შუქურა-ზესტაფონი 3:1 - ...თორემ მერე გვიან იქნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქობულეთის "შუქურას" გულშემატკივრები ხუმრობენ - ახლა რა გვიჭირს, ბრაზილიელები და უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი (ადრიან პუკანიჩი) ჩამოვიყვანეთ და მათ მესხითა და მეტრეველით დავხვდითო...

ხუმრობა იქით იყოს და, "შუქურას" საქმეები მეორე წრეში მართლაც კარგად მიდის, გუნდი გაძლიერდა, ახალი მწვრთნელი გელა სანაიაც კარგად მოერგო კლუბსა და გარემოს. შედეგად, ქობულეთელებმა მეორე წრე ძალიან კარგად დაიწყეს, ექვსიდან 4 მატჩი მოიგეს და მე-6 ადგილზე აღზევდნენ.

სანაიას გაწვრთნილებმა ამჯერადც დამაჯერებლად მოიგეს, თანაც ისე, რომ მეტოქემ პრესტიჟის გოლის გატანა მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლო, მაგრამ მასპინძლებს "ზესტაფონი" საკმაოდ
დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას და ანგარიში მხოლოდ 61-ე წუთზე გაიხსნა, როცა კარის ბადე თორნიკე თუხარელმა (რომელიც საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს) შეარხია - მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და შორეულ, დაბალ კუთხეში გაიტანა.

10 წუთიც არ იყო გასული და გუნდის კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ ქობულეთელთა უპირატესობა, ეფექტური გოლით, კიდევ უფრო გაზარდა - 2:0.

ორიოდე წუთში კი, პუკანიჩის ყუმბარისებური დარტყმითა და "ცხრიანში" გატანილი გოლით ცხადი გახდა, რომ "შუქურა" სტუმარს არაფერს გაატანდა.

ცხადია, ზესტაფონელებს შვებას ვერც მალხაზ გაგოშიძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი მოჰგვრიდა.

მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ამ შეხვედრას "ზესტაფონი" მეტოქისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებაში შეხვდა და შედეგი ლოგიკურიც იყო. ის, რაც ახლა იმერულ კლუბში ხდება, მთლიანად ჩვენი ფეხბურთის სირცხვილია. დაპირების მიუხედავად, ქალაქის მუნიციპალიტეტი "ზესტაფონს" მაინც ვერ ეხმარება. მიზეზიც ცნობილია: იურიდიულ კომიტეტში საბუთებში მცირე დარღვევები აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ კლუბის დაფინანსების უფლება არ აქვთ.

ცხადია, ეს ყველაფერი გუნდის თამაშსა და შედეგებზე მოქმედებს.

კარგად გვესმის, რომ იურიდიულ ნორმებს ვერავინ დაარღვევს, მაგრამ საინტერესოა, მუნიციპალიტეტს კლუბისა და, ზოგადად, რაიონში ფეხბურთის მოკვლის უფლება თუ აქვს?

გაჭირვებულს დახმარება სჭირდება, თორემ მერე გვიან იქნება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
22.03. ქობულეთი. "ჩელე არენა". 1 500 მაყურებელი
შუქურა-ზესტაფონი 3:1
გოლები: 1:0 თუხარელი (61), 2:0 ჩელებაძე (70), პუკანიჩი (72), 3:1 გაგოშიძე (87)

შუქურა (4-2-3-1): ჯიოევი - ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი - კუხიანიძე პუკანიჩი - დორნელესი (81. ც. მესხი), ჩელებაძე, თუხარელი (85. ხუჭუა) - ვიკტორი (62. მეტრეველი).
სათადარიგოები: კაკალაძე, ტაკიძე, ტუღუში, მჟავანაძე
მწვრთნელი: გელა სანაია
ზესტაფონი (4-4-2): კუპატაძე - მთივლიშვილი (75. გაჩეჩილაძე), ლ. მჭედლიშვილი, ხიზანეიშვილი, გაგოშიძე - რაჟამაშვილი, ვასაძე, სიხარულია, კვირკვია (71. ჯერემია) - გ. სამუშია (71. ბერიძე), ილურიძე.
სათადარიგოები: ჯალაღონია, რობაქიძე, ლომაია, ნემსაძე, ჯერემია
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: ჩალაძე (12), სამუშია (42), ხიზანეიშვილი (85)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო (სირია).

მომდევნო (XXII) ტური
3 აპრილი, პარასკევი
გურია-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-ცხინვალი
სამტრედია-შუქურა
ზესტაფონი-მეტალურგი
ჩიხურა-მერანი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-ტორპედო
დინამო (თბ)-დილა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 8
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული