ დასდგომია ჯაფა - რატი იმერლიშვილმა ვაჟიშვილის დაბადება ასევე კარის უვნებლად შენახვით აღნიშნა.
ვერც "გურია" ქმნიდა საგოლე მომენტებს: მატჩის მიწურულს ისიანს მეკარემ აუღო, ერთხელაც ვილიმ მეკარის ბაქანში ბურთი ვერ მოიხელთა და "დილა" საფრთხეს გადაურჩა, ხოლო კოშკაძის პასზე შალამბერიძეს თავი უკეთ რომ დაეხვედრებინა...
სულ ბოლოს "დილამ" მწვავედ შეუტია, ერთხელ გაიტანა კიდეც, ოღონდ თამაშგარედან და სტუმრებმა საჯარიმოში წაქცეული ირაკლი მოდებაძის გაფრთხილებისას (სიმულაციის მოტივით) მსაჯთან ის დავა გააგრძელეს, ლამის პირველი წუთებიდან რომ დაიწყეს. არადა, დავით ხარიტონაშვილს შეცდომა თითქმის არ დაუშვია.
მისმა სასტვენმა კი 0:0-თან ერთად ისიც დააფიქსირა, რომ "გურიამ" "დილა" შეაჩერა, ხოლო "დილამ" ლანჩხუთელთა წაუგებელი საშინაო სერია - ვერა...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
18.03. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე"
გურია-დილა 0:0
გურია (4-5-1): გოგუაძე (63. იმერლიშვილი) - ჭეიშვილი, ე. კილაძე, ბ. ცინცაძე, მჭედლიშვილი - ინგოროყვა (63. ბენაშვილი), მოსიაშვილი, ზოზულია, კოშკაძე, შალამბერიძე - ისიანი (88. მათიაშვილი).
სათადარიგოები: გოგიაშვილი, გაბრიჩიძე, შეველი, წილოსანი
მწვრთნელი: თემურ ლორია
დილა (4-3-2-1): სომხიშვილი - ხურცილავა, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, მარიჩი - რაზმაძე (52. წიქარიძე), ფალავანდიშვილი, გვალია (56. სეთურიძე) - ახალკაცი, გორელიშვილი - კვეკვესკირი (86. მოდებაძე).
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ერისთავი, თექთურმანიძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ხურცილავა (43), შალამბერიძე (45+2), ჭეიშვილი (54), მოსიაშვილი (73), მოდებაძე (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დილამ საიტი გააუქმა თუ რა ხდება?რამე ხოარ იცის ვინმემ?
0
0
დაწერთ ხოლმე თამაშს რამდენი მაყურებელი დაესწრო.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული